ბილბაოში სეზონები და ამინდი ესპანეთის სხვა მხარეებისგან განსხვავებულია. აქ წვიმა ნებისმიერ დროს შეიძლება მოვიდეს. ამ ადგილს ტყუილუბრალოდ არ უწოდებენ “მწვანე ესპანეთს”. როგორც წესი, ზაფხული ცხელი და თბილია. გაზაფხული და შემოდგომა კი ისეთივე იდილიური არაა, როგორც სამხრეთ ესპანეთში. ამ დროს იცის ღრუბლიანობა და წვიმები. თუმცა, ამინდის გაფუჭების შემთხვევაში მომხიბვლელი ბილბაო მუზეუმებს, გალერეებს და ტაპას ბარებს გთავაზობთ.

ბილბაო იდეალური მიმართულებაა გრძელი უიქენდისთვის. ის არაა ისეთივე ამაფორიაქებელი როგორც მადრიდი და ბარსელონა, მაგრამ არც ისეთი პატარა, რომ ყველაფერი ერთ დღეში მოიაროთ. ოპტიმალური აზრია 3 ან 4 დღე. თუ აქ უფრო მეტი დროით ხართ, წადით სან სებასტიანშიც, რომელიც ბილბაოდან 80 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს.

ბილბაოს აეროპორტიდან ქაალქში ავტობუსით (A3247) 25 წუთში მოხვდებით. ბილეთის ღირებულება სულ რაღაც სამი ევროა. ბილბაო-აბანდოს სარკინიგზო სადგურზე მოდიან მატარებლები მადრიდიდან და ბარსელონადან. ბილბაო საფეხმავლო ქალაქია. მდინარე ნერვიონი ქალაქის ცენტრის და ისტორიული ძველი უბნის სასიცოცხლო არტერიაა.

ტოპ აქტივობები ბილბაოში

გრანდიოზული გუგენჰეიმის მუზეუმი

1997 წელს გახსნილი გუგენჰეიმის მუზეუმი ევროპის კულტურულ რუკაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ცნობილი არქიტექტორის, ფრანკ გეჰრის მიერ დაპროექტებული ეს შენობა ბილბაოს დიადი საზღვაო ისტორიითაა შთაგონებული. ინტერიერიც არანაკლებ გაოცებულს დაგტოვებთ, რადგანაც გამორჩეული მონუმენტური ნამუშევრები შემოგეგებებათ.

აღმოაჩინეთ ძველი უბანი

ვიწრო შუასაუკუნეების ქუჩებით, მე-14 საუკუნის გოთიკური სანტიაგოს კათედრალით და მე-19 საუკუნის პლაზა ნუევათი ცნობილი ძველი უბანი ბილბაოს ყველაზე საოცარი ადგილია. ჩაუარეთ მაღაზიებს, ბარებს, ბუტიკ სასტუმროებსა და დატვირთულ კაფეებს, მოუსმინეთ ქუჩის შემსრულებლებს და განსაკუთრებულ სამყაროში გადაინაცვლებთ.

იხილეთ შთამბეჭდავი ხედები

ბუნებით გარშემორტყმული ბილბაო სიმაღლიდან კიდევ უფრო ლამაზია. გადადით ლა სალვეს ხიდზე და დატკბით ხედებით გუგენჰეიმის მუზეუმსა და მდინარეზე.

დააგემოვნეთ პინტჰოსი

ბარის სნექები ესპანეთში საკმაოდ პოპულარულია. ბილბაო კი გამოირჩევა პინტჰოსებით. პატარა ზომის პურებზე წამოცმული სხვადასხვა პროდუქტი საკმაოდ გემრიელი მისაყოლებელია სასმელთან. პიტჰოსის ბარებს მთელ ქალაქში აღმოაჩენთ.

ისარგებლეთ მაღალი ხიდით

პორტთან ახლოს მდებარე ვიზცაიას ხიდი (Vizcaya Bridge) მასიური ნაგებობაა, რომელზე ჩამოკიდებულ გონდოლასაც მგზავრები ერთი ნაპირიდან მეორეზე გადაჰყავს. მისი თაღების სიმაღლეა 45 მ.

იგრძენით სპორტული ჟინი საფეხბურთო მატჩზე

ატლეტიკის ბილბაო ცნობილი საფეხბურთო გუნდია, რომლის გულშემატკივრებიც დიდი ვნებით გამოირჩევიან საყვარელი გუნდის მიმართ. მიიღეთ განსხვავებული გამოცდილება სან მამესის სტადიონზე, რომელიც ქალაქის ცენტრის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.

გაიარეთ ევროპის უდიდეს გადახურულ საჭმლის ბაზარში

მერკადო დე ლა რიბერა 1929 წელს აშენდა და ევროპის უდიდესი დახურული ბაზარია. ამ ელეგანტურ არდ-დეკოს არქიტექტურის მქონე შენობაში ადგილობრივი პროდუქცია და ზღვის პროდუქტები დაგხვდებათ, ასევე პატარა კაფე-რესტორნები.