ევროპულ ქალაქებში გვხიბლავს ისიც, რომ ისინი ისტორიას თვალწინ გვიცოცხლებენ. აქ აღმოაჩენთ მაგიურ გოთიკურ სასახლეებს და ეკლესიებს, შუასაუკუნოვან ხეივნებს, ანტიკურ შედევრებს და სრულიად აღდგენილ კულტურულ ძეგლებს. შენმა მეგზურმა 10 საუკეთესო მაგალითი შეგირჩიათ:

1. ავინიონი, საფრანგეთი

ავინიონი გოთიკური არქიტექტურითაა ცნობილი. მასში შებიჯება გაცოცხლებულ ისტორიულ წიგნში შებიჯებას ჰგავს. აქ წარსული თითოეულ ქვაფენილიან ქუჩაზეა აღბეჭდილი. ეს ციხესიმაგრე-ქალაქი მდინარე რონზეა გაშენებული და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს. მის ისტორიას გაეცნობით ევროპის უდიდეს გოთიკურ სასახლეშიც (Palais des Papes).

2. ვალეტა, მალტა

კედლებით გარშემორტყმული ქალაქი ვალეტა ბაროკოს არქიტექტურას და სასახლეებს აერთიანებს. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ ამ ქალაქს დრამატული ისტორია აქვს, რომელიც მე-16 საუკუნით თარიღდება. იხილეთ გასაოცარი სან ჯონის კათედრალი და კარავაჯოს შედევრები. ქალაქის ვიწრო ქუჩები დიდ ნავსადგურს უერთდებიან. პაოლინას და როსელის ისტორიული რეზიდენციები განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ამ ანტიკურ კუნძულოვან ქალაქს.

3. ტირანა, ალბანეთი

ეს ევროპული მემკვიდრეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ტირანა წარსულს და ცოცხალ აწმყოს ჰარმონიულად აერთიანებს. მისი ამბები იმ არქიტექტურაშია აღბეჭდილი, რომლებსაც ოტომანური ფესვები და კომინუსტური ეპოქის ბრუტალურობა ახასიათებთ. მოინახულეთ ტირანას სასახლე და საპრეზიდენტო რეზიდენცია, გაისეირნეთ ქალაქის ფერად ქუჩებში და ყოფილ ვილებთან, რომლებიც დღეს სასტუმროებათაა გადაკეთებული.

4. ბათი, ინგლისი

ინგლისის ქალაქ ბათში ისტორია თითოეული ლანდშაფტის განუყოფელი ნაწილია. აქ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანილი რომაული აბანოები მდებარეობს, ანტიკური ცივილიზაციების საოცრება. ქალაქის ელეგანტურობა გამოკვეთილია მის არქიტექტურაშიც. ქუჩის ყოველი კუთხე წარსულ ეპოქაში გადანაცვლებას გპირდებათ.

5. ტალინი, ესტონეთი

ეს ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საუცხოოდ შემონახული შუა საუკუნეების ქალაქია. მისი ძველი უბანი იუნესკოს მიერაა დაცული. იხილეთ მისი ისტორიული ქუჩები, ვაჭრების სახლები და ეკლესიები. აქ ისტორია კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. გირჩევთ ტოომპეას ციხესიმაგრეს, გოთიკურ ტაძრებს და მერიის შენობას პანორამული ხედებისთვის. გაისეირნეთ ქალაქის კედლებთან და წარმოიდგინეთ ცხოვრება საუკუნეების წინ.

6. სიბიუ, რუმინეთი

რუმინეთის ამ ქალაქს ზედა და ქვედა ნაწილი აქვს: ზედა დიდი მოედნებით გამოირჩევა, ხოლო ქვედა ქვაფენილიანი ქუჩების და ფარული ეზოების ლაბირინთია. შუა საუკუნეების კედლებით გარშემორტყმული ცენტრი გერმანულ-საქსონურ წარსულს ასახავს ცოცხალი რუმინული აწმყოთი. ამ მდიდარ მემკვიდრეობას იგრძნობთ ბრუკენტალის ეროვნულ მუზეუმშიც.

7. კრაკოვი, პოლონეთი

პოლონეთის ყოფილი სამეფო დედაქალაქი წარსულს მხრებით ატარებს. მისი უნიკალური და ფერადი ისტორია აღბეჭდილია ვეიველის ციხესიმაგრეში და მთავარი ბაზრობის მოედანზე, რომელიც ევროპის უდიდესი შუასაუკუნეების მოედანია. აღმოაჩინეთ ანტიკური ბაზრობა (Cloth Hall) სადაც ვაჭრები საუკუნეებია რაც თავის ნაწარმს ყიდიან. მოუსმინეთ წმ. მარიას ბაზილიკის ზარებს, რაც ცოცხალი ტრადიციაა მე-14 საუკუნიდან. მოინახულებთ ასევე ოსკარ შინდლერის ქარხანას, ებრაულ კვარტალს და მემორიალს.

8. დუბროვნიკი, ხორვატია

ადრიატიკის ზღვის სანაპიროზე მდებარე ხორვატიის ულამაზესი ქალაქი არის ადგილი, სადაც ისტორია მთავარ როლს თამაშობს. “ადრიატიკის ეს მარგალიტი” კოლოსალური მე-12 საუკუნის კედლებით და ბაროკოს შენობებით ქალაქის წარსულს ამოგაცნობინებთ. აღსანიშნავია დუბროვნიკის მდიდარი საზღვაო ისტორიაც. ძველი პორტიდან მიდით ონოფრიოს შადრევნამდე და თითოეულ კუთხეში სილამაზეს აღმოაჩენთ.

9. ბრიუგე, ბელგია

ერთ დროს ძლევამოსილი სავაჭრო ჰაბი დღეს თავის შარმს მომნუსხველად ავრცელებს. მისი გოთიკური არქიტექტურის და უნიკალური ატმოსფეროს წყალობით თითქმის არავინ მიდის ბრიუსელიდან ბრიუგეს მონახულების გარეშე. ვიწრო ქუჩები და წყლის არხები წარსულში გადაგანაცვლებენ. მოინახულეთ ღვთისმშობლის ტაძარი,ს ადაც მიქელანჯელოს “მადონა ყრმითაა” წარმოდგენილი.

10. სეგოვია, ესპანეთი

ისტორია და მაგიურობა სეგოვიაში მჭიდროდაა ერთმანეთთან დაკავშირებული. ესაა ქალაქი, სადაც რომაული ხელოვნება და სამეფო სიდიადეა აღბეჭდილი. მის ქუჩებზე არსებული მონუმენტებით თავს ზღაპარში წარმოიდგენთ. სეგოვიას აკვედუკი კი ნამდვილად ინჟინერული საოცრებაა, რომელიც ქალაქის ცენტრში დომინირებს. აღსანიშნავია, სეგოვიას ალკაზარის სასახლეც, რომელიც  დისნეის “კონკიას” შთაგონება გახდა.