ნიკარაგუის ყოფილი დედაქალაქი გრანადა ესპანური კოლონიური ეპოქის არქიტექტურის შთამბეჭდავი და შესანიშნავად შემონახული ქალაქია. მისი ფერადი შენობები და დეკორატიული შესასვლელები თითქოს თავად გიბიძგებთ, ყველა კუთხეში გადაიღოთ ფოტო. ქალაქის ცენტრში გრანადის ცნობილი კათედრალი აღმართულა: მკვეთრი ყვითელი ფასადითა და წითელი გუმბათებით.
გრანადის ცოცხალ ქუჩებში სეირნობა ნიკარაგუაში მოგზაურობის ერთ-ერთი გამორჩეული გამოცდილებაა. ის ამერიკის კონტინენტზე ევროპელების მიერ დაარსებულ ერთ-ერთ უძველეს ქალაქად ითვლება და მისი ისტორია დღემდე ქალაქის თითქმის ყველა კუთხეში იგრძნობა. ისტორიით დაინტერესებული მოგზაურები აქ მდიდარ კათოლიკურ მემკვიდრეობასა და უამრავ ადგილობრივ ლეგენდას აღმოაჩენენ.
თუმცა გრანადა მხოლოდ წარსულით არ ცხოვრობს. დღეს ის ცოცხალი ქალაქია, ძლიერი ადგილობრივი იდენტობითა და კულტურით, სადაც კოლონიური მემკვიდრეობა თანამედროვე ყოველდღიურობას ბუნებრივად ერწყმის.

1. დააკვირდით ქალაქის ცხოვრებას Parque Central-ში
გრანადის პანორამას მისი გამორჩეული, კაშკაშა ყვითელი კათედრალით მარტივად ამოიცნობთ. წითელსახურავიანი გუმბათები და თეთრი დეკორატიული დეტალები ნიკარაგუის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ხედს ქმნის, ამიტომ ეს ღირსშესანიშნაობა ტურისტების ყურადღებას მაშინვე იპყრობს. მიუხედავად ტაძრის შთამბეჭდავი გარეგნობისა, მისი თაღოვანი ინტერიერი საკმაოდ სადაა. შიგნით რამდენიმე ბიბლიურ ფრესკას და ჭერზე მიქელანჯელოს „ადამის შექმნის“ ასლს ნახავთ. ტაძარში შესვლა უფასოა, კვირაობით და რელიგიურ დღესასწაულებზე კი რეგულარული წირვა-ლოცვა ტარდება.

ქალაქის ნამდვილი ყოველდღიური ცხოვრება კი ტაძრის გარეთ, ცენტრალურ პარკში იგრძნობა. ეს ცოცხალი, ხეებით დაჩრდილული მოედანი ადგილობრივების ერთ-ერთი მთავარი თავშეყრის ადგილია. გარშემო ისტორიული ფასადების მქონე მაღალი კლასის სასტუმროებია განლაგებული, ქუჩის მოვაჭრეები კი იქვე ამზადებენ ტორტილიებს და ახალ ხილსა და გამაგრილებელ სასმელებს ყიდიან. საღამოს, როდესაც სიცხე იკლებს, Parque Central კიდევ უფრო ცოცხლდება. აქ უამრავი ადამიანი იკრიბება ღია ცის ქვეშ სავახშმოდ და ცოცხალი მუსიკის მოსასმენად. პარკი მთელი წლის განმავლობაში ყოველ საღამოს ლამაზადაა განათებული, დიდი ფესტივალების დროს კი საკათედრო ტაძრის წინ ოჯახური კონცერტები და ფოიერვერკები იმართება.

2. გაატარეთ საღამო ატმოსფერულ El Portal-ში
ელ პორტალის გრანდიოზულ შესასვლელთან ისე ვერ ჩაივლით, რომ მენიუებით ხელში მდგომმა მასპინძლებმა ყურადღება არ მიიქციონ. ეს ფართო, ღია სახურავის მქონე სივრცე რამდენიმე პოპულარულ ბარსა და რესტორანს აერთიანებს. მათ შორისაა ლათინოამერიკული სამზარეულოც. სტუმრების უმეტესობა პირველ სართულზე განთავსებულ მაგიდებთან სადილობს, სასმელის მსურველები კი ხის ლამაზი კიბეებით მეორე სართულის ბარებისკენ ადიან.

3. დააგემოვნეთ ადგილობრივი შოკოლადი
კაკაოს ხე ტროპიკულ კლიმატში განსაკუთრებით კარგად ხარობს, თუმცა 1990-იან წლებამდე ნიკარაგუა შოკოლადით ცნობილი არ ყოფილა. მას შემდეგ ინდუსტრია სწრაფად განვითარდა, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტურიზმის ზრდამ. დღეს გრანადაში შოკოლადის ორი მუზეუმია, სადაც ადგილობრივი შოკოლადის ისტორიის გაცნობასთან ერთად მისი დაგემოვნებაც შეგიძლიათ.
პირველი მათგანი ChocoMuseo-ა: ლათინურ ამერიკაში არსებული ამ ბრენდის ოთხი მუზეუმიდან ერთ-ერთი. ის მუზეუმს, მაღაზიასა და სამზარეულოს აერთიანებს და Parque Central-თან ახლოს, ლამაზ ისტორიულ შენობაში მდებარეობს. აქ შეგიძლიათ დაათვალიეროთ ნიკარაგუაში მოყვანილი კაკაოსგან ადგილზევე დამზადებული შოკოლადის მრავალფეროვანი პროდუქცია და მუზეუმის ექსპოზიციას უფასოდ გაეცნოთ. თუ პროცესში თავადაც გსურთ მონაწილეობა, შეგიძლიათ წინასწარ დაჯავშნოთ ორსაათიანი Bean to Bar ვორქშოპი, სადაც კაკაოს მარცვლებს თავად დაფქვავთ და საკუთარი შოკოლადის ტკბილეულს მოამზადებთ.

4. შეიგრძენით ადგილობრივი ბაზრის ყოველდღიური რიტმი Calle El Comercio-ზე
Calle El Comercio – ანუ „სავაჭრო ქუჩა“, საკუთარ სახელს ნამდვილად ამართლებს: ეს ხალხმრავალი ღია ბაზარია, სადაც ქუჩის ორივე მხარეს უამრავი დახლი და მოვაჭრე დაგხვდებათ. სწორედ აქ ყიდულობს ადგილობრივი მოსახლეობის დიდი ნაწილი ახალ პროდუქტებსა და სხვადასხვა საჭირო ნივთს. ცალმხრივი ქუჩა ხშირად სავსეა მყიდველებითა და ტაქსებით, მის გარშემო არსებული პატარა გასასვლელებისა და ჩიხების ლაბირინთში კი მარტივად შეიძლება უბრალოდ ხეტიალში გაერთოთ.
დახლების ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია: ტანსაცმელი, წასახემსებელი, ახალი ხილი, ბოსტნეული და სხვა ადგილობრივი პროდუქტი. ამიტომ ეს უფრო საინტერესო ადგილია დასათვალიერებლად და ყოველდღიური ცხოვრების შესაგრძნობად, ვიდრე კონკრეტული ნივთის საყიდლად.

5. ეწვიეთ ულამაზეს Convento y Museo San Francisco-ს
გრანადის გამძლეობისა და მრავალსაუკუნოვანი ისტორიის ერთ-ერთი საუკეთესო სიმბოლო – სან-ფრანცისკოს მონასტერი და მუზეუმია.
თავდაპირველი მონასტერი და ეკლესია ჯერ კიდევ 1525 წელს აშენდა, თუმცა საუკუნეების განმავლობაში კომპლექსი არაერთხელ მთლიანად განადგურდა. პირველად ის XVII საუკუნეში მეკობრეების თავდასხმებს შეეწირა, შემდეგ კი 1856 წელს უილიამ უოკერის შემოჭრის დროს კვლავ დაინგრა. ყოველი ასეთი კატასტროფის შემდეგ ადგილობრივი მრევლი წმინდა ნაგებობებს თავიდან აშენებდა. სხვადასხვა პერიოდში კომპლექსი მონასტრისა და უნივერსიტეტის ფუნქციასაც ასრულებდა.

დღეს მონასტერი კაშკაშა თეთრი შენობაა, რომლის შიგნით საინტერესო მუზეუმია განთავსებული. მის მრავალ ოთახში ისტორიული ავეჯი, რელიგიური რელიკვიები და დიდი ბიბლიოთეკაა წარმოდგენილი, დიორამები და ზეთის საღებავებით შესრულებული ნახატები კი კოლონიური პერიოდის დედაქალაქისა და მის გარშემო არსებული სასოფლო ტერიტორიების ყოველდღიურ ცხოვრებას აცოცხლებს.
კრამიტის სახურავები ცენტრალური ეზოსკენ ეშვება, სადაც მაღალი პალმები იზრდება. სპეციალურ პავილიონში კი დაახლოებით ათასი წლის წინ შექმნილი ადგილობრივი ძირძველი კულტურის ქვის სკულპტურებია გამოფენილი. მუზეუმის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ექსპონატი გრანადის მასშტაბური მაკეტია, რომელზეც ქალაქის ქუჩები, შენობები და ხეებიც კი დეტალურადაა აღდგენილი. მინის მიღმა შეგიძლიათ უკვე გავლილი მარშრუტი იპოვოთ და ამავე დროს ქალაქის ახალი ადგილებიც მონიშნოთ, რომელთა აღმოჩენაც შემდეგ გსურთ.











