დუბროვნიკი ხორვატიის გამორჩეული ლოკაციაა. ეს ზღაპრული სტილის ძველი ქალაქი ლეგენდარული სამოგზაურო მიმართულებაა. აქ დაგხვდებათ როგორც მშვიდი სანაპიროები, ასევე ენერგიული და ხმაურიანი ნაპირები. დუბროვნიკის რივიერა აერთიანებს პატარა სათევზაო სანაპიროებსაც და პოპულარულ გასართობ სივრცეებსაც. მათ ბუნების შთამბეჭდავი სილამაზე გამოარჩევთ. ივნისიდან სექტემბრამდე აქაური ნაპირები განსაკუთრებით ივსება. თუმცა, მაისი საუკეთესო თვეა აქ დასასვენებლად. თუ აქაური სანაპირო ზოლის გამოკვლევა გსურთ, გაეცანით ჩვენს სიას:

1. Sveti Jakov Beach/ სვეტი ჯაკოვის სანაპირო

ეს მშვიდი სანაპირო კრემიფერი ქვიშით და გამჭვირვალე წყლით დუბროვნიკის ძველ ქალაქზე საუკეთესო ხედებს გვთავაზობს, ისევე როგორც ეგზოტიკურ ცისფერ გამოქვაბულზე. გირჩევთ, რომ Google Map-ში მონიშნოთ Grand Villa Argentina და მისგან მიმავალ გზას გაუყვეთ სანამ სანაპიროზე არ გახვალთ, სხვა შემთხვევაში შესაძლოა რუკამ ისეთი მიმართულებით წაგიყვანოთ რომ გრძელი და რთული გზა მოგატაროთ. ვიწრო გზის ბოლოს ეკლესიაა, რომელთანაც პატარა პარკინგის სივრცეა, თუ ნაქირავები მანქანით იქნებით. შემოუარეთ ეკლესიას მარცხენა მხარეს და დაინახავთ სანაპიროზე მოსახვედრ კიბეებს. იქ ცოტა ხალხი, ლამაზი ბუნება და პატარა რესტორანი გელოდებათ.

2. Copacabana Beach/კოპაკაბანას სანაპირო

ადვილი საპოვნელად და ულამაზესი თვალების დასატკბობად – კოპაკაბანა, ლაპადის უბანში მდებარეობს. ლაპადი გამოირჩევა მყუდრო სასტუმროებით, სახლებით და რესტორნებით, უფრო ნაკლები ხალხით ვიდრე ძველ ქალაქში და ქაოსის შემდეგ აქ თავს ნამდვილად მშვიდად იგრძნობთ. წყალში შესასვლელი საკმაოდ ქვიანია, წყალი სუფთა, წმინდა და ჯანსაღი. ხიდიდან გემების შესვლა გამოსვლასაც დააკვირდებით.

3. Beach Kupari/კუპარის სანაპირო

დუბროვნიკთან ახლოს მდებარეობს ქალაქი კუპარი და მისი ულამაზესი სანაპირო. თვალში აუცილებლად მოგხვდებათ ლეგენდარული და გლამურული გრანდ ჰოტელის ნანგრევები. ის 60-იან წლებში საკმაოდ პრესტიჟული სასტუმრო იყო. თუმცა, ომის დროს იუგოსლავიელების არმიამ დაბომბა, რადგანაც მას თავს ხორვატი ჯარისკაცები აფარებდნენ. სასტუმროს წინ მდებარეობს თეთრი კენჭების სანაპირო გარშემორტყმული მთებით და სუფთა წყლით.

4. Lapad Beach/ლაპადის სანაპირო

ეს სანაპირო ლაპადის უბანში მდებარეობს და გლამურული სახლებითა და სასტუმროებით იწონებს თავს. თუმცა, ის მაინც უფრო მშვიდია, ვიდრე ძველ ქალაქთან ახლოს მდებარე სანაპიროები. სანაპიროზე კენჭები ყრია, თუმცა წყლის ფსკერი ძირითადად ქვიშიანია. მზის ჩასვლის პერიოდში ლაპადის სანაპირო განსაკუთრებით ცოცხალი და ენერგიული ხდება.

5. Banje Beach/სანაპირო ბანჯე

ეს დუბროვნიკის ყველაზე ცნობილი სანაპიროა, ძველ ქალაქთან ძალიან ახლოს. ის მართლაც ბრწყინვალე ხედებით გამოირჩევა და ხორვატიის ამ ქალაქში ჩასვლისას აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია.

6. Bellevue Beach/ბელევუს სანაპირო

ძველი ქალაქის მეორე მხარეს მდებარე ბელევუ სასიამოვნო ადგილია კლდის ძირში. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ საკმარისად ახლოსაა დუბროვნიკის ძველ უბანთან, თუმცა თან ხალხმრავალობისგანაც შორსაა. ეს პატარა ნაპირი გამოირჩევა თეთრი კენჭებით და მშვიდი წყლის მიმოქცევით.

7. Hotel Excelsior Beach/სასტუმრო ექსელსიორის სანაპირო

სვეტი ჯაკოვსა და ბანჯეს სანაპიროებს შორის, ეს არის ნაპირი, რომელიც ასევე აუცილებლად გამოსაცდელი გამოცდილებაა. დუბროვნიკის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ და ლამაზ სასტუმრო ექსელსიორს, ზღვის ტერასა აქვს მოწყობილი. შეგიძლიათ ისარგებლოთ რესტორნით და შემდეგ ხედებით და სანაპიროთი.


8. Mlini Beach/მლინის სანაპირო

დუბროვნიკის რივიერას თუ გაუყვებით, პატარა სათევზაო სოფელს, მლინის აღმოაჩენთ, რომელსაც სამოთხის მსგავსი სანაპირო აქვს. ეს სუფთა ნაპირი ადგილობრივებს ძალიან უყვართ და სარელაქსაციო მიზნით ნამდვილად გამოგადგებათ. პატარა ნავსადგურში კოხტა ნავები, მაღაზიები და თევზის რესტორნებია.

9. Srebreno Beach/სრებრენოს სანაპირო

მლინის სანაპიროზე გამოქვაბულისკენ თუ წახვალთ, სრებრენოს სანაპიროს აღმოაჩენთ. ის საკმაოდ გრძელი, კენჭებიანი ნაპირია სასეირნო ბილიკით. სრებრენო მრავალფეროვან წყლის სპორტის აქტივობებსაც გთავაზობთ. გაითვალისწინეთ, რომ უიქენდებზე საკმაოდ დატვირთულია.