მდინარე მეკონგის სანაპიროებზე მდებარე ვიენტიანე გამოირჩევა სამხრეთ აზიაში მდებარე დედაქალაქებისგან. ქაოსური მეტროპოლისებისგან, ბანგკოკისგან და ჰანოისგან განსხვავებით, ვიენტიანე უფრო “მძინარე ქალაქია”. გირჩევთ ვიენტიანეს რამდენიმე დღე დაუთმოთ რათა შეიგრძნოთ მისი რიტმი და მოინახულოთ შთამბეჭდავი მუზეუმები. რა უნდა იცოდეთ, ვიენტიანეში, ლაოსში ვიზიტამდე?

როდის უნდა წახვიდეთ?

საუკეთესო დრო ვიენტიანესთვის მშრალი სეზონია, ნოემბრიდან თებერვლამდე, როცა ტემპერატურა სასიამოვნოა. აპრილი და მაისი ცხელი თვეებია, ივლისსა და აგვისტოში კი წვიმები იცის.

რა დრო უნდა გაატაროთ ვიენტიანეში?

ლაოსში მოგზაურობისას ვიენტიანეს 2 დღე მაინც უნდა დაუთმოთ: ეწვიოთ საყდრებს, ბაზრობებს, ბუდას პარკს და აქაურ ტრიუმფალურ თაღს. დამატებითი 2 დღე საშუალებას მოგცემთ მოინახულოთ ადგილები ცნობილი ტურისტული ლოკაციების მიღმა. მაგალითად, ლა ფორეტი (La Forêt) არაჩვეულებრივი ადგილია ბუნებაში, ვიენტიანეს ცენტრიდან 20 წუთის სავალ გზაზე.

მარტივია ვიენტიანეში სიარული?

დიახ, აეროპორტიდან დადის 44 ნომერი ავტობუსი ქალაქის ცენტრში. ქალაქში კი ტუკ-ტუკებს ყველა წერტილში იპოვნით.

ტოპ აქტივობები ვიენტიანეში

Pha That Luang – ლაოსის ეს ისტორიულად უმნიშვნელოვანესი მონუმენტი მე-16 საუკუნეში ააგეს. მისი მთავარი ღირშესანიშნაობაა ოქროს ბუდა. გირჩევთ ეწვიოთ დილით ადრე, რადგანაც ჩრდილის პოვნა გაგიჭირდებათ. თუ აქ ნოემბერში მოხვდებით საკულტო რელიგიურ ცერემონიალს დაესწრებით.

კუნძული Don Xing Xou – ქალაქის ცენტრიდან ნავით ამ წყნარ კუნძულზე მალე მოხვდებით. გაუყევით წყნარ ბილიკებს მის ბაღებში და მოინახულეთ კუნძულის ღირსშესანიშნავი საყდარი (Wat Phayanak).

Wat Si Saket – საპრეზიდენტო სასახლესთან მდებარე ეს საყდარი მე-19 საუკუნით თარიღდება. დილა საუკეთესო დროა აქ ვიზიტისთვის. ყველაზე შთამბეჭდავია კედელი ათასობით პატარა ბუდას დეკორით.

ბუდას პარკი – ნაწილობრივ სკულპტურების ბაღი და ნაწილობრივ გასართობი ბაღი, ქალაქის ცენტრიდან 25 კმ-ში მდებარეობს. ის ბერებმა 1950 წელს დაარსეს და წლების მანძილზე უფრო და უფრო გაფართოვდა. შეგიძლიათ პატარა პლატფორმიდან პარკზე პანორამული ხედებითაც დატკბეთ.

ლაოს ხელოვნების მუზეუმი (Lao Art Museum) – წარმოგვიდგენს ქვეყნის ტრადიციულ ხელოვნებას და ხის ხელნაკეთობებს. შენობა გარშემორტყმულია ხის სვეტებით და მშვიდი ბაღებით. შთამბეჭდავია მისი ინტერიერი საოცარი დეკორაციებით. მუზეუმში შესვლის ღირებულებაა 12 ევრო.

ცივი ყავის ღირებულება აქ €1.10-ა, 1 ლუდის ბოთლის €0.90, სუპს კი ევრო ნახევრადაც მიირთმევთ.