კორდობა ანდალუზიის გულში მდებარეობს და მას “ყვავილების ქალაქს” უწოდებენ. აღმოაჩინეთ ესპანეთის ეს მშვენება თეთრი სახლებით, ანტიკური კათედრალებით და ფორთოხლის ბაღებით. აქ ყოველწლიურად ყვავილების ფესტივალი ტარდება, სადაც ადგილობრივები ერთმანეთს ეჯიბრებიან. კორდობას სევილიასაც ადარებენ, ის აუცილებლად მოსანახულებელი ქალაქია ამ ქვეყანაში. ქუჩებში გაიგონებთ გიტარის ჰანგებს, ფლამენკოს ფეხსაცმელების ხმაურს და დრამის მუსიკას. ჩვენ აქ საუკეთესო მოგზაურობას დაგიგემავთ.

1. მეჩეთი-კათედრალი ‘Mezquita’

წარმოგიდგენთ ესპანეთის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ღირსშესანიშნაობას: კორდობას კათედრალს. ახლა ის ქრისტიანული სამლოცველოა, თუმცა ერთ დროს ანტიკური მეჩეთი იყო, დათარიღებული მავრიტანული დროით. ისლამური არქიტექტურის სილამაზე გამოსჭვივის ფერად ზოლებში, თაღებში და ინტერიერის მორთულობაში. ეკლესიას აქვს ბაღებიც ფორთოხლის ხეებით, პალმებით და კვიპაროსებით.

ადით კათედრალის საათის კოშკზე

კორდობას კათედრალის კოშკი 40 მეტრი სიმაღლისაა და გადმოსახედ პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც გვთავაზობს ხედებს ქალაქზე. კოშკზე ასვლის ღირებულებაა 3 ევრო. შეგიძლიათ ბილეთი შეიძინოთ ონლაინ. Mezquita აქტიური სამლოცველო ადგილია და ვიზიტორებს სთხოვენ მიაგონ პატივი მლოცველებს, იყვნენ მშვიდად და ჩაიცვან შესაფერისად.

გაყევით ნომერ 3 ან 12 ავტობუსებს გაჩერებამდე – Puerta del Puente და გაიარეთ რამდენიმე წუთი ფეხით. საუკეთესო დრო, რათა კათედრალი მოინახულოთ დღის პირველი საათია, რადგანაც ამ დროს ხალხი ცოტავდება.

2. კარიბჭე – Puerta del Puente

ეს ულამაზესი რენესანსის კარიბჭე კორდობას ტრიუმფალური თაღია. მისი სახელი ითარგმნება როგორც: “ხიდის კარიბჭე”. კორდობას ისტორიული ცენტრის მსგავსად, ეს მე-16 საუკუნის არქიტექტურული ნიმუშიც იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია. სწორედ აქ იდგა უხსოვარ დროს რომაული კარიბჭეც. როგორც კი ამ კარიბჭეში გაივლით, კორდობას ცნობილ ხიდზე – პუენტე რომანოზე გადახვალთ.

გადადით რომანოს ხიდზე

Puente Romano – კორდობას ჯადოსნური ქვის ხიდია, სადაც აუცილებლად უნდა გაისეირნოთ, განსაკუთრებით საღამოს მზის ჩასვლისას. როგორც კი მზე ჩადის, ლამპიონები ინთება და რომანტიკული ატმოსფერო იქმნება. დატკბით პირველ საუკუნეში აგებული ამ საფეხმავლო ხიდით. სხვათაშორის ის გამოყენებულია სერიალ Game of Thrones-ის მეხუთე სეზონში.

3. ყვავილებიანი ქუჩა – Calleja de las Flores

ეს კორდობას ყველაზე ცნობილი ქუჩაა მისი სიფერადის და სილამაზის დამსახურებით. საკმაოდ წვრილ ქუჩაზე თეთრი სახლები ვარდისფერი ყვავილებითაა მორთული. თუ ქუჩას გაყვებით, პატარა მოედანს მიადგებით შადრევნით. ყოველი წლის მაისში აქ ყვავილების ფესტივალიც ტარდება, რომელიც არამატერიალურ მემკვიდრეობის ძეგლადაა აღიარებული.

4. ებრაული უბანი

The Jewish Quarter  – ეს უბანიც ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია. აქ ქვაფენილიანი ქუჩები, თეთრი სახლები და თაღებია. დაიკარგეთ ქუჩების ლაბირინთში, დატკბით ლამაზი ბაღებით და შეიძინეთ სუვენირები აქ წარმოდგენილ მაღაზიებში. ამ უბანში მდებარეობს ცნობილი სინაგოგაც, რომელიც ერთადერთია მთელს ანდალუსიაში.

5. ქრისტიანი მონარქების ციხესიმაგრე

Alcazar de los Reyes Cristianos – უნიკალური ციხესიმაგრეა, განთქმული ესპანეთში. ეს ანტიკური ციხე თავისი ულამაზესი ბაღით, ყვავილებით და სკულპტურებით, კორდობაში აუცილებლად დასათვალიერებელი ადგილია. აქ მდებარე 4 კოშკურადან მხოლოდ ორია საჯაროდ ღია: Torre de Los Leones და Torre del Homenaje. თუ გექნებათ შესაძლებლობა ადით რომელიმე მათგანზე და გადმოხედეთ ბაღებს. ბილეთს შესასვლელში შეიძენთ. ონლაინ შეძენის შემთხვევაში რიგში დგომას თავიდან აიცილებთ. ფასი: 5 ევრო.

6. ვიანას სასახლე

ანდალუსიაში ვიზიტი არ იქნება სრულყოფილი თუ რაც შეიძლება მეტ სასახლეს არ ეწვევით ამ რეგიონში. ერთ-ერთი ასეთი ადგილია: Palacio de Viana. გაისეირნეთ მის ბაღებში და აღმოაჩინეთ თაღები, ფორთოხლის ხეები და ულამაზესი არქიტექტურა. იმის გათვალისწინებით, რომ სასახლე 100 წლის წინ აიგო და ბევრი პერიოდის ცვლილება განიცადა, სხვადასხვა სტილს აღიბეჭდავს. დააკვირდით ნახატებს, კერამიკას, იატაკის გაფორმებას. ბილეთის ღირებულებაა 10 ევრო.

7. კანიონი – Caminito del Rey

თუ ბევრი დრო გაქვთ, აუცილებლად დალაშქრეთ ეს ულამაზესი გზა. ის დღეს სრულად უსაფრთხოა შესაბამისი სტანდარტის ბარიერებით და აღჭურვილობით. დატკბით ხედებით კანიონზე, ტბაზე და ანდალუსიურ ლანდშაფტზე.

საუკეთესო კაფე-რესტორნები კორდობაში

კორდობა ბრწყინვალე ადგილია გემრიელად მირთმევის მსურველთათვის. აქაური რესტორნები ესპანურ სამზარეულოზე და ზღვის პროდუქტებზეა დაფუძნებული.

  • El Patio de Maria (ესპანური სამზარეულო)
  • La Bohême (ვეგანური სამზარეულო)
  • Restaurante La Boca (ესპანური სამზარეულო)
  • Taberna Patio de la Judería (ანდალუსიური)
  • Mercado Victoria (მიქსი)
  • Maddow (ყავა)

როგორ მოვხვდეთ კორდობაში? აქ აეროპორტი არაა, თუმცა შეგიძლიათ ჩაფრინდეთ მალაგაში. აქედან შეგიძლიათ იქირაოთ მანქანა ან გაყვეთ ტრანსპორტს. მალაგადან კორდობაში დადის პირდაპირი მატარებელიც, რომელსაც 1 საათი სჭირდება და ფასები 20 ევროდან იწყება. მატარებლები აქ სხვა ესპანური ქალაქებიდანაც ჩამოდიან: ბარსელონადან, მადრიდიდან და ვალენსიადან.