ოქროს ქვიშებიდან დაწყებული, როკოკოს არქიტექტურით დამთავრებული, უძველეს ქალაქ ვალენსიას ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. ესპანეთის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე 2000 წლის ქალაქი ქვიშიანი სანაპიროებით, შთამბეჭდავი არქიტექტურით, გემრიელი სამზარეულოთი და საინტერესო კულტურით გამოირჩევა. ამასთან, ის ხალხით იმაზე ნაკლებადაა დატვირთული, ვიდრე ბარსელონა და მადრიდი. მთავარი ღირსშესანიშნაობებია კათედრალი, მერკადო ცენტრალი და იუნესკოს დაცულ ტერიტორიათა სიაში შესული ლონია დე ლა სედა. ჩვენ გეტყვით, თუ რატომ უნდა ეწვიოთ ამ მშვენიერ ესპანურ ქალაქს:
-
იმიტომ, რომ აქ თითქმის სულ სანაპიროს ამინდია
20 კილომეტრი სიგრძის ქვიშიან სანაპიროზე მინიმუმ 300 დღე მზიანია. ქალაქის ძველი ნაწილიდან ავტობუსით სულ რამდენიმე წუთის გზაზეა ცნობილი ნაპირები: Las Arenas, La Malvarrosa და La Patacona. მზის აბაზანების შემდეგ, შეგიძლიათ პალმების ბულვარში გაისეირნოთ და რომელიმე ბარში ღვინით ხელში, ხედებით დატკბეთ.
-
იმიტომ, რომ აღმოაჩინოთ საოცარი არქიტექტურა
აქაურ არქიტექტურაში რომაულ, მავრიტანულ, გოთიკურ, როკოკოსა და არტ ნუვოს სტილს შეხვდებით. თქვენი პირველი გაჩერება უნდა იყოს მე-13 საუკუნის დროინდელი კათედრალი, რომელიც რომაული საყდარი იყო. შემდეგ ლა ლონია დე ლა სედას უნდა ეწვიოთ. არ გამოგრჩეთ სანტიაგო კალატრავას დაპროექტებული თანამედროვე შედევრი – La Ciudad de las Artes y las Ciencias.
-
იმიტომ, რომ ვალენსიას ძველ ქალაქს ფეხით მოივლით
ვალენსიას მთავარი მონუმენტები, ქალაქის ძველ ნაწილშია თავმოყრილი. მათი თვალიერების დროს გზად არაჩვეულებრივ ქუჩის ხელოვნებასაც იხილავთ, რომელიც უძველეს შენობებთან კონტრასტში მოდის. თუ შესვენება მოგინდებათ, დასხედით გარეთ და ადგილობრივი ატმოსფეროთი დატკბით.
-
იმიტომ, რომ პაელა ვალენსიიდანაა
ვალენსია გემრიელი პაელას დაბადების ადგილია. ტრადიციული პაელასთვის, რომელიც ქათმით ან კურდღლის ხორცით მზადდება, La Pepica-ს ეწვიეთ. პაელას ინგრედიენტები კი შეგიძლიათ მერკადოს ბაზარში შეიძინოთ.
-
იმიტომ, რომ ვალენსიაში ბევრი ფესტივალი ტარდება
ვალენსიის მაცხოვრებლებს გართობა უყვართ. ხშირი კარნავალებისა და ფესტივალების დროს, ვალენსიის ქუჩები ცოცხლდება და მუსიკის, ხელოვნების თუ გასტრონომიის მოყვარულებს საშუალებას აძლევს სასიამოვნო დრო გაატარონ.
-
იმიტომ რომ აქ უნიკალური კულტურული ტრადიციები აქვთ
ვალენსია ტიპური ესპანური ქალაქი არაა. მას თავისი დიალექტი – კატალანური და უნიკალური სამზარეულო აქვს. ავთენტური სუვენირებისთვის, ესტუმრეთ რუზაფას გამზირს, ფერადი კერამიკისთვის კი პლაზა რედონდას.
-
იმიტომ რომ მას 7 მწვანე „ფილტვი“ აქვს
ქალაქი მწვანე სივრცეებით სავსეა. ესტუმრეთ სამეფო ბაღს ან ბოტანიკურს. ყველაზე მეტი ტურისტი ტურიას ბაღებში იყრის თავს. აქ ნახავთ ფორთოხლის ხეებს, შადრევნებს, სპორტულ მოედნებს, საბავშვო სივრცეებს და სხვა. ბუნებაში უფრო ღრმა ჩაძირვისთვის ალბუფერას ეროვნულ პარკს ეწვიეთ, სადაც 250-მდე სახეობის ჩიტი ბინადრობს. იქ მოხვედრა ავტობუსით საკმაოდ მარტივია.
-
იმიტომ, რომ მუზეუმები უფასოა
ვალენსიის საუკეთესო მუზეუმებში შესვლა უფასოა, მათ შორის ბელას არტის მუზეუმში, რომელიც ველასკესისა და გოიას ნამუშევრებს აერთიანებს. ვალენსიის ისტორიის მუზეუმში, სადაც ქალაქის ისტორიას შეიტყობთ, შესვლა ასევე უფასოა. კორიდისადმი მიძღვლინ ტაურინოს მუზეუმში უსასყიდლოდ მხოლოდ კვირა დღეს და დღესასწაულებზე შეძლებთ შესვლას. ეროვნული კერამიკის მუზეუმი კი ბილეთს შაბათ-კვირას არ მოგთხოვთ.
-
იმიტომ, რომ ვალენსია საველოსიპედო ქალაქია
აქ 40-მდე ქუჩაზე ველოსიპედის მძღოლები პრიორიტეტულებად ითვლებიან. ვალენსია მშვენიერი ქალაქია, იმისათვის, რომ ის ორი ბორბლით გამოიკვლიოთ. ისეირნეთ ლაბირინთის ფორმის ქუჩებში და მანქანებისთვის შეზღუდულ მოედნებზე. შეგიძლიათ იქირაოთ ქალაქის ველოსიპედები და საინტერესო მარშრუტები აარჩიოთ.
-
იმიტომ, რომ აქ ღამის ცხოვრება ყვავის
ვალენსიას ღამის ცხოვრება აქ მცხოვრები სტუდენტების დიდი რაოდენობის გამო, საკმაოდ ცოცხალია. აქ ბევრ ბარს და კლუბს აღმოაჩენთ, სადაც ცეკვაა შესაძლებელი.