დანია გამოირჩევა მომხიბვლელი სანაპიროებით, ზღაპრული სასახლეებით, ხშირი ტყეებით, ზომიერი კლიმატით, მეგობრული მოსახლეებით და ბევრი საინტერესო ღირსშესანიშნაობით. აქ ველოსიპედს უფრო მეტს ნახავთ, ვიდრე ავტომობილს. გამორჩეულია დანიური სამზარეულოც. ჩვენ აქ აუცილებელ სანახაობებს გირჩევთ:

1. ტივოლის ბაღები, კოპენჰაგენი

კოპენჰაგენი არ უნდა დატოვოთ ტივოლის ბაღების მონახულების გარეშე. მე-19 საუკუნეში გაშენებული ეს ბაღი დისნეის თემატური პარკების ინსპირაციაც კი გახდა. აქ ატრაქციონები, თოჯინების თეატრი, კაფე-რესტორნები, ბაღები, პავილიონები და საკონცერტო დარბაზია. მსოფლიო ცნობადობის ტივოლი ბევრ ფილმში ჩანს და ქალაქის ნამდვილი სიმბოლოა.

მისამართი: Vesterbrogade 3

2. კრისტიანსბორგის სასახლე, კოპენჰაგენი

კოპენჰაგენის ცენტრში მდებარე პატარა კუნძულზე, კრისტიანსბორგის სასახლეში დანიის პარლამენტია განთავსებული. მოინახულეთ მისი სამეფო დარბაზები.

მისამართი: Prins Jørgens Gård 1

3. დანიის ეროვნული მუზეუმი (Nationalmuseet), კოპენჰაგენი

ტივოლის ბაღებიდან 10 წუთის სავალ გზაზე დანიის ისტორიისა და კულტურის მნიშვნელოვანი მუზეუმი მდებარეობს. აქ ქვეყნის უნიკალური არტეფაქტები ინახება, მათ შორის ანტიკური ავეჯიც. საბავშვო განყოფილებაში ბავშვებს შეუძლიათ გამოეწყონ სხვადასხვა კოსტიუმში და ნახონ საკლასო ოთახი 1920 წლიდან.

მისამართი: Prince’s Mansion, Ny Vestergade 10

4. ღია ცის ქვეშ მუზეუმი (Frilandsmuseet), ლინგბი

ქალაქიდან 15 კილომეტრში მდებარე ეს მუზეუმი მშვენიერი ერთდღიანი ტურის იდეაა კოპენჰაგენიდან. ის დანიის ეროვნული მუზეუმის ნაწილია და ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მოსანახულებელ ადგილად ითვლება. აქ ავთენტური ფერმები, აგრიკულტურის შენობები, ისტორიული ბაღები და სახლებია.

მისამართი: Kongevejen 100

5. დანიის ეროვნული გალერეა (Statens Museum for Kunst), კოპენჰაგენი

ამ გალერეაში დანიური ხელოვნების უდიდესი კოლექციაა დაცული. გამოფენის ნაწილი კრისტიანსბორგის სასახლიდანაა გადმოტანილი. გაეცანით სკანდინავიური და ევროპული ხელოვნების 700 წლისთავს, მათ შორის პიკასოს და მუნკის ნამუშევრებს. კაფეში კი აქაური ატმოსფეროთი დატკბებით.

მისამართი: Sølvgade 48-50

6. ლეგოს სახლი, ბილუნდი

ბილუნდის LEGO House – ლეგენდარული ლეგოს კუბიკების დაბადების ადგილია. აქ ყველა ასაკის ვიზიტორი გაერთობა. 9 თემატური სივრცე მოსანახულებლად უფასოც კია. დანარჩენისთვის ბილეთი დაგჭირდებათ.

მისამართი: Ole Kirks Plads 1

7. ნიჰავნი, კოპენჰაგენი

Nyhavn ანუ ახალი ნავსადგური არის ადგილი, სადაც ფოტოებს ყველაზე ხშირად იღებენ კოპენჰაგენში. ის შესანიშნავი ადგილია დანიის დედაქალაქის კაფის კულტურას რომ გაეცნოთ.

8. კრონბორგის სასახლე, ჰელსინგორი

ეს სასახლე ცნობილია შექსპირის “ჰამლეტიდან”. ის იუნესკოს დაცული მემკვიდრეობის ძეგლია. ის მომხიბვლელია როგორც წყლიდან, ასევე ხმელეთიდან, თავისი განსაკუთრებული ექსტერიერითა და ინტერიერით.

მისამართი: Kronborg 2 C

9. ეგესკოვის ციხესიმაგრე, კვარნშტრაპი

ზღაპრული ეგესკოვის ციხე ოდენსიდან 30 წუთის გზაზე მდებარეობს და ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული რენესანსის არქიტექტურის მქონე ციხესიმაგრეა ევროპაში. ის დღეს საჯაროდაა ღია და მის ტერიტორიაზე მოინახულებთ ვინტაჟური მანქანების და კემპინგის მუზეუმებსაც. ეგესკოვი მშვენიერი გადაწყვეტილებაა კოპენჰაგენიდან ერთ დღიანი ტურის დასაგეგმად.

მისამართი: Egeskov Gade 18

10. ვიკინგების გემების მუზეუმი (Vikingeskibsmuseet), როშკილდი

ეს მუზეუმი ტურისტებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, რომ ნახონ როგორი კონსტრუქციის გემებს აშენებდნენ ვიკინგები. შეისწავლით ვიკინგების ეპოქის და ზღვაოსნობის როლის შესახებ ვიკინგების კულტურის ჩამოყალიბებასა და ზოგადად, მათ გადარჩენაში. მუზეუმი გვთავაზობს ინტერაქციულ გამოცდილებასაც შესაფერისი კოსტიუმებით, რათა გემზე ყოფნისას, დროებით ვიკინგების პერიოდში გადანაცვლება შევძლოთ.

მისამართი: Vindeboder 12

11. აარჰაუსი (Den Gamle By)

აარჰაუსის ცოცხალი ისტორიის მუზეუმი ვიზიტორებს დანიის ისტორიის სამი ეპოქის ავთენტურ რეპლიკას სთავაზობს. სამ უბნად დაყოფილი ღია მუზეუმი დანიის რეალობის რეპრეზენტაციას წარმოგვიდგენს 1020-იანი, მეცხრამეტე საუკუნის შუა რიცხვების და 1974-იანი პერიოდებიდან. თითოეული დეტალი არქიტექტურიდან, გზის დაგეგმვიდან, საყოფაცხოვრებო ნივთებიდან და კოსტიუმებიდან დაგაფიქრებთ თუ როგორ შეიცვალა ყველაფერი და რა ტრადიციები შემორჩა.

მისამართი: Viborgvej 2

12. ჰანს კრისტიან ანდერსენის მუზეუმი, ოდენსე

თუ დანიაში სტუმრობას გეგმავთ, ჰანს კრისტიან ანდერსენის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ. მისი ზღაპრები და მოთხრობები დანიის კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს მუზეუმი მწერლის ცხოვრებას და ნამუშევრებს ეძღვნება.

მისამართი: Hans Jensens Stræde 45

13. ამელიენბორგის სასახლის მუზეუმი, კოპენჰაგენი

კოპენჰაგენში კიდევ ერთი სასახლე არ უნდა გამოგრჩეთ, მისი მშვიდი ბაღებით წყალთან. ის აშენდა, როგორც სამეფო რეზიდენციები და მოედანს ოთხი სასახლე უყურებს. ყურადღებას იქცევენ დაცვის ჯარისკაცები თავიანთი ფორმებით.

მისამართი: Amalienborg Slotsplads 5

14. ბორნჰოლმის კუნძული

ეს პატარა, საყვარელი კუნძული ბალტიის ზღვაში ტოპ მიმართულებაა როგორც ტურისტებისთვის, ასევე ადგილობრივებისთვის. ცნობილია ზომიერი ამინდით, სუფთა სანაპიროებით, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკებით. აქ ციხესიმაგრე და რამდენიმე მუზეუმია.

15. ორესუნდის ხიდი, კოპენჰაგენი

ეს ხიდი მალევე გახდა სკანდინავიის საკულტო ძეგლი. ის კოპენჰაგენიდან 10 კილომეტრში მდებარეობს და შეგიძლიათ მატარებლით მიხვიდეთ. დანიის მხარეს ის გვირაბით იწყება. 8 კილომეტრიანი სტრუქტურა დანიის უდიდეს კუნძულს, ზილენდს და შვედეთის სამხრეთ სანაპიროს აკავშირებს ერთმანეთთან, კონკრეტულად კი მალმოს პორტთან.