კოპენჰაგენში დროს სასიამოვნოდ გაიყვანთ, აქ ბევრი გასართობი ადგილი, რესტორანი თუ მუზეუმია. თუმცა, ახლომახლოს 1 დღიანი იდეალური ტურებიც შეგიძლიათ დაგეგმოთ. გამოიკვლიეთ ქალაქის საინტერესო ისტორია, დაისვენეთ მზის ქვეშ და მოინახულეთ კუნძულები. არ აქვს მნიშვნელობა რას აირჩევთ, წინ თავგადასავლები გელით!

ფრედერიკსბორგის სასახლე

დაგეგმეთ სამეფო მოგზაურობა ამ ციხესიმაგრეში, რომელშიც დანიის ეროვნული ისტორიის მუზეუმიც მდებარეობს. გაისეირნეთ სასახლის ფრანგულ ბაღებში. მას დანიის სამეფო ოჯახი საზაფხულო რეზიდენციადაც იყენებს.

როგორ მოხვდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით: გაყევით მატარებლის ხაზს: S-train line E ჰილეროდამდე და სადგურიდან 15-20 წუთის ფეხით სავალზე სასახლესაც მიადგებით.

გიდის ტურისთვის, დაჯავშნეთ ონლაინ. ისინი კოპენჰაგენის მერიის მოედნიდან დილის 10:30-ზე გადიან. ტურის ხანგრძლივობა 6 საათია.

ქალაქი აარჰუსი

ეს თქვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული ერთ დღიანი მოგზაურობა იქნება. აარჰუსი ისტორიული ქალაქია, დანიის დასავლეთში. აქ აქტიური ღამის ცხოვრებაა და ბევრი ღონისძიება ტარდება. მათ შორის, ვიკინგების ფესტივალი ივლისში. აქ მდებარეოს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი:  ARoS Aarhus Kunstmuseum და ბოტანიკური ბაღი.

როგორ მოხვდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით: მატარებლით აარჰუსში სამ საათში მოხვდებით. ის ყოველ 30-45 წუთში გადის. E20 ხაზიდან E45-მდე მიდით და ჩრდილოეთით აარჰუსი დაგხვდებათ.

შეგიძლიათ ისარგებლოთ თვითმფრინავითაც და კოპენჰაგენიდან აარჰუსში 40 წუთში მოხვდეთ.

ფინის კუნძული

მას დანიის “ბაღ-კუნძულს” უწოდებენ. ეს რომანტიკული ადგილი ბევრი ზღაპრის ინსპირაციაა. აქ დაიბადა მწერალი ჰანს კრისტიან ანდერსენი. ფინში სასახლეები, ზოოპარკი და ღია ცის ქვეშ მუზეუმი მდებარეობს.

როგორ მოხვდებით საზოგადოებრივი ტრანსპორტით: კოპენჰაგენსა და ფუნენს შორის პირდაპირი მატარებელი დადის.

ლოლანდ-ფალშტერის კუნძულები

კოპენჰაგენიდან თუ ამ კუნძულებს ეწვევით, რამდენიმე ღირსშესანიშნაობას მოინახულებთ. მარიბოში მატარებლების მუზეუმი იხილეთ: Museumsbanen, მწვანე ზოოპარკი და წყალქვეშა ნავი. ნისტედში ალჰოლმის სასახლე და საფარის პარკი, რომელიც აპრილიდან ოქტომბრამდეა ღია. აქ ლამაზი ბუნება და სხვადასხვა სპორტით თავშექცევის საშუალება დაგხვდებათ.

ჰვენის კუნძული

ამ კუნძულს ადგილობრივი ვისკი, სუფთა სანაპიროები და მე-16 საუკუნის ობსერვატორია ამშვენებს. აღსანიშნავია აქაური უგემრიელესი სამზარეულოც. თუ გსურთ, რომ ქალაქის ხმაურს გაექცეთ და სადმე სიმშვიდეში განმარტოვეთ, ამ პატარა სამოთხეს ეწვიეთ.

როგორ მოვხვდეთ: დანიასა და შვედეთს შორის მოქცეულ კუნძულზე ბორნები ყოველ 90 წუთში დადიან.

ბორნჰოლმი

თუ ქვიშიანი სანაპიროების ხასიათზე ხართ და რელაქსაცია გსურთ, დაგეგმეთ ტური ბრონჰოლმის მზიან კუნძულზე. აქ შეგიძლიათ ველოსიპედიც იქირაოთ. პოპულარულ ზაფხულის მიმართულებას “ბალტიისპირეთის მარგალიტსაც” უწოდებენ.

როგორ მოვხვდეთ: მატარებლით და ავტობუსით დაახლოებით 3 სთ დაგჭირდებათ. შეგიძლიათ იფრინოთ რონე-ბორნჰოლმის აეროპორტში.

დრაგორი

თაფლობისთვისთვის ან რომანტიკული დასვენებისთვის, ეს პატარა სოფელი მშვენიერი არჩევანია. აქ დანიური ისტორია თანამედროვეობას ერწყმის. კოპენჰაგენის სამხრეთით მდებარე დრაგორი ქვეყნის სათევზაო პორტი იყო. მოინახულეთ დრაგორის მუზეუმი ნავსადგურში.

როგორ მოვხვდეთ: კოპენჰაგენიდან მატარებლით და ავტობუსით სულ რაღაც 30 წუთი დაგჭირდებათ.

კასტრაფი

Den Blå Planet – ჩრდილოეთ ევროპის უდიდესი აკვარიუმია, რომელიც დანიის საზღვართან, ორესუნდის ხიდთან მდებარეობს, ქალაქ კასტრაფში. აქ სტუმრებს შეუძლიათ მოინახულონ ზვიგენები და ახლოს გაეცნონ ოკეანის ცხოვრებას.

როგორ მოვხვდეთ: ავტობუსით ქალაქიდან მხოლოდ და მხოლოდ 15 წუთი დაგჭირდებათ.

ჰელსინგორი

დანიის საზღვაო მუზეუმში მთელი დღის გატარება შეიძლება და ის სწორედ ჰელსინგორში მდებარეობს. აქ გემების ბევრი გამოფენაა და მხოლოდ მისი არქიტექტურისთვისაც კი ღირს ვიზიტი. შემდეგ მოინახულეთ მე-16 საუკუნის სასახლე – კრონბორგი, სადაც მიმდინარეობს მოქმედებები შექსპირის “ჰამლეტში”.

როგორ მოვხვდეთ: გაყევით მატარებელს კოპენჰაგენის ცენტრალური სადგურიდან და 1 საათში აქ აღმოჩნდებით.

კალანდბორგი

აქ ელეგანტური არქიტექტურა და დანიის მდიდრული კულტურული მემკვიდრეობა დაგხვდებათ. ქალაქში შთამბეჭდავი ღვთისმშობლის ისტორიული ეკლესია დგას. გაატარეთ დღე შუასაუკუნეების ძველ ქალაქში.

როგორ მოვხვდეთ: გაყევით მატარებელს, თუმცა რამდენიმე გადაჯდომა მოგიწევთ.

შვედეთი: ჰელსინგბორგი, ლანდი, მალმო

კოპენჰაგენიდან სხვა ქვეყნის მონახულებაც მარტივია. შვედეთის ეს ქალაქები, დანიურთან ერთად შვედეთის კულტურასაც გაზიარებენ.

როგორ მოხვდეთ: ნებისმიერ ტრანსპორტით ორესუნდის ხიდი უნდა გადაიაროთ და კოპენჰაგენიდან მალმოში 40 წუთში იქნებით.