თუ ორ სკანდინავიურ ქალაქს შორის გსურთ არჩევანის გაკეთება, შენი მეგზური ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ:

სტოკჰოლმი პარკების, კუნძულების და მსოფლიო დონის მუზეუმების მიქსია

რატომ უნდა ეწვიოთ სტოკჰოლმს? ამ კითხვაზე ერთი სიტყვით ამ პასუხის გაცემა შეიძლება: აბბა! შვედეთის დედაქალაქი გაჟღენთილია ამ ცნობილი მუსიკალური ჯგუფის სიმღერებით. აქ მდებარეობს მათი მუზეუმიც, რომელიც საკმაოდ ინტერაქციული და გასართობია.

სტოკჰოლმს ისეთი მუზეუმები აქვს, როგორიც არსად არ გვხვდება. ის მუზეუმების კუთხით ერთ-ერთი უპირობო ლიდერია. ამ ქალაქმა ნამდვილად იცის თუ როგორ გაგვაოცოს სამუზეუმო სივრცით. ერთ-ერთი ფავორიტია თანამედროვე მუზეუმი (Moderna Museet), სადაც პიკასოს და მატისეს ნამუშევრები ინახება. ასევე, სტოკჰოლმის ფოტოგრაფიის მუზეუმი ფოტოების შთამბეჭდავ კოლექციას ინახავს. ისტორიის მუზეუმი კი ვიკინგების ყოველდღიურ ცხოვრებას გვამცნობს, ვირტუალური რეალობის ჩართულობით და ინტერაქციული გამოფენებით. არ გამოგრჩეთ ვასამუზეუმი (Vasamuseet), სადაც შვედეთის ერთი მარცხი ინახება: გემი, რომელიც 1628 წელს, პირველი მოგზაურობის დაწყებიდან 20 წუთში ჩაიძირა. სკანსენი (Skansen) კი ევროპის უძველესი და ერთ-ერთი საუკეთესო ღია ცის ქვეშ მუზეუმია.

შვედეთის დედაქალაქი სავსეა პარკებით. რთულია გაიაროთ ორი ქუჩა სტოკჰოლმში ისე, რომ თქვენ წინ მწვანე ოაზისი არ გადაიშალოს. ქალაქის ერთი მესამედი ფაქტობრივად პარკია. ამიტომაც, აქ მუდამ მხოლოდ ორი ნაბიჯის მოშორებით ხართ მშვიდ დასასვენებელ ადგილთან.

აირჩიეთ სასურველი კუნძული: სტოკჰოლმი კუნძულების ერთგვარ კოლექციას აერთიანებს. ის ათასობით კუნძულითაა გარშემორტყმული. მინიმალური ძალისხმევით შეგიძლიათ დასხდეთ ბორანზე და ახლომდებარე კუნძულებს ერთი დღით ეწვიოთ. აქ ლამაზი სათევზაო სოფლები, ტრადიციული ფერმები, ველური ტყეები და ციხესიმაგრეებია.

რატომ კოპენჰაგენი?

კოპენჰაგენი არის ცოცხალი ატმოსფერო. დანიელები მუდამ მზად არიან წვეულებისთვის. მათ ნამდვილად უყვართ გართობა. აქ არ მოდიან ღირსშესანიშნაობებისთვის, აქ მოდიან ატმოსფეროსთვის.

გრძელი უიქენდი კოპენჰაგენში ან 1 კვირა მხიარულ, იმედიან განწყობაზე დაგაყენებთ. აქ დაფიქრდებით, რომ ყველაფერში სერიოზულობა არაა საჭირო. ის გაჩვენებთ თუ როგორია ქალაქი ცათამბჯენების გარეშე, რომლებიც დღის შუქს არ ბლოკავენ და საფეხმავლოდ მორგებული ქუჩებითაა სავსე.

კოპენჰაგენი გვეუბნება: “წარმოიდგინეთ რომ ცხოვრობთ საოცნებო ცხოვრებით.” ადექით დილით და გაიარეთ ნავსადგურში, დაიწყეთ დღე მშვიდად. საღამოს კი მსოფლიოს გამორჩეულ რესტორნებში ივახშმებთ. გაისეირნეთ ვარდების ბაღებში და პარკებში. გაყევით მატარებელს ჰამლეტის სასახლემდე, აქ ყველაფერი ერთი ხელის გაწვდენაზე გელოდებათ.

კოპენჰაგენის ქვაფენილიანი ქუჩები, რომლებიც ზაფხულში ვარდებითაა მორთული, ხოლო ზამთარში თოვლით, სასიამოვნო სეირნობის გარანტიაა. პატარა კაფეები, საცხობები, ვინტაჟური მაღაზიები და გალერეები ამ კომპაქტურ და ხელმისაწვდომ ქალაქს განსაკუთრებულ შარმს სძენენ.

თუ კუნძულები, ხელოვნება და სიმწვანე გხიბლავთ, შვედეთის დედაქალაქი თქვენი არჩევანი უნდა იყოს, მაგრამ თუ ღამის ცხოვრება, ახალგაზრდული გარემო, ჯაზი და ურბანიზაცია გხიბლავთ, მაშინ დანიის დედაქალაქს მიაშურეთ. და თუ მაინც გსურთ შვედეთის შეგრძნობა, მაშინ იცოდეთ, რომ მალმო კოპენჰაგენიდან 35 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს მატარებლით.