ადვილია შეგიყვარდეთ კოპენჰაგენი – ქალაქი რომელიც ერთდროულადაა ისტორიული და თანამედროვე, ტრადიციული და ინოვაციური. დანიის დედაქალაქი ცნობილია დიზაინით, სამზარეულოთი და სასიამოვნო ატმოსფეროთი. იმის გათვალისწინებით, რომ კოპენჰაგენი ბიუჯეტური მიმართულება არაა, ჩვენ ამ ქალაქში უფასო აქტივობებს გირჩევთ.

1. გააცოცხლეთ კოპენჰაგენის საზღვაო წარსული – Nyhavn

Nyhavn-ის ცოცხალი ფერები და ისტორიული გემები კოპენჰაგენის გამორჩეულ ადგილს ქმნიან. გაისეირნეთ ამ არხის გასწვრივ საუკეთესო ხედებისთვის და ფოტოებისთვის. შეხედეთ 20 ნომერ სახლს, სადაც ჰანს კრისტიან ანდერსენი ცხოვრობდა. იხილეთ ნავსადგური, რომელიც გარემოს აგვირგვინებს. ადგილობრივების მსგავსად, იყიდეთ წასახემსებელი და ლუდი და წყლის პირას პიკნიკი მოიწყვეთ.

2. მიაგეთ პატივი ქალთევზას

კოპენჰაგენში ჩამოსული ვიზიტორების უმრავლესობა ჰანს კრისტიან ანდერსენის ქალთევზას სანახავად მიილტვის. ცნობილი სკულპტურა სანაპიროზეა განთავსებული ლანგელინის პარკთან. ეწვიეთ დილით ან გვიან საღამოს, რათა ბევრ ხალხს თავი აარიდოთ.

3. დატკბით კრისტიანსბორგის სასახლის ხედებით

ცენტრალური კოპენჰაგენის პანორამული ხედებისთვის ეწვიეთ კრისტიანსბორგის სასახლეს, სადაც დანიის პარლამენტია განთავსებული. მართალია სასახლის ტურები ფასიანია, მაგრამ კოშკზე ასვლა უფასოა! 108 მეტრი სიმაღლიდან, კოპენჰაგენის უმაღლესი გადმოსახედი წერტილიდან ყველა მხარეს გასაოცარი ხედები დაგხვდებათ.

4. თორვალდსენსის მუზეუმი/Thorvaldsens Museum

ეს მშვიდი მუზეუმი კრისტიანსბორგის სასახლის გვერდით მდებარეობს და დანიელ სკულპტორს, თორვალდსენს ეძღვნება. აქ მისი ათასამდე ნამუშევარი ინახება. შესვლა ოთხშაბათობით უფასოა.

5. დატკბით ხელოვნებით – Ny Carlsberg Glyptotek

კოპენჰაგენის ეს ღირსშესანიშნაობა სავსეა სკულპტურებით და ნახატებით, რომელთა ავტორებიც არიან როდენი, ვან გოგი, გოგენი და სხვა არტისტები. შესვლა უფასოა სამშაბათობით. მუზეუმის შენობა თავადაც ხელოვნების ნიმუშია. აქ იხილავთ გასაოცარი ზამთრის ბაღს და ტერასას პანორამული ხედებით.

6. კოპენჰაგენის თანამედროვე ხელოვნება – Nikolaj Kunsthal

უფასო ოთხშაბათობით – ეს მუზეუმი ყოფილი ეკლესიის შენობაში მდებარეობს და თანამედროვე ხელოვნების ცენტრია. გამოფენები მუდმივად იცვლება და სოციალურ და პოლიტიკურ საკითხებზე კონცენტრირდება.

7. გაისეირნეთ გეფიონის შადრევანთან

Gefion Fountain – ღვთაება გეფიონს წარმოგვიდგენს მისი ხარებით. შადრევნის უკან კასტელეტი/Kastellet მდებარეობს, ციხესიმაგრე, რომელიც 1600 წელს ქალაქის დასაცავად ააგეს.

8. ჩაიძირეთ ძველი ქალაქის ატმოსფეროში

Strøget – მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გრძელი საფეხმავლო ქუჩაა, რომელიც კოპენჰაგენის ცოცხალი ცენტრია. დაათვალიერეთ ისტორიული შენობები, მოედნები და შადრევნები. აქ სეირნობის დროს მშვიდ ქუჩებსაც აღმოაჩენთ ფერადი სახლებით.

9. დააფასეთ მშვიდი მწვანე გარემო – Kongens Have

კოპენჰაგენი სავსეა მწვანე სივრცეებით, მაგრამ ეს “სამეფო ბაღი” განსაკუთრებით ლამაზია. ბაღში როზენბორგის სასახლე მდებარეობს, სამეფო საზაფხულო რეზიდენცია. აქაური გარემო იდეალურია პიკნიკისთვის.

10. ბოტანიკური ბაღი – Botanisk Have gardens

კოპენჰაგენის ისტორიული ბოტანიკური ბაღი ოაზისია გაჭიმული 10 ჰექტარზე. აქ 13000-მდე სახეობის ხე, ყვავილი და მცენაარეა. პარკის შუაგულში მშვიდი ტბა მდებარეობს. პალმის სახლში ვიზიტი ფასიანია, მაგრამ თვითონ ბოტანიკურ ბაღში შესვლა უფასოა.

11. რიტუალი ამალიენბორგის სასახლესთან

Amalienborg Palace – დედოფალი მარგარეტ მეორეს და დანიური სამეფო ოჯახის ოფიციალური რეზიდენციაა. შიგნით შესასვლელად ბილეთის ყიდვაა საჭირო, მაგრამ სამეფო დაცვის ჯარისკაცების შეცვლის ცერემონიალს უფასოდ შეგიძლიათ დააკვირდეთ. ყოველ შუადღის 12 საათზე აქ დაცვა დემონსტრაციულად იცვლება. იქვე მდებარე ამელიჰავნის ბაღების მონახულებაც უფასოა.

12. ისიამოვნეთ გემოებით ბაზარში – Torvehallerne Market

კოპენჰაგენის ეს ბაზარი საჭმლის მოყვარულთა სამოთხეა. ორი შუშის პავილიონი და გარე დახლები თქვენ განკარგულებაშია, რომ ადგილობრივი პროდუქცია აარჩიოთ. დაათვალიერეთ ბაზრის მრავალფეროვნება და შეარჩიეთ საპიკნიკე მასალა იაფად.

13. შეაფასეთ სამეფო ბიბლიოთეკის არქიტექტურა

სამეფო ბიბლიოთეკა ორი სექციისგან შედგება: ორიგინალი შენობა, დაარსებული მე-17 საუკუნეში და თანამედროვე ნაწილი, აშენებული 1999 წელს. ახალს “შავ მარგალიტს” უწოდებენ, ის წყლის ნაპირას მდებარეობს. ინტერიერი ნამდვილად გაოცებულს დაგტოვებთ. მთავარი დარბაზი საჯაროდაა ღია. ბიბლიოთეკის ისტორიულ ნაწილსა და დანიის პარლამენტს შორის პატარა ბაღს აღმოაჩენთ, სადაც შეგიძლიათ დაღლილებმა დაისვენოთ.

14. მოინახულეთ ისტორიული ეკლესიები

კოპენჰაგენის ბევრ ეკლესიაში უფასოდ შეხვალთ. Christiansborg Slotskirke – სამეფო ნათლობების და დაკრძალვების ადგილი იყო. Vor Frue Kirke-ში სამეფო ქორწილები ეწყობოდა. Marmorkirken – შთამბეჭდავი მარმარილოს ტაძარია. გამორჩეულია ბაროკოს არქიტექტურის ნიმუშიც: Vår Frelsers Kirke.

15. შეიგრძენით ბოჰემური კოპენჰაგენი – Freetown Christiania

ეს კოპენჰაგენის უნიკალური ადგილი ძალიან მრავალფეროვანია. ის 1971 წელს მიტოვებულ სამხედრო ბაზაზე შეიქმნა და ქალაქის ალტერნატიული სული შექმნა. “მწვანე სინათლის გამზირი” ცენტრალური უბანია, სადაც მარიხუანას ყიდვაცაა შესაძლებელი. აქ ბევრი და ლამაზი ქუჩის ხელოვნებაც დაგხვდებათ და მშვიდი ტბაც.

16. იცურავეთ ნავსადგურში

კოპენჰაგენის ნავსადგურის შემოგარენში სუფთა წყალია საცურაოდ. ქალაქს 3 ნავსადგურის აუზი აქვს, რომელთა გამოყენებაც უფასოა. განსაკუთრებით სასიამოვნოა ზაფხულის თვეებში.

17. გაისეირნეთ სანაპიროზე – Amager Strand

ზაფხულში თუ თბილ ამინდებში ერთი სასიამოვნო განტვირთვის დღე რომ მოიწყოთ, კოპენჰაგენიდან გაყევით მეტროს Amager Strand-მდე და გაატარეთ დრო წყლის პირას. შეგიძლიათ უბრალოდ ისეირნოთ და წიგნი წაიკითხოთ ამ ქვიშიან სანაპიროზე.

18. იგრძენით ჰიპსტერული ატმოსფერო – Jægersborggade

გაემართეთ უბანში ნორებრო და გაისეირნეთ Jægersborggade-ზე, კოპენჰაგენის ერთ-ერთ საუკეთესო ქუჩაზე, სადაც ადგილობრივ ახალგაზრდულ კულტურას შეიგრძნობთ. აქ ბევრი არტისტის სტუდია და ვინტაჟური მაღაზიაა.

საუკეთესო ერთდღიანი ტურები კოპენჰაგენიდან