თუ ზაფხულში სანაპირო დასვენება გსურთ, თურქეთი მშვენიერი არჩევანია. ეგეოსისა და ხმელთაშუაზღვას შორის მდებარე ეს საზაფხულო ადგილი ივლისსა და აგვისტოში განსაკუთრებით პოპულარულია. აქ ბევრი ტურისტული მიმართულებაა, საბანაო სეზონი კი მაისიდან ოქტომბრამდე გრძელდება.

ბოდრუმი

თაფლობისთვის და რომანტიკული დასვენებისთვის ეს იდეალური მიმართულებაა. ეგეოსის ზღვის ნაპირებზე მდებარე ბოდრუმი მდიდრულ დასვენებას და სრულ რელაქსაციას გპირდებათ. გაატარეთ დრო თეთრ ქვიშიან სანაპიროებზე, აუზებზე, მიიღეთ თერაპიული აბაზანები სპა ცენტრებში. აქ გემრიელ ხმელთაშუაზღვის სამზარეულოსაც დააგემოვნებთ. ეს იაფია ვიდე სან-ტროპე და იბიზა და არც გლამურით ჩამოუვარდება მათ. ის ასევე იახტების და ნავების ჰაბიცაა. შეგიძლიათ ბორანით კოსის კუნძულზეც გადახვიდეთ.

BOZCAADA/ბოზჯადა

თუ ნაკლებად ცნობილ საზაფხულო მიმართულებას ეძებთ, ამ კუნძულს მიაშურეთ. ეს ეგეოსის ერთ-ერთი კუნძულია, რომელიც თურქეთს ეკუთვნის და არა საბერძნეთს. აქ ძალიან უყვართ ჩამოსვლა ახალგაზრდებს და წყვილებს. მისი მომხიბვლელი ქუჩები სავსეა საყვარელი კაფეებით და ფერადი შენობებით. აქვეა ფანტასტიკური ვენახები და ქვიშიანი სანაპიროები. აქ მოსახვედრად კანაკალედან სამგზავრო ბორანს გაყევით.

იზმირი

იზმირი თურქეთის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია და ამასთანავე, ყველაზე დასავლური და ლიბერალური. ამ დატვირთულ თანამედროვე ქალაქში ძველი შენობები ხანძრის გამო თითქმის სრულად განადგურდა. მაგრამ, თუ ურბანული ესთეტიკა და კოსმოპოლიტური სანაპირო მოგწონთ, დასასვენებლად იზმირი აარჩიეთ. ქალაქის ცენტრი იზმირის აეროპორტიდან 25 წუთის სავალზეა.

კუშადასი

კუშადასი დიდი, თანამედროვე საპორტო ქალაქია, იზმირის მსგავსი, სადაც საკურორტო სანაპიროებით და ანტიკური ადგილებით იქნებით გარშემორტყმულნი. ნავის ტურებით და კრუიზებით ქალაქის ნავსადგურიდან შეგიძლიათ ისარგებლოთ. აქ სასიამოვნო სანაპიროები, ბულვარი, ღამის ცხოვრება და წვრილი ქუჩებია. აქედან ბორანით შეგიძლიათ საბერძნეთის კუნძულ სამოსზე გადახვიდეთ. საცურაო პარკებით აქ დროს გასართობი აქტივობებითაც გაიყვანთ. კუშადასი იზმირის აეროპორტიდან საათნახევრის გზაზეა.

GOCEK/გოჩეკი

მას “თურქეთის მონაკოსაც” უწოდებენ. თუმცა, აქ მაღალი შენობები, კაზინოები და გაპრიალებული ქუჩები არაა. ეს პატარა, სასიამოვნო საპორტო ქალაქია ბევრი იახტით და სანაპიროთი. რესტორნებისა და მაღაზიების ფასები ოდნავ მაღალია, მეტი განსხვავება სხვა კურორტებთან შედარებით აქ არ იგრძნობა.

მარმარისი

მარმარისი თურქეთის პოპულარული კურორტია. ეს დიდი ქალაქია, სადაც ბევრ სასტუმროს აღმოაჩენთ და ღამის ცხოვრებითაც გაერთობით. მას ბოდრუმის ესთეტიკა აკლია, თუმცა შოპინგით ძალიან ცნობილია. დიდ ბაზარში ცნობილი დიზაინერების და ბრენდების ბრწყინვალე ყალბ ვერსიებს მიაგნებთ. მარმარისში არაჩვეულებრივი საკვების ბაზრობებიცაა, იაფად კვებისთვის. თუ კანარის კუნძულების ატმოსფერო გსურთ, თურქეთში ეს ყველაზე მიახლოებული ვარიანტია. დაათვალიერეთ მარმარისის ეროვნული პარკი და გადადით ბორანით ბერძნულ კუნძულ როდესზე.

FETHIYE/ფეტიე

ეს კომპაქტური ქალაქი და ტურისტებისთვის სასიამოვნო სივრცეა. თავად ქალაქს სანაპირო არ აქვს, თუმცა ცენტრიდან რამდენიმე კილომეტრში, მინი-ავტობუსის გამოყენებით კალის სანაპიროზე მოხვდებით. ავტობუსები და წყლის ტაქსები სანაპირომდე რეგულარულად დადიან. ბულვარი, რომელიც ნავსადგურს მიუყვება, აქ ჩამწკრივებულ ნავებს საინტერესო დასათვალიერებელს ხდის. აქ თევზის ბაზრობაა, სადაც შეძენილ პროდუქტს იქვე მდებარე რესტორანში დაგიმზადებენ.

OLUDENIZ/ოლუდენიზი

ოლუდენიზის სანაპიროს თურქეთის ტურისტულ ბროშურებში და რეკლამებში იხილავთ. ეს პატარა ქალაქია განვითარებული პირდაპირ სანაპიროს უკან და ხმაურიანი ქვიშიანი წყლის ნაპირით გამოირჩევა. მის ერთ ბოლოში “ცისფერი ლაგუნა” მდებარეობს, რომელიც დაცული ზონაა და შესასვლელად ბილეთია საჭირო. თუ იაფი და ხმაურიანი დასვენება გსურთ, აქ ნამდვილად მოგეწონებათ.

კალკანი

კალკანი მძინარე სათევზაო სოფლიდან პოპულარულ საკურორტო მიმართულებად იქცა. აქ გამჭვირვალე წყალი და ნავსადგურია, სადაც ბევრ ბარ-რესტორანს აღმოაჩენთ. ძველი ქალაქი სავსეა ხის აივნებით და ყვავილებით. წყლისპირა სასტუმროები სანაპირო კლუბებს უერთდებიან. აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ნანგრევებიც მდებარეობს.

KAS/კაში

კაში კალკანის მომხიბვლელი პატარა დაიკოა. ის ნავსადგურის ქალაქს წააგავს, მაგრამ უფრო პატარა და უფრო მძინარეა. ამ კურორტში ბევრი რამით შეიქცევთ თავს, მათ შორის ექსკურსიებით და კაიაკით. შეგიძლიათ პატარა ბერძნული კუნძული კასტელორიზოც მოინახულოთ.

ანტალია

ანტალია თურქეთის სანაპირო ქალაქებს შორის უდიდესია. ეს თანამედროვე ქალაქი, მომხიბვლელი ისტორიული ცენტრით, ნავსადგურით და მოწესრიგებული სატრანსპორტო ქსელით, ანტიკური ადგილების, გემრიელი სამზარეულოს და დაუვიწყარი ღამის ცხოვრების მიქსია. საუკეთესო სანაპიროებია: ლარა და კონიალტი. ლარას სანაპიროს სიახლოვეს ცნობილი დუდენის შადრევნებიც მდებარეობს. კონიალტის სანაპიროსთან მდებარე სასტუმროები უფრო ბიუჯეტურია, რადგანაც ლარა მდიდრულ სასტუმროებს აერთიანებს. ანტალიის აეროპორტი ქალაქიდან საკმაოდ ახლოსაა.

ალანია

სანაპირო ქალაქი ალანია ანტალიის მეზობელი და მისი იაფი ვარიანტია. სანაპიროების დიდი არჩევანი აქაცაა, თუმცა მათ შორის საუკეთესო – კლეოპატრას სანაპიროა. ამ კურორტზე გრძელი ბულვარი, ბევრი მაღაზია, ღამის კლუბები, ძველი ქალაქი და შთამბეჭდავი ციხესიმაგრეა. ზედგამოჭრილია ოჯახური დასვენებისთვისაც. ისარგებლეთ ნავის ტურებით ხმელთაშუაზღვაში, დაათვალიერეთ გარემო და იცურავეთ ნაპირისგან მოშორებით. ალანია ანტალიის აეროპორტიდან 2 საათის სავალ გზაზეა.