ზოგიერთი მოგზაურობა არაა უბრალოდ მოგზაურობა. ზოგიერთი მათგანი ისტორიაში შებიჯებას ჰგავს, რომელიც თითქოს საუკუნეების მანძილზე მშვიდად გელოდა. ტაო-კლარჯეთი და კაბადოკია სწორედ ასეთია. ეს არაა მხოლოდ მარშრუტი რუკაზე, ესაა დროში და წარმოსახვაში მოგზაურობის პასაჟი.
გზა ტაოდან იწყება,
როგორც კი ვალეში საზღვარს გადაკვეთთ, რაღაც მნიშვნელოვნად იცვლება გარშემო. ლანდშაფტი უფრო ღრმა და ძველი ხდება. აქ ყველა მთა მოგონებას ინახავს. შემდეგ გზა დაკარგული ციხესიმაგრეებისკენ, ჯაყისკენ, მერესკენ, ჰურისკენ და ოლთისისკენ მიგვაქროლებს. ისინი უძველესი სამეფოების ნაშთები არიან და ერთ დროს ამაყად ბრწყინავდნენ. მათ არამხოლოდ ვხედავთ, არამედ ვგრძნობთ, ქარი კი თითქოს სხვადასხვა ისტორიას გვიყვება მათზე. ზღვის დონიდან 2550 მეტრზე მდებარე ერუშეთის უღელტეხილზე იხილავთ ხედს, რომელიც თითქოს არარეალურია: ვრცელი და ხელშეუხებელი. იხილავთ მდინარე მტკვრის სათავეს, რომელიც გვარწმუნებს იმაში, რომ ყველაფერი რაც მოედინება, საწყისი აქვს.
შემოგეგებებათ ბანას კათედრალი, რომლის წინაშეც თავს თითქოს ძალიან პატარად იგრძნობთ, მისი დიდებულების ჩრდილში. სებასტიის ტბა, სადაც 40 სებასტელი მოწამე ეწამა, სრული მდუმარებითაა გარემოცული. შეაბიჯებთ კაბადოკიაში, რომელიც იმდენად არარეალურად გეჩვენებათ, მონახულების დროსაც კი ეჭვი შეგეპარებათ მის არსებობაში. კაბადოკია იმ სიზმარს ჰგავს, რომლიდან გამოღვიძებაც თითქოს დაგვავიწყდა.
ერჯეისის ვულკანური მთის ამოფრქვევის შედეგად წარმოქმნილი კაბადოკია ფანტაზიურ სამყაროს მალავს, რომელიც ბუნებამ და ადამიანის ხელებმა შექმნეს. ანტიკურ ეკლესიებში შესვლისას იგრძნობთ, რომ ფრესკები ისევ სუნთქავენ, საუკუნოვანი ისტორიები კი ისევ ცოცხლობენ.

მზის ამოსვლამდე გაღვიძება აქ საერთოდ არ გაგიჭირდებათ, რადგანაც სირთულეს გადაფარავს ის, რასაც იხილავთ: ასობით საჰაერო ბუშტი, რომელიც ჰაერში დაფრინავს. ვერანაირი ფოტო და ვიდეო ვერ ასახავს ამ სილამაზეს. ის მშვიდი, სიურეალისტური და საოცრად ემოციურია. მას არაუბრალოდ უყურებთ, არამედ მისი ნაწილი ხდებით.
გორემის ღია ცის ქვეშ მუზეუმი არამხოლოდ ადგილია, არამედ არქივი, რომელიც ქვაშია გამოკვეთილი: ეკლესიები, მონასტრები და ფარული საკურთხევლები. ტოკალის ეკლესიაში რაღაც ნაცნობი შემოგეგებებათ, ქართული წარწერა: “შენ ხარ ვენახი”, პატარა მაგრამ ძლიერი კავშირი საკუთარ ფესვებთან.
გინახავთ ქალაქი მიწისქვეშ? ეს დერინქუიუა, მიწიქვეშა ოთახებით და გვირაბებით, სადაც სიარული სიურეალისტურ შეგრძნებებს გვანჭებს, თითქოს ადამიანთა მოდგმის ფარულ თავს ვსწავლობთ.
საღამოები ურგუპში თბილი და სასიამოვნოა. ქუჩები და კაფეები მშვიდია, ატმოსფერო კი სრულყოფილი. აქ აუჩქარებლად დადიხართ, აგემოვნებთ ადგილობრივ ტკბილეულს და დრო თითქოს ნელა გადის.

უკანა გზა ისეთივე არ იქნება, როგორც ჩასვლის. იქიდან შევსებული, მოგონებებით დახუნძლული და მეტად გათვიცნობიერებული წამოხვალთ. იგრძნობთ ცვლილებას საკუთარ თავში. რატომაა მნიშვნელოვანი ტაო-კაბადოკიის მოგზაურობა? იმიტომ, რომ ეს არაა უბრალოდ სამოგზაურო სიაში რაღაც ადგილის გადახაზვა, ესაა იმ ისტორიის ხილვა, რომელიც დღემდე სუნთქავს; იმ ლანდშაფტების მონახულება, რომელიც სხვაგან არ არსებობს და იმ მომენტების გაზიარება, რომლებიც მოგონებებად იქცევიან.
ტაო-კლარჯეთი და კაპადოკია არაა მხოლოდ მიმართულება, ესაა გამოცდილება, რომელიც სამუდამოდ გრჩებათ.










