ბოდრუმი თურქეთის პოპულარული დასასვენებელი მიმართულებაა. მართლაც, საკმარისია აქ ერთხელ მოხვდეთ, რომ ის აუცილებლად შეგიყვარდებათ. და მაინც, რატომ ბოდრუმი?
აქ ბევრი ლამაზი სანაპიროა
ბოდრუმი მრავალფეროვანი სანაპიროებით გამოირჩევა. აქ დღისით სისუფთავე და სიმშვიდე, ღამით კი კლუბური მუსიკა და წვეულებების ატმოსფეროა. ჩვენ საუკეთესო სანაპიროებს გირჩევთ:
- Ilgın Cove – სოფელ მაზიში მდებარე ეს სანაპირო ტურისტებში ჯერ ცნობილი არაა. აქ სერვისების ნაკლებობაცაა, ამიტომ უმჯობესია თუ საკვებს თავად წაიღებთ. აქ უბრალოდ ჩაიძირებით ზღვის და ბუნების გარემოცვაში და არაფერი შეგაწუხებთ.
- Gümüşlük – აქ ბევრი თევზის რესტორანი და მაღაზიაა. ასევე, საოჯახო სასტუმროები წყლის პირას.
- Yahsi Beach – ეს ბოდრუმის გამორჩეული სანაპიროა ყველანაირი აღჭურვილობით. მაღაზიები, რესტორნები და ქოლგები მთელ ოჯახს ასიამოვნებს. წყლის სპორტით დაკავების მრავალფეროვანი შესაძლებლობებიც გაქვთ.
- Akyarlar – ეს სანაპირო საუკეთესო გადაწყვეტილებაა მაშინ, როცა ტურისტული ქალაქის ცენტრიდან გაქცევა გსურთ.
- Kargı Beach – აქ ქვიშიანი სანაპირო და თეთრი ვილები დაგხვდებათ გემრიელ თევზის რესტორნებთან ერთად.
აქ უგემრიელესი საჭმელია
აქ ყოფნისას მალევე აღმოაჩენთ, რომ ბოდრუმში ყველაფერი გემრიელია, რადგანაც საუკეთესო ინგრედიენტებით მზადდება. ფანტასტიკური რესტორნები მზად არიან გიმასპინძლონ. ყველაზე კარგ ზღვის პროდუქტებს Gumusluk-ში დააგემოვნებთ. ამას გირჩევენ ადგილობრივებიც. სოფელს თევზაობის დიდი გამოცდილება აქვს და კერძების მომზადებას კრეატიულად უდგებიან. აქაური რესტორნების უმეტესობა ზღვას გადაჰყურებს.
აქ საკმაოდ გრძელი სეზონია
ბოდრუმში სეზონი ბევრად ხანგრძლივია, ვიდრე სხვა ტიპურ კურორტებზე. აქ ცხელა მაისშიც, სექტემბერშიც და ოქტომბერშიც. ეს კი ნიშნავს იმას, რომ დაისვენებთ ხალხმრავლობის გარეშეც.
აქ ისტორიული ძეგლებია
წმ. პეტრეს ციხესიმაგრე ამ ქალაქის სავიზიტო ბარათია. ის მე-15 საუკუნეში აშენდა და წლების მანძილზე იყო სამხედრო ბაზა, ციხე და საჯარო აბანოც კი. დღეს აქ ბოდრუმის წყალქვეშა არქეოლოგიის მუზეუმია.
მეორე ისტორიული ძეგლი ბოდრუმის ამფითეატრია – ეს ანტიკური ისტორიის მონუმენტია, აგებული მე-4 საუკუნეში. აქედან მთელი ბოდრუმის ულამაზესი ხედები იშლება.
აქ უამრავი ნავის ტურია
სხვადასხვა ტიპის ნავები მზად არიან ეგეოსის ზღვაში გაგასეირნონ და და გასიამოვნონ. ზოგიერთი მათგანი მოიცავს სასმელს და ლანჩს. სურვილისამებრ, შეგიძლიათ იცურაოთ შუა ზღვაში ან ჩამოხვიდეთ Camel Beach-ზე, სადაც ოქროსფერ ქვიშაზე აქლემებით გასეირნებაც შეგიძლიათ.
აქ ცოცხალი ღამის ცხოვრებაა
პალმარინა ბოდრუმის კაშკაშა მიმართულება გახდა, მოდური სასტუმროებითა და რესტორნებით. გაისეირნეთ პალმებს შორის, სანაპიროზე და იშოპინგეთ. ღამით კი ქალაქი სულ სხვაგვარ ატმოსფეროს შემოგთავაზებთ – უამრავი ჯაზ ბარითა და სანაპირო კლუბით. Xuma მათგან ყველაზე პოპულარულია.