ესპანეთი ბავშვებთან ერთად მოგზაურობისთვის ბრწყინვალე ქვეყანაა. ამ მხრივ გამორჩეულია მისი დედაქალაქიც – მადრიდი. ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია, ცოცხალი ფერებით და მჩქეფარე კულტურით. მადრიდელები გიჟდებიან ბავშვებზე. აქ ბევრ მშობელს ნახავთ მოსეირნეს პატარებთან ერთად როგორც ქუჩებში, ასევე პარკებში და საბავშვო სივრცეებში.

დელ ბუენ რეტიროს პარკი/Parque del Buen Retiro

ეს ელეგანტური პარკი მე-19 საუკუნემდე მონარქების საკუთრება იყო. დღეს ყველას შეუძლია შესვლა, ბილიკებზე სეირნობა, ტბაზე ნავის ქირაობა და აშ. უზარმაზარი სივრცე იდეალურია ოჯახური პიკნიკებისთვის.

ლა ესკალერა დე ჯეიკობი/La Escalera de Jacob

ეს პატარა თეატრი ლავაპიეში ულამაზესი ფილებით მორთული ფასადით გამოირჩევა და რაც მთავარია, აქ ხშირად ტარდება საბავშვო პერფორმანსები. მათ შორის, დამამშვიდებელი შოუები 1 წლამდე ბავშვებისთვის.

პუერტა დე ჰიეროს პარკი/Puerta de Hierro Sports Park

ამ სპორტული კომპლექსის ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ღია საცურაო აუზია. აქ ზრდასრულებიც და ბავშვებიც სასიამოვნო ერთობიან. პატარებისთვის სპეციალურად გამოყოფილი საბავშვო აუზია. აუზი ღიაა მაისიდან სექტემბრამდე.

მერკადო დე სან მიგელი/Mercado de San Miguel

ეს ცოცხალი საჭმლის ბაზრობა დაახლოებით 20 დახლს აერთიანებს სხვადასხვა საკვებით და ტკბილეულით. აქ ბავშვებს განსაკუთრებით მოეწონებათ ბურგერები, ხრაშუნა პატატები და გემრიელი ტორტილები.

მიირთვით ჩუროსი/Churros

მადრიდში ბევრი კაფეა, სადაც გემრიელ ჩუროსს დააგემოვნებთ. ყველაზე ძველი და საყვარელია სან გინესის შოკოლატერია (La Chocolatería San Ginés) რომელსაც ამ გემრიელი ესპანური დესერტის მომზადებაში 100 წლიანი გამოცდილება აქვს. ღიაა 24 საათი, ყოველდღე.

თოჯინების თეატრი/Teatro de Titeres

ეს ღია თოჯინების თეატრი თქვენს პატარებს მოუყვება მეკობრეების, მონსტრებისა თუ ჯადოსნური პეპლების შესახებ. ბავშვებს აქ სპექტაკლების ყურება ძალიან უყვართ.

ტისენ-ბორნემისზას მუზეუმი/Museo Thyssen-Bornemisza

ეს ულამაზესი ხელოვნების კოლექცია წარმოგვიდგენს სხვადასხვა სტილს მე-13 საუკუნიდან მე-20 საუკუნემდე. აქ ბავშვებისთვის ბევრი ღონისძიება ტარდება. მაგალითად, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში”. პატარებს ჩართავენ სვადასხვა თამაშსა თუ იმპროვიზაციაში მათი ინოვაციური აზროვნების გასავარჯიშებლად.

უორნერის პარკი/Parque Warner

ეს პარკი უბრალოდ დაუვიწყარი თავგადასავალია ბავშვებისთვის. როგორც მცირეწლოვანებისთვის, ასევე თინეიჯერებისთვის. აქ მოსახვედრად გაყევით მატარებელს მადრიდიდან პინტოში. გზას დაახლოებით 20 წთ დასჭირდება და ადით 413 ნომერ ავტობუსში.

ფრესას მატარებელი/Tren de la Fresa

გაზაფხულის და შემოდგომის უიქენდებზე, ეს ისტორიული მატარებელი გამყოლებით, რომლებიც ჩაცმულობით და ვარცხნილობით 1920-იანი წლებიდან არიან, ვიზიტორებს 2 საათიან მოგზაურობას უწყობენ არანჯუეზში. ზრდასრულებისთვის ბილეთის ღირებულებაა €27.05, ხოლო ბავშვებისთვის – €21. ის მე-19 საუკუნეში ააგეს, რათა იზაბელა მეორე საზაფხულო სახლიდან ქალაქში წასულიყო ხოლმე.

ატრაქციონების პარკი/Parque de Attraciones

ეს პარკი ქალაქის ცენტრთან უფრო ახლოს მდებარეობს ვიდრე უორნერის პარკი. ატრაქციონების პარკამდე მეტროთი სულ რაღაც 15 წთ დაგჭირდებათ. აქ ბევრნაირი ატრაქციონი და კარუსელია.