გერმანიის დედაქალაქი მცირეწლოვნებთან ერთად მოგზაურობისთვის შესანიშნავი მიმართულებაა. გარდა იმისა, რომ ბერლინში ბევრი მწვანე სივრცე და გასართობი პარკებია, აქ ბევრი მუზეუმიც მდებარეობს ბავშვების ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. პატარებს ექნებათ საშუალება გაიცნონ წყლის და ხმელეთის ცხოველები. მოკლედ, გირჩევთ აქტივობებს ოჯახური გართობისათვის:

ლეგოლენდი/Legoland

თუ ბავშვს ლეგოები დიდად არ იტაცებს, ის ამ უზარმაზარ ლეგოლენდის ცენტრში მაინც მშვენივრად გაერთობა. მეტიც, ეს შიდა გასართობი სივრცე ზრდასრულებსაც კი ართობთ. აქ იხილავთ 5 მილიონ ლეგოს დეტალს, ინტერაქციულ გასართობებს და 4D კინოს.

მისამართი: Potsdamer Straße 4

ბერლინის ზოოპარკი და თიერპარკი

1844 წელს გახსნილი ბერლინის ზოოპარკი (Berlin Zoo) გერმანიაში უძველესი და ერთ-ერთი საუკეთესო ზოოპარკია. აქ დაახლოებით 2000 ცხოველი, რეპტილია და ჩიტი ბინადრობს. ასევე, ქვეყნის ფარგლებში, მხოლოდ აქ იხილავთ პანდებს. დედაქალაქის მეორე ზოოპარკი – თიერპარკი (Tierpark) ასევე არაჩვეულებრივია თავისი ჟირაფებით.

მისამართები: Hardenbergplatz 8; Am Tierpark 125

აქუადომი და ზღვის ცხოვრება/AquaDom & Sea Life

ორივე ეს ფანტასტიკური აკვარიუმი ვიზიტორებს დაუვიწყარ მოგზაურობაში ეპატიჟება და მისტიკურ წყლისქვეშა სამყაროს აცნობს. აქუადომი სასტუმრო რედისონში მდებარეობს და ლიფტში ჩაშენებული აკვარიუმია, სადაც 1500 ტროპიკული თევზი ცხოვრობს. “ზღვის ცხოვრება” კი ეგზოტიკურ წყლის ბინადრებს გაგაცნობთ.

სამეცნიერო ცენტრი სპექტრუმი/Science Center Spectrum

ეს ცენტრი როგორც ბავშვების, ასევე ზრდასრულების ცნობისმოყვარეობას აკმაყოფილებს. აქ 150 გამოფენაა, სადაც მეცნიერების და ტექნოლოგიების ექსპერიმენტებს აღმოაჩენთ. აქ აუცილებლად გაიგებთ ბევრ საინტერესო ფაქტს და გახალისდებით.

მისამართი: Möckernstraße 26.

ბუნების ისტორიის მუზეუმი/Natural History Museum

ეს არაჩვეულებრივი გამოფენა ბავშვებს ნამდვილად არ მოაწყენს. მუზეუმის ვარსკვლავია საუცხოოდ აღდგენილი ტირანოზავრის ჩონჩხი, მაგრამ აქ იურიული პერიოდის სხვა ცხოველებს და მცენარეებსაც იხილავთ. ბავშვები ბევრს ისწავლიან ევოლუციის, პლანეტების, კოსმოსის, მზის სისტემის, მინერალების და ცხოველების შესახებ.

საბავშვო მუზეუმი ლაბირინთი/Labyrinth Kindermuseum

ეს ადგილი უფრო სათამაშო სივრცეა, ვიდრე მუზეუმი. მისი მიზანია გვასწავლოს თამაშით. აქ ოჯახის წევრები ბევრ საინტერესო აქტივობაში ერთვებიან: ბევრია აღმოსაჩენი, კიბეებია გადასალახი, პატარა მანქანებია გასატარებელი, გვირაბებია გასაძრომი… ლაბირინთის მუზეუმში პატარები საგზაო წესებს ისწავლიან. განსაკუთრებით რეკომენდირებულია 3-დან 11 წლამდე ბავშვებისათვის. გაითვალისწინეთ, რომ ფეხსაცმლის გახდა მოგიწევთ და წაიღეთ თან წინდები.

თოკების პარკი/Waldhochseilgarten Jungfernheide

ეს შესანიშნავი ადგილია იმისათვის, რომ პატარებმა ენერგია დახარჯონ. ეს სათავგადასავლო საცოცი სივრცე მშვიდ და ლამაზ ბუნებაში მდებარეობს გარშემორტყმული მუხის ხეებით. დაგხვდებათ სხვადასხვა სირთულის და დონის აქტივობები, ამიტომაც 6 წლის ასაკიდან, სპორტული გართობისთვის ნებისმიერი მსურველი დაძლევს შესაბამის ბილიკს: იოლს, საშუალოს და რთულს.

მისამართი: Heckerdamm 260

გერმანიის ისტორიის მუზეუმი/German Historical Museum

ეს მუზეუმი ბავშვებს გერმანულ ისტორიას ასწავლის. აქ ქვეყნის შესახებ ინფორმაცია სურათებით, პოსტერებით, დროშებით, დეკორაციებით, პრინტებით, რუკებით და სხვა საინტერესო ნივთებითაა გადმოცემული.

სპორტული სათავგადასავლო დარბაზი/BergWerk

ეს ბრწყინვალე ადგილია, თქვენს პატარებთან ერთად დრო რომ აქტიურად და სასიამოვნოდ გაატაროთ. აქ ინტერაქციული სათავგადასავლო დარბაზი დაგხვდებათ, სადაც ყველა ასაკის ადამიანი ისიამოვნებს.

მისამართი: Stendaler Str. 25

საბავშვო მუზეუმი/MACHmit!

ბერლინი მდიდარია ბავშვებში ინტერესის აღმძვრელი მუზეუმებით და ესეც მორიგი მათთვის განკუთვნილი ადგილია. მუზეუმი ბავშვებსა და თინეიჯერებს საინტერესო ინფორმაციას აწვდის თამაშის და ხელსაქმის შესახებ. აქ არის პრინტის ოთახი, საპნის მაღაზია, სარკეების დარბაზი და სხვა საგამოფენო სივრცეები.

მისამართი: Senefelderstraße 5

იხილეთ ასევე: როგორ გაერთობით ამსტერდამში ბავშვებთან ერთად