სალერნო იტალიის ამალფის სანაპიროს სამხრეთ კუთხეში მდებარეობს. მართალია ეს რეგიონი ხმაურიანი სამოთხე გახდა, მაგრამ სალერნო პოპულარული მიმართულებაა მათთვის, ვინც სიმშვიდეს ეძებს. აქ აღმოაჩენთ ანტიკურ ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს, ულამაზეს სანაპიროებს, მშვენიერ ბუნებას და დააგემოვნებთ სამხრეთ იტალიურ სამზარეულოს. ჩვენ აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ.

ეწვიეთ სალერნოს დუომოს კათედრალს

მისამართი: პიაცა ალფანო I

დუომო დი სალერნო ბევრჯერ აღადგინეს. 1930-იან წლებში მან საბოლოოდ დაიბრუნა მისი ნეაპოლიტანური ბაროკოს და როკოკოს სტილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ბიზანტიური კარები, მე-12 საუკუნის საათის კოშკი და სვეტები.

მოინახულეთ პაესტრუმის ნანგრევები

მისამართი: ვია მანია გრაესია, 919

პაესტრუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანტიკური ბერძნული ძეგლია, რომელშიც სამი საყდარი ერთიანდება, ყველა ჩვ.წ-მდე საუკუნეებითაა დათარიღებული. 1998 წლიდან ის იუნესკოს მემკვიდრეობის სიაშია შესული. ის ღიაა დილის 9 საათიდან მზის ჩასვლამდე. ტერიტორიაზე ნახავთ მუზეუმსაც.

გადმოიხედეთ ჩიტის სიმაღლიდან არეკის ციხესიმაგრეზე

Arechi Castle – მე-6 საუკუნეში, გვიანდელ რომაულ პერიოდში აშენდა. აქედან სალერნოს ყურეზე ყველაზე შთამბეჭდავი ხედები იშლება. ესტუმრეთ შუასაუკუნოვან მუზეუმს. კომპლექსი ღიაა დილის 9 საათიდან საღამოს 5 საათამდე, ორშაბათის გარდა.

შეაფასეთ არტეფაქტები არქეოლოგიურ მუზეუმში

მისამართი: ვია ბენედეტო, 28

სალერნოს არქეოლოგიური მუზეუმი პროვინციის უზარმაზარ კოლექციას აერთიანებს პრეისტორიული ხანიდან რომაულ ერამდე.

დალაშქრეთ დიესიმარის ეროვნული პარკი

Parco Naturale Diecimare – ბუნების ენთუზიასტებისთვის კიდევ ერთი იტალიური სამოთხეა საინტერესო თავისი ფლორა-ფაუნით. ამ პარკში 4 სალაშქრო ბილიკი მდებარეობს. აქედან დაინახავთ სალერნოს და ნეაპოლის ყურეებს.

გაისეირნეთ ტრიესტეს ბულვარში

Promenade Trieste – ხეებით ჩამწკრივებული საფეხმავლო ბილიკია, რომელიც სალერნოს ფოტოგენურ წყლის პირს მიუყვება. 1 კილომეტრიანი ბილიკი ქალაქის ისტორიულ ცენტრს და ნავსადგურს აერთიანებს. გაზაფხულზე გზად ბევრი ფლი მარკეტი და გამოფენები შეგხვდებათ.

შეიგრძენით ვარდების სურნელი მინერვას ბაღში

მისამართი: ვიკოლო ფერანტე სანსევერინო, 1

სალერნოს ბოტანიკური ბაღი, ჯიარდინო დელა მინერვა, პირველია ევროპაში, სადაც მცენარეებს თერაპიული მიზნით ახარებდნენ. ბაღი მე-14 საუკუნეში გაშენდა და დღეს 350-ზე მეტ მცენარის სახეობას აერთიანებს.

გაირუჯეთ არეას სანაპიროზე

სალერნოში ბევრი პატარა სანაპიროა, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით მიხვალთ, მაგრამ არეა (Area Beach) ერთ-ერთი საუკეთესოა.

შეიძინეთ თიხის პროდუქცია ვიეტრი სულ მარეზე

მისამართი: ვია მერკანტი, 74

Vietri sul Mare – პატარა სათევზაო სოფელია, სადაც ხელნაკეთ კერამიკის ნივთებს შეიძენთ. შეისწავლეთ ისტორია აქ მდებარე კერამიკის მუზეუმში და შეაფასეთ ხელოვნების ნიმუშები.

დააგემოვნეთ სალერნოს კულინარია

გასინჯეთ ადგილობრივი კერძები, განსაკუთრებით თევზეული. ცხელ დღეებში დალიეთ ლიმნის წვენი – გრანიტა. ტკბილეულის მოყვარულებს აქ ბევრნაირი დესერტი მოეწონებათ.

მოიწყვეთ ერთდღიანი ტური ამალფიზე

სალერნოდან 30 წუთის ბორნით სავალ გზაზე მდებარე ამალფის სანაპირო აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. დაისვენეთ ნაპირზე, იცურავეთ, ესტუმრეთ ბაზილიკასა და მუზეუმებს.