პრაღა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ფოტოგენური ადგილია წლის ნებისმიერ დღეს, მაგრამ შობის ჯადოსნურ პერიოდში ის კიდევ უფრო განსაკუთრებულია. დაათვალიერებთ ტრადიციულ საშობაო ბაზრობებს, გაისეირნებთ ვიწრო ხეივნებზე, დატკბებით რომანტიკული კრუიზით მდინარეზე და გადაიღებთ ფოტოებს ახალი წლის გირლიანდებთან. შენი მეგზური პრაღის საშობაო არდადეგებს დაგიგეგმავთ და აქ საუკეთესო აქტივობებს გირჩევთ.
თბილისი: გალაკტიონ ტაბიძის 18
✆ 514 861 861 – ნინო ✆ 514 807 807 – თეონა
✆ 514 895 895 – სოფი
ტრადიციული საშობაო ბაზრობა ძველი ქალაქის მოედანზე
პრაღის ისტორიულ ძველი ქალაქის მოედანზე საშობაო ბაზრობა მაგიურ ატმოსფეროს ქმნის. მორთულ ხის კოტეჯებს შორის გლინტვეინის სურნელი შეგათრობთ, მიირთმევთ საშობაო თბილ ორცხობილებს და დაათვალიერებთ ხელნაკეთ კერამიკას, სათამაშოებს, აქსესუარებს და სხვა ხელნაკეთ ნივთებს.
პრაღის ისტორიული ციხესიმაგრე
სუნთქვაშემკვრელი პრაღის ციხესიმაგრე როცა თოვლის საბურველში ეხვევა, თავს ზღაპარში გვაგრძნობინებს. ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლი 700 ოთახს, სხვადასხვა არქიტექტურული სტილის მქონე ეკლესიებს, საოცარ ბაღს და ვიწრო ხეივნებს აერთიანებს. მისი მაღალი გადმოსახედიდან 360 გრადუსიანი ხედებით დატკბებით. შეგიძლიათ ახვიდეთ ფეხით ან ტრამვაით.
ჩარლზის ხიდი
შობაზე ჩარლზის ხიდზე გადაღებულ ფოტოებში უკანა ფონზე თოვლიანი პრაღის ციხესიმაგრეს გამოაჩენთ. ეს გასაოცარი შუასაუკუნეების ქვის ხიდი მდინარე ვლტავაზე გადადის და ბაროკოს ქანდაკებებითაა მორთული. შობის პერიოდში ლამპიონები საშობაო განათებით ირთვება.
ასტრონომიული საათი
ადით საათის კოშკზე საახალწლოდ მორთული ქალაქის ბრწყინვალე ხედების სანახავად. უნიკალური ასტრონომიული საათის დეტალურად დათვალიერებისთვის შეიძინეთ ბილეთი და საათის გარედან მონახულების შემდეგ, კოშკურაზე გადაინაცვლეთ.
კრუიზი მდინარე ვლტავაზე
ჩაჯექით ხის თანამედროვე ნავში და მოინახულეთ პრაღა ახალი, რომანტიკული პერსპექტივიდან. კრუზი მდინარე ვლტავაზე შეგაგრძნობინებთ ქალაქის საახალწლო განწყობას.
ლუდის სპა / Beer Spa
თუ ლუდის მოყვარული ხართ, გეცოდინებათ ჩეხური ლუდის კულტურის შესახებ. აქ ამ სასმლის სპაც კი მდებარეობს. ლუდის სპაში ჩაწვებით უზარმაზარ ცხელ აბაზანებში, რომლებიც შეზავებულია იმ ბუნებრივი ექსტრაქტებით, რომელსაც ჩეხეთში ლუდის მოსახარშად იყენებენ. საშობაო დასვენებას ეს გამოცდილება კიდევ უფრო სასიამოვნოს გახდის.
ყინულზე სრიალი
არაფერი შეედრება საშობაო პრაღაში, ისტორიული დათოვლილი შენობების ფონზე ყინულზე სრიალს. აქ რამდენიმე ღია ყინულის მოედანი მდებარეობს სადაც სრიალს ბიუჯეტურად შეძლებთ. Na Frantisku ერთ-ერთი ცნობილი ადგილია მდინარე ვლტავას სიახლოვეს, პრაღის ძველ ქალაქში. შესვლის ღირებულება დაახლოებით 2 ევროა.