პრაღაში 24 საათის გატარება საკმარისია, რომ ჩეხეთის დედაქალაქის გემო იგემოთ. ლამაზი არქიტექტურა, მრავალფეროვანი კულტურა და ძველი ქალაქის ხიბლი – პრაღა ცოცხალი, კოსმოპოლიტური დედაქალაქია, სადაც ჩვენ ერთ დღეს სტრატეგიულად დაგიგეგმავთ.

დილა

აივსეთ ენერგიით ეკო-კაფეში

წადით ვლტავას დასავლეთ სანაპიროზე, ლეტნას მთის უბანში. შეჩერდით The Farm Urban Kitchen-თან დილის ყავისთვის და გემრიელი საუზმისთვის. ეს ეკო-მეგობრული კაფე განსაკუთრებით ფანქეიქებითაა ცნობილი.

დატკბით პანორამული ხედებით და გამოიკვლიეთ პრაღის სასახლე

გაყევით ტრამვაის კორუნოვაჩნიდან უჯეზდამდე, სადაც ფუნიკულიორის ვაგონით პრაღის ერთ-ერთ ყველაზე ფოტოგენურ პარკში მოხვდებით, სახელად Petřínské Sady. ამ ლამაზ ადგილას 63 მ. სიმაღლის პეტრინის კოშკს ნახავთ, საიდანაც პრაღაზე პანორამული ხედები იშლება.

თუ სიმაღლის გეშინიათ, პარკი ბევრ გასართობს გთავაზობთ, მათ შორის ვარდების ბაღს და სარკეების ლაბირინთს. აქვეა პრაღის სასახლე – ჩეხეთის პრეზიდენტის ოფიციალური რეზიდენცია და ქვეყნის კულტურული მონუმენტი.

სასახლის მონახულების შემდეგ, დაეშვით მალა სტრანაზე. ეს პრაღის ულამაზესი უბანია, შთამბეჭდავი ბაროკოს არქიტექტურით და მშვიდი რიყის ქუჩებით. აქვე შეძლებთ გემრიელ წახემსებასაც. სანამ მდინარის ნაპირის ამ ნაწილში ხართ, მოინახულეთ Holešovická Tržnice, ფერადი ბაზრობა სუვენირების და ტანისამოსის მაღაზიებით.

ხრიკი შენი მეგზურისგან:

Holešovická Tržnice-ზე არსებულ დახლებსა და მაღაზიებში, პროდუქცია ცენტრალურ უბნებზე იაფია. ასევე, თუ ბრენდების მოყვარული ხართ, აქ ორიგინალ ნაწარმს აღმოაჩენთ.

შუადღე

დაისვენეთ პარკში: Letenské Sady

დატვირთული დილის შემდეგ, გაუყევით მდინარეს უკან, სადაც პრაღის ერთ-ერთ ულამაზეს პარკს, ლეტენსკეს აღმოაჩენთ. აქ შთამბეჭდავი შატო მდებარეობს, რამდენიმე რესტორნით. აქვეა პრაღის მეტრონომი – ჩეხი არტისტის, ნოვაკის მოძრავი სკულპტურა.

გარემოს დათვალიერების შემდეგ, პრაღის თანამედროვე ხელოვნების არტ გალერეებს ეწვიეთ. ჰოლესოვიჩის უბანში დოქსის ცენტრი მდებარეობს, რომელიც ხელოვნების მოყვარულთა საყვარელი მიმართულებაა. შეგიძლიათ ჟიჟკოვისკენ გადაინაცვლოთ და ჰანტ კასტნერის გალერეას ეწვიოთ, რომელიც ძირითადად ჩეხი არტისტების ხელოვნებას წარმოგვიდგენს.

ხელოვნებით ტკბობის შემდეგ, პოპულარულ ჟიჟკოვის ბარს ესტუმრეთ, სადაც მრავალფეროვან ჩეხურ ლუდს გთავაზობენ ტრადიციული ხემსებით.

დაათვალიერეთ ეროვნული მუზეუმი

პრაღის ერთ დღიანი ტური ეროვნული მუზეუმის მონახულებას აუცილებლად უნდა მოიცავდეს. ის მონუმენტურ შენობაში მდებარეობს და ვენსლეს მოედანს გადმოჰყურებს.

საღამო

დატკბით ასტრონომიული საათით

პრაღის ძველი ქალაქის მონახულება პოპულარული და ისტორიული არეალით, მისი მოედნით დაიწყეთ (Staroměstské Náměstí). ის სავსეა რესტორნებითა და ბარებით. აქ ნახავთ ასტრონომიულ საათს, რომელიც ამ ტიპის უძველესი საათია მსოფლიოში. ახლოსაა ულამაზესი ჩარლზის ხიდიც, რომელიც მე-15 საუკუნეში ააგეს და 30 ქანდაკებითაა მორთული. ამბობენ, რომ ერთ-ერთი მათგანი, წმ ჯონის მონუმენტი კარგ იღბალს მოგიტანთ.

მოიწყვეთ “პრაღული საღამო”

დაბრუნდით უკან ჩარლზის ხიდით ვლტავას მდინარის აღმოსავლეთ სანაპიროზე. დააგემოვნეთ კლასიკური, ტრადიციული ჩეხური სამზარეულო მდინარის ხედით.

ხრიკი შენი მეგზურისგან:

საკვები და ლუდი ტურისტულ ძველ უბანში ოდნავ ძვირია. ესტუმრეთ ბარს ან რესტორანს რამდენიმე ქუჩის მოშორებით და უფრო გემრიელად და უფრო იაფად ივახშმებთ.

ღამე

თუ წვეულების ხასიათზე ხართ, პრაღა ღამის გართობის დიდ არჩევანს გთავაზობთ. Lucerna Music Bar ისტორიული ვენსლეს მოედნის სიახლოვეს მდებარეობს და აქ ადგილობრივი და საერთაშორისო ბენდები ხშირად მართავენ ლაივებს. უიქენდებზე კი სცენა 80-90-იანი წლების წვეულებებს ეთმობა. შეგიძლიათ ევროპის ერთ-ერთ ცნობილ კლუბს, კარლოვი ლაზნეს ესტუმროთ. ძველ აბანოში ახლა ღამის კლუბია მოწყობილი 5 საცეკვაო მოედნით, რომლებზეც სხვადასხვა სრტილის მუსიკა უკრავს.