გერმანია ბევრი გამორჩეული ქალაქის ერთობლიობაა, ლამაზი ლანდშაფტებით, დიდი ტყეებით, ზღაპრული ციხე-კოშკებით და ალპური ტბებით. ის ტურისტების ყოველწლიური სიმრავლით, მსოფლიოში რიგით მეშვიდე ქვეყანაა.

ჰაილდერბერგი: მარკ ტვენის ქალაქი

სამხრეთ გერმანიის ეს ქალაქი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაგიური მიმართულებაა: ბევრი პოეტის, მხატვრის, ფილოსოფოსის და მწერლის შთაგონების წყარო. ის გერმანული რომანტიზმის მნიშვნელოვანი ცენტრი იყო. გაისეირნეთ ქვაფენილიან ქუჩებში და ჩაიძირეთ იდილიურ ატმოსფეროში. მარკ ტვენმა ამ ქალაქში ცხოვრების დიდი ნაწილი გაატარა და სწორედ აქ დაწერა “ჰელკბერ ფინის თავგადასავალი”. ჰეიდელბერგის უნივერსიტეტი მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთა სიაშია. გაუყევით “ფილოსოფოსების გზას” ძველ ქალაქში, საიდანაც მშვენიერი ხედებით დატკბებით.

ფრაიბურგი: სამხრეთ გერმანიის მზიანი აივანი

“ნუთუ ფრაიბურგის მაცხოვრებლები ყველაზე კეთილები არიან? რადგანაც მათ ქალაქზე მზე იმაზე დიდხანს და მეტად ბრწყინავს, ვიდრე გერმანიის სხვა ნებისმიერი ქალაქის თავზე. ფრაიბურგელებმა აშკარად დაიმსახურეს მზის სიუხვე.” ფრაიბურგი გერმანიის უმშვენიერესი ადგილია. ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქალაქი მდიდარი ისტორიით და ტრადიციული სამზარეულოთი. მოინახულეთ კათედრალის მოედანი ქალაქის ცენტრში, თავისი გოთიკური კოშკით. არ გაგიკვირდეთ, თუ რაიმე ფესტივალს გადააწყდებით, რადგანაც აქ მთელი წლის მანძილზე სულ რაღაც ღონისძიებები იმართება.

ჰამბურგი: მსოფლიოს კარიბჭე

ჰამბურგი გერმანიის რიგით მეორე უდიდესი ქალაქია და ევროპაში ერთ-ერთი უმსხვილესი პორტით გამოირჩევა. აუცილებლად მოინახულეთ ქალაქის მერია, რომელიც ნეოკლასიკურ სტილს აირეკლავს. გაისეირნეთ ღია ცის ქვეშ ბაზრობებზე და მერიის გარშემო არსებულ ელეგანტურ ხეივანში. ქალაქის შუაგულში დიდ ტბას იხილავთ, ბინენალსტერს, რომელიც პორტს და ზღვას უკავშირდება. გამორჩეული ღირსშენისანიშნაობაა ჰამბურგის მინიატურული მუზეუმი. საბოლოოდ, ესტუმრეთ პორტს და თევზის ბაზრობას.

პოსტდამი: სასახლეების და ბაღების სამეფო

პოსტდამში ოდესღაც, პრუსიელმა მეფეებმა სამოთხე შექმნეს, ბევრი სასახლით, მონუმენტებით და ბაროკოს შენობებით. სასახლეების უმეტესობა იუნესკოს დაცული ძეგლის სტატუსს ატარებს. დაიწყეთ ტური ცენტრალური პოსტდამით და ძველი ბაზრობით, წმ. ნიკოლაის ეკლესიით და მერიის არისტოკრატიული კომპლექსით. მოინახულეთ ზამფულის სასახლე, რომელიც როკოკოს არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშია.

კელნი: გამორჩეული მშვენება

არ აქვს მნიშვნელობა, რელიგიური ადამიანი ხართ თუ არა, ამ ქალაქში პირველ რიგში კელნის კათედრალი მოგჭრით თვალს, თავისი 157 მ. სიმაღლის კოშკით, რომელიც თითქოს ღრუბლებს წვდება. მეორე მსოფლიო ომის დროს, ამ ეკლესიამ 14 დაბომბვას გაუძლო. მის ასაშენებლად კი დაახლოებით 600 წელი დასჭირდათ. კელნი საშუალებას გაძლევთ დაუსრულებლად ისეირნოთ წვრილ, ქვაფენილიან ქუჩებზე, პატარა მოედნებზე და ფერადი სახლების გასწვრივ. ბარებსა და რესტორნებში კი გემრიელი ლუდით დატკბით.

კიელი: ნაოსნობის ქალაქი

კიელი გერმანიას ბალტიისპირეთის ქვეყნებთან აკავშირებს. სტრატეგიული პოზიციის გამო, მე-19 საუკუნეში, კიელის სანაპირო ნავიგაციის და გემების მშენებლობის ცენტრი იყო. ყოველ ზაფხულს აქ მასშტაბური ნაოსნობის ფესტივალი იმართება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქალაქში საზღვაო ტრადიციები დომინირებს, კიელს მაინც ბევრი რამის შემოთავაზება შეუძლია. იხილეთ ძველი ბაზარი და ლამაზი უბანი – მარინენვიერტელი. შემდეგ, კიელური ორთქლზე მომზადებული თევზი დააგემოვნეთ.

მიუნხენი: ბავარიული დედაქალაქი

ბევრს ამ ქალაქთან მიმართებაში პირველად ოქტობერფესტი ახსენდება, რადგანაც ტურისტების უმრავლესობა აქ გემრიელი ლუდის დასაგემოვნებლად ჩამოდის. თუმცა, მიუნხენი გერმანიის ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია დასათვალიერებლად. მისი ისტორია მე-12 საუკუნიდან იწყება და აქ საოცარ სიმშვიდეს იგრძნობთ. მიუნხენში ბევრი პარკი, ბაღი, მუზეუმი, ბაზრობა და ფლი მარკეტია. ისტორიული ცენტრი ომის დროს დაზიანდა, თუმცა ის რეკონსტრუქციის შედეგად აღადგინეს. შთამბეჭდავია მერია ცნობილი გლოკენსპიელით, საათით, რომლის ქანდაკებებიც ყოველ საათში ცოცხლდებიან.

დრეზდენი: გერმანიის განძი

საქსონიის დედაქალაქი მოგზაურებს ლამაზი ლანდშაფტით და ტრადიციებით ეგებება. გაისეირნეთ ქალაქის ცენტრში, სადაც ერთ დროს საქსონიის მეფეები ისხდნენ. არქიტექტურული სტილი რენესანსიდან ბაროკომდე და ნეოკლასიკამდე ვითარდება. მოინახულეთ The Frauenkirche – ვარდისფერი და თეთრი ტაძარი, ზვინგერის სასახლე და ოპერის შენობა თავისი ბაღებით. მოიწყვეთ პიკნიკი ბალახზე, სასახლის და კათედრალის ხედით. მდინარის პირას ხშირად ეწყობა კინოჩვენებები და კონცერტები.

ბრემენი: გრიმების ზღაპარი

“მე ბრემენში მივდივარ, ის მუსიკალური ქალაქია. წამომყევი და იყავი მუსიკოსი იქ! მე ქნარზე დავუკრავ შენ კი დრამებზე”-თქვა ვირმა. ძმები გრიმების ზღაპარში ბრემენი მუსიკოსების ქალაქადაა წოდებული და ქუჩის მუსიკოსებს მის სახასიათო ნიშად აქცევს. ბრემენი პატარა ქალაქია, რომელსაც სრულად მარტივად დაათვალიერებთ. ღირსშესანიშნაობები ძირითადად მხოლოდ ძველ ქალაქშია თავმოყრილი. მათ შორის, ქალაქის მერია რენესანსის დროინდელი არიტექტურით, მთავარი ძეგლია. აქ ასევე ცხოველების ქანდაკებებსაც იხილავთ “ბრემენელი მუსიკოსებიდან”.

ბერლინი – დამშვიდებული მეტროპოლისი

გერმანიის დედაქალაქში ჩასვლისას, ვიზიტორებს შეუძლიათ ყველაფერი დაივიწყონ, რასაც ტიპურ გერმანულ ქალაქზე ფიქრობენ. ბერლინი ხალხისა და კულტურების კრებულია, ერთდროულად ისტორიულიც და თანამედროვეც. ერის ისტორია გრანდიოზული ბრანდებურგის კარიბჭიდან, 368 მ. სიმაღლის ალექსანდერპლაცის სატელევიზიო ანძამდეა აღბეჭდილი. აღსანიშნავია რაიხსტაგის პარლამენტიც, რომელიც საჯაროდაა ღია. ბერლინი ცხოვრების წესის, მუსიკის და ხელოვნების ტრენდებს ქმნის, იწვევს ტურისტებს მთელი მსოფლიოდან, გვთავაზობს დამოუკიდებელი მუსიკის და თეატრის სცენას ევროპაში და გვაძლევს საშუალებას ღამის ცხოვრება სულ სხვაგვარად შევიგრძნოთ. აქ უამრავი კომფორტული თუ ქაოსური ბარი, კლუბი და სივრცეა ცოცხალი მუსიკით. ძირითადად, კრაუზბერგის და ნეუკოლნის უბნებში. მოინახულეთ East Side Gallery – ბერლინის კედლის შემონახული ნაწილი, რომელიც დღეს მთლიანად გრაფიტითაა დაფარული.