დრეზდენი 1945 წელს დაიბომბა, თუმცა ამ ქალაქის გასაოცარი აღორძინება ნამდვილად შთამბეჭდავია. გერმანიის ეს ქალაქი ბაროკოს არქიტექტურას, თანამედროვე ხელოვნებას და ცოცხალ ღამის ცხოვრებას აერთიანებს. ჩვენ აქ ერთგვარ გიდობას გაგიწევთ.
ეწვიეთ ზვინგერის სასახლეს/Zwinger Palace
დაათვალიერეთ ეს მონუმენტური ბაროკოს სასახლე და არ გამოგრჩეთ ცნობილი კარიბჭე, სადაც ავგუსტუსის გვირგვინის რეპლიკა და ულამაზესი შადრევანი დაგხვდებათ. სამეფო სასახლეში გამოჩენილი ოსტატების კოლექციებსაც იხილავთ. მათ შორის, რაფაელის ერთ-ერთ მადონას.

დაათვალიერეთ ფრაუნკირჩი/Frauenkirche
ეს ტაძარი დრეზდენის ერთგვარი სიმბოლოა, რომელიც დაბომბვის შემდეგ, ფაქტობრივად ნაცარიდან აღსდგა. ის თავისი ორიგინალი ვარიანტის ზუსტი რეპლიკაა და ვიზიტორები მისი ექსტერიერითაც დატკბებიან და ინტერიერითაც. აუცილებლად გადმოიხედეთ თაღიდანაც და ქალაქი ზევიდან დაათვალიერეთ.

მოინახულეთ საგანძურის მუზეუმი/Green Vault
მოემზადეთ რომ აქ ოქროს, კრისტალების და ბრილიანტის ბრწყინვალება დაგაბრმავებთ. სამეფო საგანძური 3000 ნიმუშს აერთიანებს. სარკეებით გაფორმებული ოთახები თავად ხელოვნების ნიმუშები არიან.

გაისეირნეთ მდინარე ელბას სანაპიროზე
დრეზდენში ელბას სანაპირო საკმაოდ აქტიურია. აქ ოჯახები და მეგობრები ბარბექიუთი, თევზაობით და კინოჩვენებებით ერთობიან. თუ სიარულით დაიღლებით, შეუერთდით რომელიმე გემს მდინარის ტურზე და დაათვალიერეთ ქალაქი წყლიდანაც.

იმგზავრეთ საჰაერო ტრამვაით/Schwebebahn
დრეზდენის “დაკიდული მატარებელი” ერთ-ერთი უძველესი რკინიგზაა მსოფლიოში. აქ პირველი მგზავრობა 1901 წელს განხორციელდა. არ იდარდოთ, ის უსაფრთხო, უნაკლოდ გამართული, გასართობი და გარემოს დასათვალიერებლად საკმაოდ საინტერესოა.

მიაკითხეთ საკონცერტო დარბაზს/Theaterplatz and Semperoper
დრეზდენის საკულტო ძველი ქალაქის მოედანი ქალაქის ღირსშესანიშნაობებითაა გარშემორტყმული – ზვინგერის სასახლით, კათედრალით, გალერეებითა და მუზეუმებით. დასხედით საქსონიის მეფე ჯონის ქანდაკების ქვეშ და მიირთვით გემრიელი ნაყინი. სწორედ მის წინაა ნეო-რენესანსის არქიტექტურის მქონე ოპერის სახლი. ის ერთ-ერთი საუკეთესო აკუსტიკითაა ცნობილი მსოფლიოში.

მიირთვით ყავა კოლორიტულ კაფეში/Cafe Schinkelwache
დატვირთული დღის შემდეგ, დაისვენეთ ამ კაფის ტერასაზე და მშვიდად ადევნეთ თვალი დროის სვლას ქალაქში. დრეზდენის გულში მდებარე ტრადიციული ყავის სახლი უგემრიელეს საქსონურ კერძებსაც გთავაზობთ, ისევე როგორც საერთაშორისო ხემსებს.

უყურეთ ხედს ქალაქის ტერასიდან/Brühl’s Terrace
ამ ადგილს “ევროპის აივანსაც” კი უწოდებენ. აქ ერთ დროს ციხესიმაგრე იყო, რომელიც ქალაქს იცავდა. ის შემდეგ ლამაზ ბაღად გარდაქმნეს და სივრცე ბულვარისა და დასასვენებელი ტერასისთვის გამოიყენეს, საიდანაც მდინარეზე საოცარი ხედები იშლება.

იშოპინგეთ ულამაზეს მაღაზიაში/Pfunds Molkerei
ამ ადგილს მსოფლიოს “ყველაზე ლამაზ რძის მაღაზიას” უწოდებენ და აქ მოხვედრისას მიხვდებით რატომაც. ხელით მოხატულ, კერამიკის ფილებით გაფორმებულ კედლებში რძეს, ლიქიორს, ღვინოს, ყველს და იოგურტს გთავაზობენ. აქ კრეატიულ საჩუქრებსაც აარჩევთ, მაგალითად რძის საპონს, რომელიც სახეს არბილებს. სარესტორნო სივრცეში დააგემოვნებთ ტრადიციულ ჩიზქეიქს.

დალაშქრეთ ბუნების საოცრება/Sächsische Schweiz
უჩვეულო ქვის წარმონაქმნებით ცნობილი ეს ადგილი გერმანიის ერთადერთი კლდოვანი ეროვნული პარკია. შეგიძლიათ დალაშქროთ ფეხით ან ველოსიპედით და ჩაიძიროთ ველურ ბუნებაში. მატარებლები დრეზდენის ცენტრამდე ყოველ ნახევარ საათში დადიან.











