ევროპის გულში მდებარე ვენა მშვენიერ ადგილმდებარეობას ფლობს ერთდღიანი ტურების განსახორციელებლად. გააჩნია რის ხასიათზე ხართ: ავსტრიის ალპებით ტკბობის, პრაღის ზღაპრული სასახლეების, ბუდაპეშტის არქიტექტურის თუ მდინარე დანუბესთან ღვინის დალევის. ეს მიმართულებები ყველა გემოვნებას და ბიუჯეტს ერგებიან.
-
დატკბით მდინარის ხედებით და დაისვენეთ ბრატისლავაში
ვენიდან ერთდღიანი ტურით, სლოვაკეთის დედაქალაქს ესტუმრეთ. აქ ბევრი ბარი, მიმზიდველი სრულად საფეხმავლო ძველი ქალაქი და ისტორიული სასახლეებია. ავსტრიის დედაქალაქიდან ბრატისლავამდე სულ რაღაც 1 საათის გზაა. ისტორიით დაინტერესებულები, ბრატისლავას ციხესიმაგრეს ეწვიეთ, საიდანაც უნგრეთი და ავსტრია მოჩანს.
-
მოიწყვეთ რომანტიკული ერთი დღე პრაღაში
ცნობილი პრაღა ვენიდან 4 საათის გზაზე მდებარეობს. აქ გოთიკურ არქიტექტურას, ისტორიულ ცენტრს, ბუტიკ-მაღაზიებს და კოქტეილის ბარებს დაათვალიერებთ. დატკბით ხედებით პრაღის სასახლიდან და ჩარლზის ხიდიდან. გაეცანით ჩეხურ კულტურას.
-
დააგემოვნეთ ღვინო ვაჩაუში, ავსტრია
ვაჩაუს ველი იუნესკოს დაცული ტერიტორიაა და ვენიდან 1 საათის სავალ გზაზე მდებარეობს. თუ ღვინის დაგემოვნების ტურს აიღებთ, მდინარეზე კრუიზით ქალაქ დარნსტეინსაც იხილავთ. სასახლეებთან და საოცარ ბუნებასთან ერთად, აქაური ვენახები რეგიონის საუკეთესო ღვინოს წარმოადგენენ და წყლიდან ულამაზეს ლანდშაფტებს ქმნიან. მიირთვით ადგილობრივი სამზარეულო. აქაურობა გარგარის ხეებითაცაა სახელგანთქმული.
-
ეწვიეთ ანტიკურ მელკს, ავსტრია
უძველესი ქალაქი მელკი ისტორიის მოყვარულებს ძალიან დააინტერესებთ. აქ მე-11 საუკუნის დროინდელი სააბატო მდებარეობს, რომლის კოშკებიც დანუბეს მდინარეს გადმოჰყურებენ. იხილეთ აქაური ბიბლიოთეკა და სასახლის ნანგრევები. პატარა ქალაქ დარნსტეინში აქედანაც მოხვდებით.
-
შეიგრძენით მოცარტის მუსიკა ზალცბურგში
მოცარტის დაბადების ადგილი, ავტრიაში აუცილებლად სანახავი ქალაქია. ვენიდან ზალცბურგამდე გზა უკვე დღესასწაულია: მთებს და ტბებს ქალაქის ბაროკოს არქიტექტურა, შთამბეჭდავი ციხესიმაგრე და ქვაფენილიანი გზები მოსდევს. სწორედ აქ გადაიღეს მიუზიკლი “მუსიკის ჰანგები”. მოინახულეთ მირაბელის სასახლე და ჰოჰენზალცბურგის ციხესიმაგრე. არ გამოგრჩეთ, მოცარტის დაბადების ადგილი და ზალცბურგის ცნობილი კათედრალი.
-
გაისეირნეთ ვენის ტყეებში
მათ, ვისაც უბრალოდ ვენის ქაოსური ცენტრიდან გაქცევა სურს, სიმშვიდეს მის ახლომდებარე ტყეებში იგრძნობს. ვენიდან ერთი საათის სავალ გზაზე, ალპების მთების ქვეშ მოხვდებით – ჰელენენტალის ველზე. აქ ბილიკებით და ხის ხიდებით მოწყობილი ტყე და ყოფილი სამეფო რეზიდენცია დაგხვდებათ. თუ ამ მიმართულების ტურს შეიძენთ, ისინი მსოფლიოს ერთ-ერთ უძველეს მონასტერსაც განახებენ, შემდეგ კი სპა ქალაქ ბადენში ჩაგიყვანენ, სადაც ბევრი ცხელი წყარო და ლამაზი პარკი მდებარეობს.
-
გაისეირნეთ ჰალშტატის ტბაზე
ვენიდან სამსაათიანი ულამაზესი ლანდშაფტის მქონე გზის ბოლოს, ჰალშტატის ტბა შემოგებებებათ. მთები ტბაში მედიდურად ირეკლებიან და პატარა ზღაპრულ ქალაქ ჰალშტატს მფარველობენ. ეს ალპური კოტეჯები მე-16 საუკუნით თარიღდებიან. მარილის მაღარო აქ ათასობით წელი მუშაობდა.
-
დატკბით ბუდაპეშტის საოცარი არქიტექტურით
ცოცხალი ბუდაპეშტი ვენიდან 2 საათნახევრის გზაზე მდებარეობს და ბევრ ღირსშესანიშნაობას და სასიამოვნო აქტივობას გთავაზობთ. არტ-ნუვოს სტილის სპებიდან დაწყებული, ისტორიული შენობებით დამთავრებული, უნგრეთის დედაქალაქს “აღმოსავლეთის პარიზს” უწოდებენ. მოინახულეთ ბუდას სასახლე, წმ. სტეფანის ბაზილიკა, უნგრეთის პარლამენტი, მარგარეტის კუნძული და აშ.