ზალცბურგი მოცარტის მშობლიური ქალაქი იყო და ავსტრიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მიმართულებაა. ალპების მთის ქვეშ მდებარე ქალაქი ამ ქვეყანაში მოგზაურობისას მშვენიერი გაჩერებაა.

დილა

შეიძინეთ საუზმე ქალაქის რომელიმე საცხობში

თუ Kapuzinerplatz-დან ძალიან შორს არ ხართ, ზალცბურგის უძველესი საცხობი მოინახულეთ – St Peter Stiftsbäckerei, რომელიც აქ მე-12 საუკუნიდან მდებარეობს. მისი მუქი პური და ტკბილი ბრიოშები განსაკუთრებით პოპულარულია.

ესტუმრეთ ჰოჰენზალცბურგის ციხესიმაგრეს

ჰოჰენზალცბურგის ციხესიმაგრე ქალაქის ყველაზე დატვირთული ტურისტული მიმართულებაა. ამიტომაც, ამ ადგილას დილიდანვე მიაკითხეთ. იქ ასასვლელად, ძველ ქალაქში Festungsgasse-სთან მიდით (ზევით ნახსენები უძველესი საცხობის კუთხეში): აირჩიეთ 1 წუთიანი შუშის ფუნიკულიორით მგზავრობა ან 20 წუთიანი ფეხით სავალი გზა. შეგიძლიოთ შეიძინოთ აუდიო გიდი, ისეირნოთ ეზოში, დაათვალიეროთ ციხესიმაგრის მუზეუმი და გადმოხედოთ ქალაქს.

სასარგებლო რჩევა: შეიძინეთ ბილეთი დილის 10 საათამდე ონლაინ და ის 12 ევრო დაგიჯდებათ. ეს მოიცავს ფუნიკულიორით ასვლა-ჩამოსვლას, სასახლის დათვალიერებას, აუდიო გიდს და მუზეუმში დაშვებას.

გაისეირნეთ ძველ ქალაქში

შემდეგ ჩაუყევით ძველი ქალაქის ქუჩებს და მოინახულეთ ზალცბურგის ღირსშესანიშნაობები: ზალცბურგის კათედრალი (სადაც მოცარტი მონათლეს), Dom Quarter (იუნესკოს დაცული ძეგლი – ბაროკოს კომპლექსი) და Horse Pond (მონუმენტი). თითოეული წვრილი ქუჩა ღირს აქ დასათვალიერებლად, ასე რომ გაუყევით სასურველ მაღაზიებსა და კაფეებს. გზად შესაძლოა ცნობილი “მოცარტის შოკოლადის ბურთულები” შეგხვდეთ და აუცილებლად დააგემოვნეთ.

შუადღე

მიირთვით ჯანსაღი ლანჩი

მიირთვით ადგილობრივი ჯანსაღი პროდუქტი: სუპები და ბრინჯის კერძები. ჩვენ გირჩევთ კაფეს სახელად – Bürgerspitalplatz, სადაც მცენარეებით და დეკორით ერთგვარი ოაზისი დაგხვდებათ.

მოინახულეთ მოცარტის დაბადების ადგილი Getreidegasse-ზე

ზალცბურგის ყველაზე ცნობილი ქუჩა – Getreidegasse, ზევით ნახსენები კაფიდან 5 წუთის სავალზეა. ეს ადგილი შოპინგის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა: საერთაშორისო მოდის ბუტიკები, პატარა ტრადიციული მაღაზიები, ანტიკვარიატი…. ეს ასევე იდეალური ადგილია ხალხზე დასაკვირვებლად. თუ კარგად დაათვალიერებთ, ბევრ უცხო და საინტერესო ნივთების მაღაზიას აღმოაჩენთ. შეჩერდით 9 ნომერთან – ამ სახლის მესამე სართულზე მოცარტი დაიბადა.

დაათვალიერეთ მირაბელის სასახლე

გადაკვეთეთ მდინარე Staatsbrücke-ის ხიდით და 10 წუთის სავალ გზაზე გასაოცარ მირაბელის სასახლეს აღმოაჩენთ. აქვეა მუსიკის ძეგლიც. სასახლის დათვალიერება უფასოა, ამიტომაც იხილეთ მისი მთავარი დარბაზიც და ბაღებიც ვარდებით და პეგასუსის შადრევანით.

სასარგებლო რჩევა: თუ ზალცბურგს ოთხშაბათს, პარასკევს ან შაბათს ეწვევით და კლასიკური მუსიკა გიყვართ, შეგიძლიათ მირაბელის სასახლეში კონცერტსაც დაესწროთ. აქ მოცარტი მართავდა პერფორმანსებს. ბილეთის ფასი 34 ევროა და შეგიძლიათ ონლაინ შეიძინოთ.

საღამო

მიირთვით ავთენტური ავსტრიული ვახშამი ტრადიციულ რესტორანში

ქალაქში ბევრი ბრწყინვალე რესტორანია. ყველაზე პოპულარულია – S’Nockerl im Elefant ზალცბურგის კათედრალთან. ფასებიც საკმაოდ ბიუჯეტურია. ახლოსაა Andreas Hofer Weinstube, რომელიც ასევე პოპულარული ლოკაციაა. თუ პრესტიჟული რესტორანი გსურთ, მაშინ Der Goldener Hirsch აირჩიეთ.

მიირთვით დესერტი

Salzburger Nockerl – ტკბილი დამპლინგებია, რომელიც ქალაქის საკულტო დესერტია. პორციები საკმაოდ დიდია, ამიტომაც შეგიძლიათ ორმა მეგობარმა 1 ცალი გაიყოთ.

ღამე

მიირთვით კოქტეილი რომელიმე ბარში

ზალცბურგში ვიზიტი გემრიელი სასმლით დაასრულეთ. The Jigger Bar ყველაზე კრეატიულია კოქტეილებით. თუ უცნაური გამოცდილება გსურთ, Herbert’s Bar-ს მიაკითხეთ, სადაც ვიზიტორები კურდღლის ფუღუროდან შედიან, “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” ინსპირაციით.