ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქი ცოცხალი ქალაქია მდიდარი კულტურით, საკვებით და ისტორიული ღირსშესანიშნაობებით. ბელფასტმა პოპულარულობა მოიხვეჭა გემების მშენებლობით, მათ შორის ტიტანიკის. ქალაქმა რთული პერიოდები გაიარა და შემდეგ მისი აღორძინებაც დადგა. დღეს საკულტოა მისი ზოოპარკი, ქალაქის ციხესიმაგრე და მისი მუზეუმები. ჩვენ ტოპ-აქტივობებს გირჩევთ.
ჩაიძირეთ ტიტანიკის მუზეუმის ისტორიაში
მისამართი: 1 Olympic Way
ბელფასტის ცნობილი ტიტანიკის მუზეუმის მეტალის ფასადი საკმაოდ შთამბეჭდავია და აქ თანამედროვე მულტიმედია საგამოფენო სივრცე დაგხვდებათ. მუზეუმი იმავე ნავსაშენზე ააგეს, სადაც 100 წლის წინ ეს საკულტო გემი დამზადდა. აქ საოცარი არტეფაქტები და ინტერაქციული გალერეა დაგხვდებათ, რომელიც ვიზიტორებს ოკეანის სიღრმეში აგრძნობინებს თავს.
გაიარეთ კათედრალის უბანში
მისამართი: 18-22 Hill Street
Cathedral Quarter – წმ. ანას კათედრალის სახელს ატარებს და ბელფასტში ერთ-ერთი უძველესი უბანია. ის ერთ დროს ქალაქის მთავარი ცენტრი იყო, დღეს კი ცნობილი ღამის გართობის მიმართულებაა მყუდრო პაბებით.
მიირთვით ლანჩი წმ. ჯორჯის ბაზრობაზე
მისამართი: 12 East Bridge Street
St. George’s Market – უკანასკნელი ვიქტორიანული ბაზრობაა, რომელიც ბელფასტში დღემდე მოქმედია. აქ მდებარე დახლებს დიდი ისტორია აქვთ. შენობა 1800-იანი წლების ბოლოს აშენდა. დღეს აქ ახალ ჯანსაღ პროდუქციას და ქუჩის კვებას მიიირთმევთ. შაბათ-კვირას გამოაქვთ ხელნაკეთი ნივთებიც.
დაათვალიერეთ ქუჩის კედლების მხატვრობა
პოლიტიკური ქუჩის მხატვრობა ბელფასტის ცნობილი მახასიათებელია. აქ ქუჩებში სეირნობისას ბევრ მოხატულ კედელს შეამჩნევთ. ხშირად ღრმა აზრის მატარებელი ნახატები მოიცავს ყველაფერს: ცხოველებიდან დევიდ ბოუვიმდე.
ეწვიეთ კრამლინს
მისამართი: 53-55 Crumlin Road
Crumlin Road Gaol – ვიქტორიანული პერიოდის ციხეა, რომელიც გასაოცარ ტურებს გვთავაზობს. ის პირველად 1846 წელს გაიხსნა და 150 წელი იფუნქციონირა როგორც ციხემ. 70 წუთიანი ტურის განმავლობაში დაათვალიერებთ მის ყოფილ საკნებს და დარბაზებს.
გადმოიხედეთ ქეივის მთიდან
Cave Hill – ბელფასტის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძეგლია. ის საშუალებას მოგცემთ ქალაქს ზევიდან გადმოხედოთ და ნავსადგურსა და ქალაქზე ფართო ხედებით დატკბეთ. ამ არეალში ნახავთ პარკს, ბელფასტის ციხეს და ზოოპარკს.
მოინახულეთ იშვიათი მცენარეები ბელფასტის ბოტანიკურ ბაღებში
ბელფასტის ბოტანიკური ბაღები ქალაქის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია 1828 წლიდან. ის საზოგადოების ინტერესს მრავალფეროვანი მცენარეებით აკმაყოფილებს, რომელთა შორისაა ეგზოტიკური ხეები და ყვავილები. ნახავთ პალმის სახლს და 2 ვიქტორიანულ სათბურს. ზაფხულში აქ ხშირად ეწყობა კონცერტები და ღონისძიებები.
გაატარეთ დღე ზოოპარკში
ქალაქის ხმაურისგან და ურბანულობისგან მოშორებით, ბელფასტის ზოოპარკი უნიკალურ ცხოველებს აერთიანებს. აქ 140 სახეობაზე მეტი ცხოველი ბინადრობს. იხილავთ ჟირაფებს, სპილოებს, პინგვინებს, ლემურებს და აშ.
დააგემოვნეთ ადგილობრივი კერძები
ბელფასტს არაჩვეულებრივი სამზარეულო აქვს. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია ღვეზელი, რომელიც სპეციალურ პურში მზადდება. ნამდვილი ბელფასტური გამოცდილებისთვის მას ფრისთან ერთად მიირთმევენ.
იპოვნეთ ყველა კატა ბელფასტის ციხესიმაგრის ბაღში
ბელფასტის ციხესიმაგრე მე-12 საუკუნეში, ბელფასტის ცენტრში ააგეს. მოგვიანებით, გადაწყვიტეს რომ ის ქეივის მთაზე ახლიდან აეშენებინათ, რათა ციხესიმაგრეს მედიდურად ემზირა ქალაქისთვის. მის ულამაზეს ბაღებში ვიზიტი უფასოა, აქ ბევრი ფისო დაგხვდებათ სკულპტურის, ფილის თუ მოზაიკის სახით.
შეისწავლეთ ჩრ. ირლანდიის ისტორია ულსტერის მუზეუმში
Ulster Museum – ბელფასტის საუკეთესო უფასო მუზეუმია, რომელიც ქვეყნის ისტორიას მოგვითხრობს. აქ ნახავთ დინოზავრების და ეგვიპტური მუმიების კოლექციებსაც. ის ბოტანიკურ ბაღში მდებარეობს.