სამხრეთ კორეის კომპაქტური ზომა და მისი საიმედო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა ამ მომხიბვლელ ქვეყანას საოცრად მარტივს ხდის სამოგზაუროდ. მოგზაურებს სამხრეთ კორეაში შეუძლიათ სულ რაღაც ერთ დღეში მოაწყონ ტურები მთის მწვერვალებიდან სანაპიროებამდე ან სოფლებიდან მეგაპოლისებამდე და უკანვე დაბრუნდნენ. შეგიძლიათ ჩვენი შვიდი ფავორიტი ადგილიდან მხოლოდ ერთი აარჩიოთ. თუმცა, თუ თქვენს მარშრუტში რამდენიმეს მაინც ჩასვამთ, ეს მოგზაურობა განსაკუთრებულად დაგამახსოვრდებათ.

1. სეული

საუკეთესო ადგილი ღამის ცხოვრებისთვის

სეულში, საადაც სამხრეთ კორეის მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობს, ტურისტების ყველაზე დიდი ნაკადი იყრის თავს. ამ ენერგიულ დედაქალაქში გართობის მოყვარულებს შეუძლიათ დღე-ღამის ნებისმიერ დროს, მთელი წლის განმავლობაში იპოვონ მყუდრო ბარები, დახვეწილი კოქტეილ-ლაუნჯები და ყოველთვის მხიარული კარაოკე ბარები (“noraebang”). უახლესი და ყველაზე მოდური ბარები ეულჯიროშია, ხოლო ღამის ცხოვრების ისეთი კლასიკური და გამოცდილი უბნები, როგორიცაა განგნამი, ჰონგდაე და იტაევონი, მუდმივად ინარჩუნებენ პოპულარობას.

რჩევა: ყველაზე ძვირადღირებული კლუბები განგნამშია კონცენტრირებული, მაშინ როცა ჰონგდე ბევრად უფრო ხელმისაწვდომი ვარიანტია ბიუჯეტური მოგზაურებისთვის. რაც შეეხება იტევონს, მას საერთაშორისო აუდიტორიის მიზიდვის რეპუტაცია აქვს.

2. ბუსანი

საუკეთესო ადგილი საზღვაო კულტურისთვის

სამხრეთ სანაპიროზე მდებარე ბუსანი სავსეა ცოცხალი და მრავალფეროვანი საზღვაო კულტურით, რასაც დიდწილად ბუსანის პორტი განაპირობებს. ეს არის ქვეყნის უძველესი და უდიდესი პორტი (დატვირთულობით რიგით მეექვსე მთელ მსოფლიოში), რომელიც სამხრეთ კორეის საკონტეინერო ტვირთების დაახლოებით 80%-ს ატარებს. იქვე მდებარე ბუსანის თანამედროვე ისტორიის მუზეუმი დეტალურად გვიამბობს მის საკვანძო როლზე სამხრეთ კორეის ისტორიაში. პორტის მიღმა, სანაპირო ზოლის გასწვრივ, უამრავი ულამაზესი პლაჟი, პარკი, სათვალთვალო მოედანი და სოფელი შეგხვდებათ, ისევე როგორც Haedong Yonggung-sa: ქვეყანაში ერთ-ერთი იშვიათი ტაძარი, რომელიც პირდაპირ ოკეანის პირასაა აშენებული.

რჩევა: ჯაგალჩიზე (Jagalchi), რომელიც სამხრეთ კორეის უდიდესი თევზის ბაზრობაა, დღის ნადავლი დახლებზე საგულდაგულოდაა გადანაწილებული. აქ ნახავთ გველთევზებს, კიბორჩხალებს, აბალონებსა, მოლუსკებსა და უამრავ თევზს. მყიდველებს შეუძლიათ ზღვის პროდუქტები პირველ სართულზე შეარჩიონ, შემდეგ კი ზედა სართულების რესტორნებში აიტანონ, სადაც პერსონალი მათ პროფესიონალურად გაასუფთავებს  და მოგიმზადებთ.

3. გიონგჯუ (GYEONGJU)

საუკეთესო ადგილი უძველესი საგანძურისთვის

ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე გიონგჯუ უძველესი რელიქვიების ნამდვილი საგანძურია: რელიგიური ძეგლებით დაწყებული, სამეფო აკლდამებით დასრულებული. გიონგჯუს ეროვნული მუზეუმი მათ მნიშვნელოვან ნაწილს ინახავს, მათ შორის დახვეწილ სამკაულებს, თიხის ჭურჭელს, სალოცავ ზარებსა და ბუდას ქანდაკებებს. თუმცა კიდევ უფრო მეტი არტეფაქტი მის ფარგლებს გარეთაა მიმოფანტული. გიონგჯუ ცნობილია, როგორც ქვეყნის „მუზეუმი ღია ცის ქვეშ“.

მოინახულეთ ტუმული-გონგვონის (Tumuli-gongwon) სამეფო აკლდამები; აღმოსავლეთ აზიაში უძველესი ასტრონომიული ობსერვატორია ჩომსონგდე (Cheomseongdae); სეოკგურამის (Seokguram) ბუდისტური გროტი; დონგუნგის (Donggung) თვალწარმტაცი სასახლე; და ბულგუკსას (Bulguk-sa) დარბაზები, პაგოდები და ხიდები. ვოლჯონგგო (Woljeonggyo): გადახურული ხის ხიდი თავისი თვალშისაცემი წითელი სვეტებით, მწვანე სახურავის კოჭებითა და ორი განაპირა კოშკით, შესაძლოა ყველაზე ლამაზი ხიდი იყოს მთელ სამხრეთ კორეაში, მით უმეტეს ღამით, როდესაც ის განათებულია.

რჩევა: ჩამოტვირთეთ კორეის ეროვნული მუზეუმის აპლიკაცია, რათა მიიღოთ წვდომა აუდიოგიდზე.

4. ანდონგი (ANDONG)

საუკეთესო ადგილი ხალხური ტრადიციებისთვის

ანდონგს, რომელიც კიონსანბუკ-დოს (Gyeongsangbuk-do) პროვინციაში მდებარეობს, ხშირად „კორეული სულის დედაქალაქად“ მოიხსენიებენ. ანდონგის იუნესკოს მიერ აღიარებულ ჰაჰოეს ხალხურ სოფელში სტუმრებს შეუძლიათ სრულად ჩაიძირონ ჯოსეონის ეპოქის ცხოვრების სტილში. შეიხედეთ სოფლის სახელოსნოებში და მის გამორჩეულ „ჩოგას“ (choga) ტიპის სახლებში.

ჰაჰოეს ნიღბების მუზეუმში შეგიძლიათ იხილოთ რეგიონის ტრადიციული ხის ნიღბები, რომლებიც არისტოკრატებს, მსახურებს და ბერებს განასახიერებენ. ყოველ შემოდგომაზე, ანდონგის ნიღბების ცეკვის ფესტივალზე, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ეს ნიღბები მოქმედებაში, თეატრალური წარმოდგენების დროს. ასევე შეგიძლიათ გასინჯოთ ეროვნული სასმელი სოჯუ (კორეული არაყი) სოჯუს მუზეუმში ან ადგილობრივ რესტორანში; და დააგემოვნოთ ანდონგის საფირმო კერძი — სოიოს სოუსში ჩაშუშული ქათამი, „ჯიმდაკი“.

რჩევა: გარდა იმისა, რომ ჰაჰოე სამხრეთ კორეის ყველაზე ცნობილი ხალხური სოფელია, ის რეალური დასახლებაა, სადაც ბევრი კერძო რეზიდენციაა, სადაც შესვლა აკრძალულია. ესტუმრეთ მხოლოდ იმ ადგილებს, რომლებიც საინფორმაციო ცენტრის სიაშია შეტანილი. ასევე, კარგად შეინახეთ შესასვლელი ბილეთი, მის წარდგენას მოგთხოვენ ყოველ ჯერზე, როდესაც შიდა ავტობუსით ისარგებლებთ.

5. განგვონ-დო (GANGWON-DO)

საუკეთესო ადგილი ზამთრის სპორტისთვის

სეულიდან დაახლოებით 100 კილომეტრში მდებარე განგვონ-დო სამხრეთ კორეის საუკეთესო სათხილამურო კურორტების სამშობლოა (და ის 2018 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების მასპინძელიც იყო). თხილამურებითა და სნოუბორდით სასრიალოდ ეწვიეთ უმაღლესი რეიტინგის მქონე იონგპიონგს (YongPyong): ქვეყნის უძველეს და უდიდეს სათხილამურო კურორტს. სხვა პოპულარული ვარიანტებია ფენიქს პარკი, ვივალდი პარკი და ალპენსია.

რჩევა: აქ გართობა მხოლოდ სათხილამურო ტრასებით არ შემოიფარგლება. განგვონ-დო რამდენიმე ზამთრის ფესტივალს მასპინძლობს, მათ შორის ყინულის ფესტივალს (Hwacheon Sancheoneo Ice Festival), სადაც მონაწილეებს შეუძლიათ გამოსცადონ ყინულზე თევზაობა და ციგაობა, და ტებეკსანის თოვლის ფესტივალს, სადაც გიგანტური ყინულის ქანდაკებებისა და ყინულის შადრევნების გამოფენები ეწყობა.

6. ჯეჯუ-დო (JEJU-DO)

საუკეთესო ადგილი სანაპიროებისა და ჩანჩქერებისთვის

კორეის სამხრეთით, ყვითელ ზღვაში მდებარე ჯეჯუ-დო დაჯილდოებულია სასიამოვნო სუბტროპიკული კლიმატით. კუნძულზე იმდენად დიდი მოთხოვნაა, რომ საჰაერო მარშრუტი სეულსა და ქალაქ ჯეჯუს შორის ყველაზე დატვირთულია მთელ მსოფლიოში. მატერიკის მაცხოვრებლები აქ დასასვენებლად და განსატვირთად მოიჩქარიან. აქაური სანაპიროების, კრისტალურად სუფთა წყლისა და ვულკანური ლანდშაფტისთვის მხოლოდ ერთი თვალის შევლებაც კი საკმარისია იმის გასაგებად, თუ რატომ.

რჩევა: ჯეჯუ-დოზე გაცილებით მეტი რამის გაკეთება შეიძლება, ვიდრე უბრალოდ ოკეანის პირას წიგნითა და კოქტეილით ხელში დასვენებაა. თავგადასავლების მაძიებლებს შეუძლიათ ავიდნენ ქვეყნის უმაღლეს მთაზე, ჰალასანზე (1947 მ); დაკავდნენ სნორკელინგითა და დაივინგით კუნძულ მუნსეომზე; მოინახულონ ჯეონგბანგის ან ჩეონჯიეონის ჩანჩქერები; ან მოაწყონ რაფტინგი ტრადიციული ნავით.

7. გუანგჯუ (GWANGJU)

საუკეთესო ადგილი თანამედროვე ისტორიისთვის

კორეული დემოკრატიის აკვნად მიჩნეული გუანგჯუ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. საპროტესტო აქციის დაახლოებით 600 მონაწილე სტუდენტის რეპრესიების შემდეგ, გუანგჯუს მოსახლეობა შეუერთდა ამბოხებას, რომელიც მათი მასობრივი მკვლელობითა და წამებით დასრულდა. მიუხედავად მოძრაობის ჩახშობისა, ის გარდამტეხ მომენტად მიიჩნევა სამხრეთ კორეის დემოკრატიისთვის ბრძოლაში. ქვეყნის ისტორიაში ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენის უკეთ გასაგებად, ეწვიეთ 18 მაისის მემორიალურ პარკსა და ეროვნულ სასაფლაოს. ასევე შეგიძლიათ გაისეირნოთ ჩუნგჯანგ-როზე, ახლა უკვე სავაჭრო და გასართობ ქუჩაზე, რომელიც ოდესღაც აჯანყების ეპიცენტრი იყო. აქ მდებარეობს აზიის კულტურის ცენტრი და იუნესკოს გლობაპური გეოპარკი.