მადრიდი მსოფლიოს უძველესი რესტორნის სამშობლოა: სობრინო დე ბოტინის, ამიტომაც სამართლიანია ვთქვათ, რომ ამ ქალაქს დახვეწილი სადილობის ტრადიცია მემკვიდრეობით აქვს ბოძებული. ესპანეთის დედაქალაქში ქუჩის საკვები საკმაოდ გემრიელი და პოპულარულია. ასევე, მადრიდული სამზარეულო ქალაქის ბაზრების გარშემო ყალიბდება. იქ ადამიანები სწრაფად ყიდულობენ და ადგილობრივ პროდუქტს სწრაფადვე მიირთმევენ. ყველა ამ ტრადიციამ ჩამოაყალიბა მადრიდი ქალაქად, სადაც ავთენტური საკვებით ბიუჯეტურად ისიამოვნებთ.
Bar La Campana
ბარი/ესპანური სწრაფი კვება
მაიორის სასახლის სიახლოვეს, ერთ პატარა ქუჩაზე მდებარე ეს ბარი სენდვიჩის მისართმევად საკმაოდ პოპულარული ადგილია. ლა კამპანა მხოლოდ სენდვიჩებს ამზადებს, თუმცა ამას ისინი იდეალურად აკეთებენ. აქ ხშირ შემთხვევაში რიგი დგას, თუმცა მოცდად ღირს. ამასთან, ლოდინის დროს შეგიძლიათ დააკვირდეთ თუ როგორ ამზადებენ მზარეულები უგემრიელეს საკვებს. სენდვიჩის ფასი 2.70 ევროა.
Mercado San Miguel
ბაზარი
მერკადოს ბაზარი 100 წლის წინ დაარსდა და 2009 წელს, რემონტის შემდეგ, ახლიდან გაიხსნა. აქ სწრაფი კვების სტენდები დაგხვდებათ, ასევე ესპანური სალათები. საუკეთესო თინუსი Amaiketako-ს აქვს, საუკეთესო ბურგერი Raza Nostra-ს, საუკეთესო ღვინისთვის კი Pinkleton & Wine-ს მიაკითხეთ. შოპინგი და წახემსება ნამდვილად საუკეთესო კომბინაციაა.
Mercado de San Ildefonso
საერთაშორისო ბაზარი
მალაზანას უბანში მდებარე ეს ბაზარი საერთაშორისო ქუჩის კვებით გიმასპინძლებთ. 20-ზე მეტი დახლი მრავალფეროვან მენიუს გთავაზობთ, დაწყებული ეგზოტიკური აზიური კერძებიდან, დამთავრებული სამხრეთ ამერიკის კლასიკური ტაკოებით. აქ ასევე უგლუტეინო, ვეგეტარიანული და ვეგანური კვებაცაა. საუკეთესო აზრია წახვიდეთ აქ, თუ ბევრნი ხართ და საერთო საკვების იდეაზე ვერაფრით თანხმდებით.
Casa Camacho
სასმელების ბარი
ეს ტრადიციული ბარი, რომელიც არსებობის ათეულობით წელს ითვლის, ლუდით, ვერმუტით და კოქტეილებითაა ცნობილი. უბნის მაცხოვრებლები მას ხშირად სტუმრობენ, ამიტომაც აქ ესპანელ საზოგადოებას გაიცნობთ.
Sidrería El Tigre
რესტორანი
ეს ადგილი მადრიდელ სტუდენტებში საკმაოდ პოპულარულია. მიზეზი მარტივია: სიდრერია ქალაქში კერძებსა და სასმელებზე ყველაზე შეღავათიან ფასს გვთავაზობს. თუ დღემ ძალიან დაგღალათ, ბევრი იარეთ და ქალაქი გამოიკვლიეთ, აქ ნამდვილად სასიამოვნო რელაქსაციას მიიღებთ: მიირთმევთ ესპანურ უგემრიელეს საკვებს საკმაოდ ბიუჯეტურ ფასად.
Chocolat
საკონდიტრო
ლეტრას უბანში მდებარე ეს ფანტასტიკური ადგილი ესპანური ტკბილი ჩუროს დასაგემოვნებლად საუკეთესოა. აქ კაფის ხელნაკეთ შოკოლადს დააგემოვნებთ. მართალია, ჩურო ესპანური საუზმის ნაწილად ითვლება, თუმცა იმდენად გემრიელია, რომ საღამოს, სახლისკენ მიმავალ გზაზეც ვერ გაუძლებთ ცდუნებას და თან გაიყოლებთ.
მადრიდის საჭმლის ფესტივალი
ყოველ წელს, იანვრისა და თებერვლის განმავლობაში, მადრიდში გასტროფესტივალი ეწყობა და გასტრონომიას ხელოვნებასთან აკავშირებს. თუ მადრიდში წლის ამ დროს იმყოფებით, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გაუშვათ. ლიტერატურის, კინოს, ფოტოგრაფიის თუ მხატვრობის ვორქშოფებსა და კონცერტებს შორის, შეგიძლიათ უამრავი სახეობის სასმელ-საჭმელი დააგემოვნოთ. ფესტივალის პერიოდში ღია კულინარიული კლასებიც ტარდება.