თუ კუნძულები და წყლის ტრანსპორტი გხიბლავთ, საბერძნეთში დიდი არჩევანი დაგხვდებათ. რთულია ამოარჩიო ამ ულამაზესი ქვეყნის კუნძულებიდან რამდენიმე და ისინი ერთ მოგზაურობაში ჩაატიო.
როგორ ვიმოგზაუროთ საბერძნეთის კუნძულებზე
მიუხედავად იმისა, რომ კუნძულებს შორის გადაადგილებისთვის ბორნები ძირითადი სატრანსპორტო საშუალებაა, დღეს უფრო სწრაფი და მარტივია იქ საჰაერო სივრციდან მოხვდეთ. დიდ კუნძულებზე დაფრინავენ ეგეოსის ავიახაზები, სქაი ექსპრესი და ოლიმპიკი. დიდი კუნძულებიდან პატარებზე, სადაც აეროპორტები არაა, კი ბორნებით გადახვალთ. თუ ბორნით პირაეუსიდან ან რაფინადან აპირებთ მგზავრობას, სწრაფი ბორნები აირჩიეთ. მათი ფასი ოდნავ მაღალია, მაგრამ დანიშნულების ადგილას სწრაფად მიგიყვანენ.

დაგეგმვა
მაისიდან ოქტომბრამდე საუკეთესო დროა ბერძნული კუნძულებისთვის, განსაკუთრებით თუ მზიანი დღეები და ეგეოსის ზღვაში ცურვა გაქვთ მიზნად. მაგრამ, გაითვალისწინეთ რომ ივნისი-აგვისტო აქ დატვირთულია და ფასებიც იზრდება. დაფიქრდით თუ რა გაინტერესებთ ან რას ეძებთ: სანაპიროებს ინფრასტრუქტურით თუ ფარულ გამოქვაბულებს? მაღალი დონის რესტორნებს თუ ტავერნებს ქვიშაში? ანტიკურ ძეგლებს თუ ბარებს გვიანობამდე? დასვენება გსურთ ერთ და ორ კუნძულზე თუ ბევრი კუნძულის მოვლაზე ოცნებობთ? ამ კითხვებზე პასუხი სწორ დაგეგმვაში დაგვეხმარება,

საბერძნეთის პირველად მონახულებისას ციკლადებს ირჩევენ: სანტორინის და ქარიზმატულ მიკონოსს. მიკონოსის შემდეგ ბორნით ახლომდებარე ტინოსზე გადადით. მას სახელი სალაშქრო ბილიკებით და მევენახეობით მოიხვეჭა. თუ ბორნით ნაქსოსზე გადახვალთ, ოქროსფერქვიშიან სანაპიროზე, სუფთა წყალში იცურავებთ და კიტსერფინგით დაკავდებით. აქედან მიეშურებიან პაწაწინა კუნძულებზე: დონუსაზე, ირაკლიაზე, სკინუსაზე და კუფონისიაზე.

თუ ფირუზისფერი ზღვა, მთები და თეთრი კენჭოვანი სანაპირო გხიბლავთ, იონიის კუნძულებს გირჩევთ. ჩადით კორფუზე, შემდეგ პაქსოსზე და ანტიპაქსოზე. ზოგიერთი მოგზაური კი ამჯობინებს როდესს მისი შუასაუკუნეების ძველი ქალაქით და ზღვისპირა სოფლით სახელად ლინდოსი. ახლო მანძილზეა კარპატოსიც. რა მიმართულებებიც არ უნდა აირჩიოთ, საბერძნეთის კუნძულები გარანტიას გაძლევენ, რომ სახლში მოგონებებით სავსე ხურჯინით დაბრუნდებით.

თუ ბიბლიოფილი ხართ, ეწვიეთ კორფუს და პაქსოს
თუ გსურთ უბრალოდ იწვეთ ქვიშაზე და წიგნი იკითხოთ, მაშინ ეს კუნძულები თქვენთვის იდეალურია. კორფუ სავსეა განმარტოებული გამოქვაბულებით, სადაც რეალურ სამყაროს მოწყდებით. დაისვენეთ ისოსის სანაპიროზე ან ტყეებში; გაისეირნეთ კორფუს ძველ ქალაქში, რომელსაც იუნესკოს წოდება აქვს მიღებული, ეწვიეთ არქეოლოგიურ მუზეუმს, სადაც დატკბებით არტემისის საყდრის ნანგრევებით. იცურავეთ პაქსოსის და ანტიპაქსოსის ხელშეუხებელ სანაპიროებზე.

თუ ანტიკური საბერძნეთის ფანი ხართ, ეწვიეთ კეფალონიას და ითაკას
საბერძნეთის ყველაზე მითიური კუნძული ითაკა სუფთა წყლის, კვიპაროსებიანი მთის და ხშირი ტყეების ადგილია, ზუსტად ისეთი, როგორსაც ოდისეა აღგვიღწერს. დაათვალიერეთ არქეოლოგიური მუზეუმი, სოფელი პერაჰორი ხედებით კუნძულზე და გაყევით ბორანს კეფალონიისკენ. ეწვიეთ მსოფლიო დონის კორგიალენიოსის ბიბლიოთეკას ანტიკური ბერნძული მანუსკრიპტებით და დაკავდით დაივინგით.

თუ წყალი ძალიან გიყვართ, ეწვიეთ მილოსს და კიმოლოსს
დაიწყეთ მოგზაურობა მილოსში და გააგრძელეთ კიმოლოსზე. აღმოაჩინეთ მათი 90 ქვიშიანი სანაპირო და თერმული წყაროები. აქ მუქი ლურჯი ზღვა, კლდეები, სასიამოვნო წყალი და ნავსადგურია.

თუ გურმანი ხართ, ეწვიეთ სერიფოსს და სიფნოსს
თუ ბერძნული სამზარეულო გიზიდავთ, გეტყვით რომ სერიფოსი და სიფნოსი ამ მხრივ საუკეთესო რეპუტაციით გამოირჩევიან. აქ იპოვით რესტორნებს კრეატიული მენიუებით და კერძებს საინტერესო გადაწყვეტით.

თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ, ეწვიეთ ამორგოსს და კუფონისიას
თუ ენერგიული ხართ, ეს ორი კუნძული მოგეწონებათ. აქ წყალი, მთები თუ თეთრი ქალაქი ქორა ფართო გასაქანს მოგცემთ. აღმოაჩინეთ მე-13 საუკუნის ციხესიმაგრე და მონასტრები, დასხედით კლდისპირა ბარებში და დალაშქრეთ ბილიკები.

თუ ისტორია გიყვართ, ეწვიეთ პატმოსს და ლიპსის
ლიპსის მაგიური აგიოს იოანისის ეკლესია პილიგრიმებს მთელი მსოფლიოდან იზიდავს. გადადით მეზობელ პატმოსზე სადაც ასევე ექსტრაორდინალური ტეოლოგოს მონასტერი მდებარეობს, ასევე “აპოკალიფსის გამოქვაბული”, რომელიც იუნესკოს დაცული ტერიტორიაა. ლამბის სანაპიროზე კი ფერადი კენჭები დაგხვდებათ.











