საფრანგეთს, ბელგიასა და გერმანიას შორის მდებარე პატარა ქვეყანა ლუქსემბურგი ერთ-ერთი გამორჩეული და უნიკალური ევროპული ქვეყანაა. ბიზნესისა და ვაჭრობის ეს გლობალური ჰაბი საკმაოდ დრამატულ პეიზაჟებს წარმოგვიდგენს ისტორიული ციხესიმაგრეებით. ჩვენ აქ მოგზაურობამდე რამდენიმე სასარგებლო რჩევას მოგცემთ.

როდის უნდა წახვიდეთ ლუქსემბურგში?

მიუხედავად იმისა, რომ ივნისიდან აგვისტომდე პერიოდი აქ ყველაზე დატვირთულია, ამ დროს ლუქსემბურგში ყველაზე სასიამოვნო ამინდია, რაც ვიზიტისთვის საუკეთესო პირობებს ქმნის. შემოდგომაზე ყველაფერი ოქროსფერი და გამორჩეულად ლამაზია, ამასთან ამ დროს დაბლა იწევს სასტუმროების ფასებიც. დეკემბრის პერიოდში კი ლუქსემბურგის დედაქალაქ ლუქსემბურგში, საშობაო განათებების ფესტივალი ეწყობა და ჯადოსნური ატმოსფერო იქმნება. გაითვალისწინეთ, რომ იანვარსა და თებერვალში აქ საკმაოდ ცივა.

რა დრო უნდა გაატაროთ ლუქსემბურგში?

დედაქალაქი ლუქსემბურგი მშვენიერი გადაწყვეტილებაა უიქენდზე მოსანახულებლად. პარასკევიდან კვირა დღემდე აქ ბევრია სანახავი და გასაკეთებელი. მაგრამ, თუ მეტი დრო გაქვთ, მოიარეთ ქვეყანა. ჩრდილოეთის უკიდურესი წერტილიდან სამხრეთამდე დაახლოებით საათნახევარი დაგჭირდებათ. 4 დღის შემთხვევაში გაისეირნეთ ღვინის რეგიონ მოსელში (Moselle) და ევროპის კულტურის დედაქალაქად წოდებულ ეშში (Esch).

მარტივია ლუქსემბურგში გადაადგილება?

ლუქსემბურგის აეროპორტი ქვეყნის ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია. ის დედაქალაქიდან სულ რაღაც 5 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. შესაბამისად, დედაქალაქში და ქვეყნის სხვა ადგილებში მოხვედრა ავტობუსით, ტაქსით და დაქირავებული მანქანით საკმაოდ მარტივია.  აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი (ავტობუსი, ტრამვაი და მატარებელი) ლუქსემბურგში სრულიად უფასოა.

საუკეთესო აქტივობები ლუქსემბურგში

მის მეზობელ ბელგიაზე 10-ჯერ პატარა ლუქსემბურგი მოგზაურობის დაწყებას მისი დედაქალაქიდან გირჩევთ. დატკბით ამ ქალაქის ხედებით ციხესიმაგრიდან: Chemin de la Corniche და ადოლფის ხიდიდან.

ქალაქის ცენტრში, მოინახულეთ ლუქსემბურგის ისტორიის მუზეუმი (Musée d’Histoire de la Ville de Luxembourg). მის ისტორიაში ჩაძირვით, გაიგებთ როგორ იცავდა ქვეყანა საკუთარ თავს გვირაბების ქსელით და ქვის სიმაგრეებით. არ გამოგრჩეთ მე-12 საუკუნის ულამაზესი უბანი Rives de Clausen, რომელიც დღეს ეკლექტურ კულტურას აერთიანებს თანამედროვე ბარებით და გასართობი სივრცეებით.

ლუქსემბურგში ბუნებაში ლაშქრობაც ერთ-ერთი ცნობილი ტურისტული აქტივობაა. ყველაზე პოპულარულია შემდეგი სალაშქრო ბილიკი: Mullerthal Trail. შეგიძლიათ აიღოთ გიდის ტური და დატკბეთ პანორამული ხედებით. მას “პატარა შვეიცარიასაც” უწოდებენ და ცნობილია ქვის უნიკალური ფორმებით, ანტიკური ნანგრევებით და მდინარე სურის ნაპირით. არ გამოგრჩეთ პარკი: Minett Park Fond-de-Gras, რომელიც მატარებლის ისტორიულ გაჩერებებს და სხვა საინტერესო ადგილებს გვათვალიერებინებს.

ლუქსემბურგის ღვინის რეგიონი: Moselle Valley დედაქალაქიდან 20 კილომეტრში მდებარეობს და წარმოგვიდგენს ვენახებს, სადაც ზაფხულის სასიამოვნო საღამოების დროს გემრიელ თეთრ ღვინოებს დააგემოვნებთ. გამორჩეული სახეობებია: Riesling, Gewürztraminer და Chardonnay.

რა თანხაა საჭირო ლუქსემბურგში?

ლუქსემბურგი ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანაა, თუმცა ვიზიტორებისთვის ფასები სულაც არაა ისეთი მაღალი, როგორც მაგალითად სკანდინავიის ქვეყნებში. ის თავისი მეზობლებისგან დიდად არ განსხვავდება.

  • საზოგადოებრივი ტრანსპორტი: უფასოა!
  • ყავა: €3.50
  • სენდვიჩი: €5
  • სადილი 2 კაცზე: €50–70
  • ლუდი ბარში: €6

რამდენ ენაზე საუბრობენ ლუქსემბურგში?

ოფიციალური ენებია: ლუქსემბურგული, გერმანული და ფრანგული. თუმცა, აქ ინგლისურადაც საუბრობენ.