ეს ძველი, ქვაფენილიანი შუა საუკუნეების დროინდელი სოფელი უკან წარსულში ან უბრალოდ ზღაპარში გადაგანაცვლებთ. ამჯერად გაცნობთ გერმანიის ქალაქ მიშელშთადს, რომელიც ფრანკფურტთან მდებარეობს და მშვიდი სარელაქსაციო ადგილია დატვირთული ქალაქიდან დროებით მოსაწყვეტად.

მიშელშთადი (Michelstadt) ოდენვალდის რეგიონში მდებარეობს. ფრანკფურტის გარდა, ის ქალაქ ჰეიდელბერგთანაც ახლოსაა. მისი მონახულებისას ოდენვალდის ბუნების სილამაზითაც დატკბებით. არეალი ცნობილია სალაშქრო ბილიკებით ნეკარ-ოდენვალდის ბუნების პარკში, რომელიც მიშელშთადიდან 20 წუთის სავალ გზაზე მდებარეობს. ქალაქთან ახლოსაა ობრუნის ხეობაც, რომელიც ცნობილია მისი ზღაპრული ბილიკით. აქ თავი “გედების ტბაში” გეგონებათ, მოინახულებთ კოშკს და პატარა შენობებს.

მიშელშთადის ციხესიმაგრე ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული სასახლეა, რომელიც მეათე საუკუნით თარიღდება და ქალაქის ისტორიას წარმოგვიდგენს. კიდევ ერთი ციხესიმაგრეა შლოს ფურშტენაუ (Schloss Fürstenau).

ქალაქში სეირნობისას დაათვალიერებთ ისტორიულ ქალაქის მერიას, რომელიც მე-15 საუკუნით თარიღდება. აქ ყველგან ფოტოგენური ხედებია ლამაზი ფოტოების გადასაღებად. მიშელშთადში რამდენიმე ეკლესია და სინაგოგაა. მათი მონახულების შემდეგ, ეულბაჰერის პარკი (Eulbacher Park) გელოდებათ თვალწარმტაცი ლანდშაფტით.

მიშელშთადი ცნობილია ფესტივალებითა და ბაზრობებითაც. გაზაფხულზე აქ აღდგომის ბაზრობა იმართება; ზაფხულის დასაწყისში ფუტკრების ბაზრობა; ზაფხულში თეატრის ფესტივალი; ზამთარში კი ცნობილი საშობაო ბაზრობა. ის ნოემბრის ბოლოს იწყება და ახალი წლის მოსვლასთან ერთად მთავრდება.

ზოგადად, მიშელშთადის არქიტექტურა ძალიან წააგავს საფრანგეთის ქალაქ – Riquewihr-ს, რომელმაც დისნეის “ურჩხული და მზეთუნახავი” შთააგონა.