რომანტიკა იტალიის ვენებში ჩქეფს, მაგრამ ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობები ხშირად გადატვირთულია და განცალკევებით ტკბობის საშუალებას არ გვაძლევს. იპოვნეთ და შეიგრძენით ნამდვილი იტალიური რომანტიკა ჩვენი შერჩეული ალტერნატივებით.

ვერონა

ცნობილი ძეგლი: ვერონას რომანტიკული ძეგლი ჯულიეტას აივანია. ეს მე-14 საუკუნის შენობა შეყვარებულების და შექსპირის ფანების საყვარელი ადგილია. მას ხშირად სტუმრობენ წყვილები თავიანთ რომეოსთან და ჯულიეტასთან ერთად.

ალტერნატივა: თუ აივნის მიდამოები ძალიან გადატვირთულია ან შექსპირის ეს პიესა არ შთაგაგონებთ, გაატარეთ რომანტიკული საღამო ვერონას პირველი საუკუნის დროინდელ რომაულ არენაზე. ჩამოჯექით ხალხისგან მოშორებით, ქვის კიბეებზე, გაშალეთ პლედი, დაისხით ღვინო, წაიღეთ სასუსნავი და დააკვირდით ვარსკვლავებიან ცას.

ვენეცია

ცნობილი ძეგლი: ვენეციის საკულტო გონდოლაზე დასხდომა და ქალაქის არხებში სიარული მომღერალ გონდოლას მძღოლთან ერთად, ცნობილი ვენეციური რომანტიკული აქტივობაა. კარგად ჟღერს იქამდე, სანამ ამ მომსახურეობის ფასს გავიგებთ. რა თქმა უნდა, ვენეცია ლამაზია წყლიდან, თუმცა არც ისე იაფი.

ალტერნატივა: გაეცალეთ ვიზიტორების დიდ ნაკადს ცენტრალურ ვენეციაში და წაყევით ბორანს ლიდოზე. იქირავეთ ორკაციანი ველოსიპედი და ერთად მოიწყვეთ რომანტიკული ექსკურსია ულამაზეს ქუჩებში. ორი ან საერთო ველოსიპედით სეირნობა აქ იდეალური პაემანი იქნება.

რომი

ცნობილი ძეგლი: ტრევის შადრევანში მონეტის ჩაგდება, ლეგენდის მიხედვით ნიშნავს იმას, რომ თქვენ რომში ოდესმე აუცილებლად დაბრუნდებით. ორი მონეტის ჩაგდებით კი იტალიელზე დაქორწინებას იწინასწარმეტყველებენ. ტურისტები ამ საოცარი შადრევნის რიგში დგანან, რათა სურათები გადაიღონ. ხალხის ასეთი სიმრავლე საოცნებო პაემნის მოწყობას ნამდვილად არ უწყობს ხელს.

ალტერნატივა: ეწვიეთ წმ. პეტრეს ბაზილიკის გუმბათს. ვატიკანის გიგანტური კათედრალის სახურავზე ადრიანად ადით. თუ გახსნის მომენტში მიხვალთ, ვატიკანზე ხედებით შესაძლოა მხოლოდ თქვენ ორნიც კი დატკბეთ. ზოგადად, დღის პირველ ნახევარში ის სულაც არაა გადატვირთული.

ფლორენცია

ცნობილი ძეგლი: მიქელანჯელოს დავითის ქანდაკება, რომელიც ფლორენციაში, გალერეა აკადემიაში დგას, ქალაქის რომანტიკული გულია. იგივე შეიძლება ითქვას უფიცის გალერეაში მდებარე “ვენერას დაბადებაზე”. თუმცა, ცნობილ მუზეუმებში არსებული ხალხის რაოდენობა ხანდახან სასიყვარულო განწყობას ვერ ქმნის.

ალტერნატივა: ბობოლის ბაღები, რომელიც უფიცის გალერეასთან მოკლე სასეირნო მანძილზე მდებარეობს, შეყვარებულებისთვის იდეალური ადგილია. აქ სეირნობისას განმარტოებულ ადგილებსაც აღმოაჩენთ, ტურისტებისგან მოშორებით. ფლორენციის ეს ულამაზესი მწვანე გარემო ციტრუსის ხეებითა და ნიმფების ქანდაკებებითაა მორთული.