ვერონა იტალიის ყველაზე რომანტიკულ ქალაქად ითვლება. ის ამ ტიტულს შექსპირის არჩევანს უნდა უმადლოდეს, რომელმაც თავის საკულტო პიესაში „რომეო და ჯულიეტა“ სამოქმედო გარემოდ სწორედ ჩრდილოეთ იტალიის ეს ლამაზი და ისტორიული ადგილი აირჩია. თუმცა, ვერონა იმაზე მეტია, ვიდრე მხოლოდ ჯულიეტას აივანი. აქ რომაულ არენას, ანტიკურ ეკლესიებს, მუზეუმებს, მისტიკურ საათის კოშკს და ფლი მარკეტს მოინახულებთ. ვერონაში სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან საოცარ არქიტექტურას მოკრავთ თვალს, ამიტომაც ამ პატარა ქალაქს უწოდებენ სასიყვარულო ამბავს, რომელსაც აქაური შენობები გიყვებიან.

უყურეთ ოპერას ვერონას რომაულ არენაზე

მართალია ვერონას რომაული არენა რომის კოლიზეუმის მსგავსად დიდი არაა, მაგრამ ძალიან კარგადაა შემონახული. ის ნანგრევებად არ ითვლება, რადგანაც კონცერტებს აქ დღემდე ატარებენ. თუ ოპერის სანახავად არ მიხვალთ, ჩაეწერეთ ტურზე ან გამოიკვლიეთ ის დამოუკიდებლად. თუ მაღლა ახვალთ, ქალაქის ხედითაც დატკბებით.

დაათვალიერეთ Giardino Giusti

ეს მე-16 საუკუნისდროინდელი ბაღი საოცრადაა განახლებული. არ შეგაშინოთ კიბეებმა, აუცილებლად ადით ბოლოში და იხილეთ ვერონას ხედები.

შეისწავლეთ ისტორია მუზეუმში: Museo di Castelvecchio

ამ მუზეუმს საუკეთესო ადგილმდებარეობა აქვს: მდინარისა და ქვის თაღოვანი ხიდის გვერდით. კასტელვექიოს მუზეუმი ვერონას წარსულს ინახავს, მდიდარი არტეფაქტებით, ამიტომაც აქ რამდენიმე საათი მაინც უნდა გაატაროთ. ადრეული რენესანსის მხატვრობა და სკულპტურები იტალიის ისტორიას აცოცხლებენ.

მოინახულეთ საკულტო აივანი: Casa di Giuletta

ჯულიეტას სახლი აქ ყველაზე პოპულარული ადგილია. სურათების გადაღების შემდეგ, შეგიძლიათ უკვე დამკვიდრებული ტრადიცია თქვენც გაიმეოროთ და ჯულიეტას ქანდაკების მკერდს იღბალისთვის ხელი მოუჭიროთ. სახლში შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი საწოლი, რომელიც ძეფირელმა თავისი „რომეო და ჯულიეტასთვის“ გამოიყენა.

მოიხიბლეთ დუომოთი

შეგიძლიათ შეიძინოთ ბილეთი და ვერონას ოთხივე ეკლესიაში შეხვიდეთ, მაგრამ კათედრალი ყველაზე შთამბეჭდავია. იატაკზე შუშის პანელები საშუალებას გაძლევთ მიწისძვრისგან დაზიანებული ეკლესიის ნანგრევები იხილოთ. ინტერიერის სილამაზე აღფრთოვანებულს დაგტოვებთ.

იხილეთ ხელოვნების ნიმუშები გალერეაში: Galleria d’Arte Moderna Achille Forte

ეს არ არის თანამედროვე გალერეა, რადგანაც ნახატების უმრავლესობა 1840 წლიდან 1940 წლამდე თარიღდება, თუმცა ადრეულ ხელოვნებაში საინტერესო მოგზაურობას გპირდებათ. მხატვრები ყველანი იტალიელები არიან, ამიტომაც აუცილებლად აღმოაჩენთ თქვენთვის უცხო ტილოებს. შენობა თავადაც ისტორიულია.

შეიძინეთ სუვენირები პიაცა სან ზენო ფლი მარკეტზე

ამ ბაზრობაზე საინტერესო ნივთებში ნამდვილად დაიკარგებით. გამყიდველები ადგილობრივები არიან და ინგლისური კარგად არ იციან, თუმცა კონტაქტში შემოსვლას ყველანაირად ცდილობენ. იტალიური ანტიკური ნივთები ყველაზე ღირებულია და სავარაუდოდ მთელი ბაზრობის თან წამოღება მოგინდებათ.

აცოცდით Torre dei Lamberti-ზე

ვერონას ცნობილ კოშკზე ფეხით ასვლა ნამდვილად მიღწევაა, თუმცა 1 ევროდ შეგიძლიათ ლიფტით ისარგებლოთ. აქედან მთელ ქალაქს ხელის გულზე დაინახავთ. ის დაახლოებით მე-12-მე-15 საუკუნეებს შორის აშენდა და მისტიკური წარსულით ხასიათდება.