მონაკო თავისი გლამურული იახტებით და მომხიბვლელი ძველი ქუჩებით, წლის მანძილზე უამრავ ვიზიტორს აბედნიერებს. ჩვენ საუკეთესოდ დაგიგეგმავთ აქ 48 საათის გატარებას.

დღე 1

დილა

დაიწყეთ გემრიელი საუზმით რომელიმე საკულტო კაფეში, მონტე-კარლოს კაზინოს სიახლოვეს. მიირთვით ფრანგული და ევროპული კერძები და არომატული ყავა.შემდეგ, Le Rocher-ში გადაინაცვლეთ, მონაკოს ძველ ქალაქში, რომელიც ქვის კლდეზე მდებარეობს და ხმელთაშუა ზღვას გადმოჰყურებს. აქ ბევრი ღირსშესანიშნაობა მდებარეობს, მათ შორის: პრინცის სასახლე, ოკეანოგრაფიის მუზეუმი და წმ. ნიკოლასის კათედრალი. ყოველი დღის 12 საათზე პრინცის სასახლის წინ დაცვა დემონსტრაციულად იცვლება. გაისეირნეთ წმ. მარტინის ბაღებში და გადახედეთ ხმელთაშუა ზღვას.

შუადღე

ლანჩის შემდეგ, ჩამოდით Le Rocher -დან და შეჩერდით ანტუანის ციხესიმაგრეში, უძველეს ადგილას, რომელიც დღეს ღია ცის ქვეშ თეატრია. მისი მონახულების შემდეგ, ჩადით დაბლა და ჰერკულესის პორტს მიადგებით. მონაკოს ეს პორტი იმედებს არ გაგიცრუებთ: აქ შთამბეჭდავი და მდიდრული იახტებია განთავსებული. პორტში ასევე დაგხვდებათ კაფე-ბარები და სანაყინეები.

საღამო

მოიწყვეთ პიკნიკი. მიუხედავად იმისა, რომ მონაკო გლამურული რესტორნების ადგილია, შეგახსენებთ, რომ ის ფრანგული რივიერას ნაწილია. გაისეირნეთ ზღვის სანაპიროზე – Cap D’ail არის ადგილი, სადაც საპიკნიკოდ დასხდომას შეძლებთ. მონაკოს ხედი აქედან გასაოცარია, განსაკუთრებით მზის ჩასვლისას და ასე მშვიდად და რომანტიკულად დაასრულებთ მონაკოში გატარებულ პირველ დღეს.

დღე 2

დილა

დაიწყეთ მეორე დღე როგორც მონაკოში მცხოვრებმა და მიირთვით საუზმე Marché de la Condamine-ზე. ამ ლამაზი ბაზრობის ირგვლივ ბევრი საკვები ობიექტია თავმოყრილი და მაგიდას ადვილად იპოვნით.

შემდეგ განაგრძეთ დილის გატარება ლარვოტოში. მონაკოს ამ სანაპიროს კერძო ნაწილიც აქვს, თუმცა დიდი ნაწილი საჯაროდაა ღია. აქ ქოლგები და ბარები დაგხვდებათ.

შუადღე

მონტე-კარლოს კაზინო ვიზიტორებისთვის დღის 2 საათზე იხსნება. ეს მონაკოს ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა და ტურისტებსა თუ მოთამაშეებს 70-იანი წლებიდან იზიდავს. მოინახულეთ გარეთ ფერადი მოზაიკის იატაკიც.

კაზინოს მოედნიდან 5 წუთის გზაზე მეტროპოლის სავაჭრო ცენტრი მდებარეობს. არ აქვს მნიშვნელობა თქვენს ბიუჯეტს, შეგიძლიათ უბრალოდ დაათვალიეროთ მისი აუცილებლად სანახავი ინტერიერი.

საღამო

მონაკოს ღამის ცხოვრება ისეთივე გლამურულია, როგორც აქ გატარებული დღე. ევროპის ეს ცნობილი მდიდრული ადგილი ღამის კლუბების და ღამის გართობისთვის განკუთვნილი ადგილების დიდ არჩევანს გვთავაზობს. აი ჩამონათვალიც:

Jimmy’z

ეს გასაოცარი კლუბი იაპონური ბაღის გარშემოა გაშენებული და ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს. მონაკოს ამ საკულტო ბარს აქვს საკუთარი აუზიც.

La Rascasse

მონაკოს სხვა ბევრი ადგილის მსგავსად, ეს ადგილი დღისით ჩვეულებრივი კაფეა, ღამით კი ბარი ცოცხალი მუსიკით, მათ შორის დიჯეის შესრულებით. თუ ფორმულა 1-ის გულშემატკივარი ხართ, აქ აუცილებლად მიდით, რადგანაც ის იმ მოსახვევში მდებარეობს, სადაც ცნობილი შეჯიბრი იმართება.

La Note Bleue

ეს სანაპირო ბარი დღისით მზიანი ადგილია, ღამით კი გემრიელ კოქტეილებზე გეპატიჟებათ. თუ მონაკოში ყოფნისას მშვიდი საღამოს გატარება გსურთ, ეს ბარი სწორედ სასიამოვნო განტვირთვის საშუალებას მოგცემთ. ის პრინცესა გრეისის გამზირზე მდებარეობს.

Twiga Monte Carlo

ეს კლუბი დღისით რიგითი რესტორანია, ხოლო ღამით კოქტეილ-ბარი და როგორც კი ღამდება, ქალაქის ერთ-ერთ საუკეთესო გასართობ მიმართულებად იქცევა. მას გრიმალდის ფორუმზე მიაგნებთ, ჩემპიონთა ბულვარში.

Le Bar Américain

ეს ამერიკული ბარი პარიზი მონტე-კარლოს სასტუმროში მდებარეობს. თუ პიანინოზე შესრულებული პერფორმანსები და ჯაზი გიყვართ, საღამოს გასატარებლად ამ ბარს მიაკითხეთ. ლამაზი ტერასა ხმელთაშუა ზღვას გადაჰყურებს.

Blue Gin

ეს ბარი მონტე კარლოს სასტუმროში მდებარეობს. უყურეთ მზის ჩასვლას ზღვაში მის ტერასაზე გემრიელი სასმლით. აქ დაგხვდებათ ბილიარდის მაგიდა თუ მეგობრებთან ერთად თამაშს გადაწყვეტთ. ბარი ღიაა ღამის 2 საათამდე. დიჯეი ოთხშაბათიდან შაბათის ჩათვლით უკრავს.

Brasserie de Monaco

ეს ბარი ჰერკულესის პორტში მდებარეობს და ორგანულ ლუდს 2008 წლიდან აწარმოებს. ასე რომ, თუ ლუდი გიყვართ, არჩევანი ამ ადგილზე შეაჩერეთ. ბარი ღამის 2 საათზე იხურება.