დიდი ძმის, სტოკჰოლმის ჩრდილში მიმალული მალმო არაფრით ჩამოუვარდება შვედეთის დედაქალაქს. ჩვენ გირჩევთ გამოიკვლიოთ ამ ქალაქის სამზარეულო, ხელოვნება, ისტორია და ცხოვრების სტილი.

მიიღეთ რელაქსაცია Ribersborg Kallbadhus-ში

ეს მე-19 საუკუნის სპა ცენტრი 5 საუნას, ორთქლის ოთახს, ოკეანეზე გასასვლელს და ტერასასც მოიცავს. აქ არსებულ რესტორანში საჭმელ/სასმლითაც დატკბებით. სკანდინავიელებს ღია ცის ქვეშ ცურაობის არცერთ სეზონზე არ ეშინიათ. მალმოში იანვარშიც რომ მოხვდეთ, ეს ადგილიც ღია იქნება და ზღვაში ცურვასაც შემოგთავაზებენ.

დატკბით მალმოს მწვანე სივრცეებით

მალმოს პარკების ქალაქსაც უწოდებენ, ამიტომაც მის რომელიმე მწვანე სივრცეს აუცილებლად უნდა ეწვიოთ. არჩევანი საკმაოდ დიდია: Pildammsparken, Slottsträdgården, Kungsparken… თუ მხოლოდ ერთის მონახულების დრო გაქვთ, ჩვენ Folkets Park-ს გირჩევთ. ეს შვედეთის უძველესი გასართობი პარკია, სადაც წიგნს წაიკითხავთ ან პიკნიკს მოიწყობთ.

შეჩერდით რომელიმე ფიკასთან

მალმოში ფიკა იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ ყავის შესვენება, ეს ცხოვრების წესია. მიირთვით ყავა და ტრადიციული ნამცხვრები ამ პატარა, მოწესრიგებულ კაფეებში. ჩვენ Söderberg & Sara-ს გირჩევთ.

იშოპინგეთ ვინტაჟურ მაღაზიებში

მეორადები შვედეთში დიდი ბიზნესია და მალმოც ბევრ ვინტაჟურ მაღაზიას გვთავაზობს, ამას ფლი მარკეტებიც ემატება, აპრილიდან სექტემბრამდე. აქ აღმოაჩენთ კლასიკურ ნივთებსაც და ეკლექტიკურ, რეტრო პროდუქციასაც. Drottningtorget მალმოს ყველაზე პოპულარული ბაზრობაა.

შეაფასეთ თანამედროვე არქიტექტურა

Turning Torso – მალმოს საკულტო შენობაა, რომელზეც ესპანელმა არქიტექტორმა, სანტიაგო კალატრავამ იზრუნა. ამ ცათამბჯენს ქალაქის ყველა უბნიდან დაინახავთ. გაისეირნეთ მის ახლომდებარე  დანიაპარკში, რომელიც არქიტექტურული დაგეგმარებით გამოირჩევა. ის ახლოსაა ზღვასთან.

ეწვიეთ გოთიკურ კათედრალს

მალმოში ძველის და ახალის საოცარი შერწყმით დიდ შთაბეჭდილებას მიიღებთ. თანამედროვე შენობები აქ ისტორიულ და გოთიკურ არქიტექტურას უმშვენებენ გვერდს და ქალაქს საოცრად ინოვაციურს ხდიან. აუცილებლად მოინახულეთ წმ. პეტრეს ეკლესია, რომელიც მე-14 საუკუნის შემდეგ, დიდებულად დგას.

დატკბით კუნძულის ცხოვრებით მალმოს ციხესიმაგრესთან

მალმოს სადგურთან, რენესანსის დროინდელი ციხესიმაგრე საკუთარ კუნძულზე მდებარეობს და დღეს ის ხელოვნების და ისტორიის მუზეუმია. შეგიძლიათ ჩაეწეროთ ტურზე და მე-16 საუკუნის ოთახები დაათვალიეროთ ან პირდაპირ ეწვიოთ მუზეუმს. სასახლის გარშემო სხვადასხვა სახეობის მცენარეებით გაშენებული ბაღი მდებარეობს – Slottsträdgården. აქ ნახავთ კაფეს და ქარის წისქვილსაც.

ისადილეთ როგორც მაღალი საზოგადოების წევრმა ქალაქის მერიაში

მალმოს გულში, ძველ ქალაქში კიდევ ერთი რენესანსის დროინდელი შენობა მდებარეობს, ესტორიული ქანდაკებებით. ქალაქის მერიაში კლასიკური შვედური რესტორანია გახსნილი, სადაც წახემსება ან ტრადიციული ვახშამი შეგიძლიათ მოიწყოთ.

გადადით კოპენჰაგენში ორესუნდის ხიდით

Øresund – ეს მასშტაბური ხიდი ორ ქვეყანას აკავშირებს ერთმანეთთან და მისი ხილვისას თავი რეალობაში აღარ გეგონებათ. ინჟინერიის ამ შედევრით ტკბობა სანაპიროდანაც შეგიძლიათ.

გაისეირნეთ 500 წლის მოედანზე

მალმო ცნობილია ბაზრის მოედნებით, მაგრამ ყველაზე პოპულარული – Stortorget-ია, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს. 1540 წელს აგებული ამ მოედნის ცენტრში მეფე კარლ გუსტავის ქანდაკებაა. გარშემო ისტორიულ შენობებს იხილავთ და აფთიაქს, რომელიც ამავე პერიოდში გაიხსნა. აქ კონცერტები და ფესტივალები ხშირად ტარდება.

დაათვალიერეთ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმები

მალმოს ხელოვნების გალერეაში კლასიკური ნამუშევრების დიდი კოლექცია დაგხვდებათ. Malmö Konsthall კი თანამედროვე და ექსპერიმენტული ხელოვნებით გამოირჩევა მთელ ევროპაში.