პატარა, ხმელეთით გარშემორტყმული შვეიცარია გასაოცარ ბუნებას და კულტურულ მრავალფეროვნებას მოიცავს. ციურიხის, ბაზელის და ჟენევას შემდეგ, ამ ჯადოსნურ ქალაქებსა და სოფლებს უნდა მიაკითხოთ და შვეიცარიის დიდებულება სრულყოფილად შეიგრძნოთ.
ბერნი/Bern
შვეიცარიის დედაქალაქში იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შესული ძველი ქალაქის უბანი მდებარეობს, რომელიც მე-16 საუკუნის შადრევნებითაა ცნობილი. ბევრ საინტერესო ღირსშესანიშნაობასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ მდინარით გარშემორტყმულ ქალაქში სიურეალისტი პოლ კლეს შთამბეჭდავი კოლექციაც ინახება.

გუარდა/Guarda
გუარდა ულამაზესი დასახლებაა მე-17 საუკუნეში მოხატული სახლებით. ზღვის დონიდან მოშორებით, მთებში არსებული ეს შვეიცარიული ქალაქი სასიამოვნო ამოსუნთქვას გპირდებათ.

ინტერლაკენი/Interlaken
ინტერლაკენი ორ ტბას შორის მდებარეობს და შვეიცარიის უმაღლესი მთებითაა გარშემორტყმული. ამიტომაც, აქ ყველა მხარეს გასაოცარი ხედებია. ზამთარში აქ სრიალიც შესაძლებელია. პანორამულ გადმოსახედზე – Harder Kulm, ფუნიკულიორის ვაგონით მოხვდებით.

ლუცერნი/Lucerne
ლუცერნი ამავე სახელწოდების ტბაზე მდებარე ანტიკური ქალაქია, რომელსაც ფეხითაც გამოიკვლევთ. ისეირნეთ ფერად ისტორიულ სახლებს შორის, შუასაუკუნოვან ხიდებზე და ფრანგი არქიტექტორების სკულპტურების ირგვლივ. აქ ალპების სარკინიგზო ხაზი გადის.

მონრო/Montreux
მონრო კურორტია ჟენევას ტბასთან, სადაც ქვეყნის ერთ-ერთ ოფიციალურ ენაზე, ფრანგულად საუბრობენ. ტბის გარშემო ბევრი ბილიკია, ეგზოტიკური ყვავილებითა და ხეებით, ფონზე კი ალპების ხედით. ქალაქს მე-13 საუკუნის დროინდელი ციხესიმაგრე აქვს, შილონის შატო, რომელიც ტბას გადმოჰყურებს. ის ჟან-ჟაკ რუსოსა და ლორდ ბაირონს შთააგონებდა.

მორკოტი/Morcote
ლუგანოდან ზღაპრული მოგზაურობით მორკოტში აღმოჩნდებით. ეს სათევზაო სამოთხეა, რომელიც ტბის გარშემო შთამბეჭდავ ხეივნებს გვთავაზობს. ქალაქს ისტორიული სანტა მარია დელ სასოს ეკლესიის კოშკი გადმოჰყურებს, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის მემკვიდრეობითი ძეგლია.

სოგლიო/Soglio
მთებში ჩამალული მორიგი შვეიცარიული სამოთხე ქვაფენილიანი ქუჩებით გვხიბლავს. მთავარი ღირსშესანიშნაობა წმ. ლორენცოს ეკლესიაა, ასევე ისტორიული სასტუმრო პალაცო სალისი. გაიარეთ ბილიკი – Via Panoramica, რომელიც რომანტიკულ გამოცდილებებს გპირდებათ.

შტეინ ამ რეინი/Stein am Rhein
ეს იდილიური შვეიცარიული დასახლებაა, რომლის ცენტრიც საუკეთესოდ შემონახულ რენესანსის ეპოქის შენობებს მოიცავს. მოინახულეთ ჰოჰენკლინგენის ციხესიმაგრე, რომელსაც ქალაქზე გადმოსახედიც აქვს.

ვენგენი/Wengen
ბერნის სიახლოვეს მდებარე ეს სამთო სოფელი მხოლოდ მატარებლითაა ხელმისაწვდომი. გასაოცარი ტყეები, სალაშქრო ბილიკები, პანორამული ხედები – ვენგენი სათავგადასავლო მოგზაურობას გპირდებათ.

ზერმატი/Zermatt
მანქანებისგან თავისუფალი შვეიცარიული ქალაქი ევროპაში უმაღლესი დასახლებაა. აქ სათხილამურო სეზონი დიდხანს გრძელდება. ზერმატს ცნობილი მწვერვალი მატერჰორნი მედიდურად გადმოჰყურებს. ეს ქალაქი ბრწყინვალე კულინარიული მიმართულებაცაა, რადგან აქ მიშელინის ვარსკვლავის მქონე 2 რესტორნია: “კაპრი” და “შვიდის შემდეგ”.

სპიეზი/Spiez
სპიეზი ტბაზე მდებარე მშვიდი სოფელია ულამაზესი ციხესიმაგრით. აუცილებლად გაყევით სპეციალურ ბილიკს მთაზე, რომელიც ცისფერ ტბაზე და თვალწარმტაც ბუნებაზე საოცარ ხედებს გპირდებათ. ისარგებლეთ ნავის ქირაობით და უბრალოდ დაისვენეთ.

აპენზელი/Appenzell
ეს ტრადიციული და ფერადი ქალაქი წლიდან წლამდე უფრო მეტ ვიზიტორს იზიდავს. შთამბეჭდავი სასახლე, კათოლიკური ეკლესია და მერიის შენობა – ქალაქის მთავარი არქიტექტურული ღირსშესანიშნაობებია.

ზერნეზი/Zernez
შვეცარიის ეროვნულ პარკთან მდებარე ზერნეზი მეზობელი ქვეყნებიდან – იტალიიდან და ავსტრიიდან ადვილადაა ხელმისაწვდომი. მოლაშქრეებსა და ველოსიპედის მოყვარულებს ის განსაკუთრებით მოეწონებათ.











