ჟენევა ზედაპირულად შესაძლოა მოსაწყენი მოგეჩვენოთ, ეს ხომ მსოფლიოს დიდი დიპლომატიური ჰაბია და ბევრი კორპორაციის სათაო ოფისს აერთიანებს. მაგრამ, აქ გასართობადაც ბევრი ტურისტი ჩამოდის. ჩვენ დაგარწმუნებთ თუ რატომ უნდა გახდეს ჟენევა თქვენი შემდეგი მიმართულება!

  • საერთაშორისო ჟენევა

იქიდან გამომდინარე, რომ აქ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, ცნობილი ბანკების და საერთაშორისო მისიების მქონე კომპანიების თავმოყრაა, აქ ბევრ ენას გაიგონებთ. რესტორნები კი ყველანაირი გემოვნების სტუმრებს ასიამოვნებენ. აქაური კულტურა იმდენად ეკლექტიკურია, რომ შვეიცარიის ამ ქალაქს უბრალოდ უნიკალურს ხდის.

  • მეცნიერული მიღწევები

CERN არის დაწესებულება სადაც ყველაზე ცნობილ ექსპერიმენტებს ატარებენ, ამიტომაც ჟენევა მეცნიერებით დაინტერესებულთათვის ძალიან მიმზიდველი ქალაქია. შეგიძლიათ ესტუმროთ ამ უზარმაზარ ლოკაციას და მეცნიერულ მიღწევებს ადგილზე დააკვირდეთ. საინტერესოა ჟენევას ობსერვატორიაც. პლანეტების ნახევარი, რომელიც დღეს ჩვენთვის ცნობილია, სწორედ ჟენევას უნივერსიტეტის ასტრონომიული დეპარტამენტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს.

  • თხილამურებით სრიალი

ჟენევაში ყოფნის დროს, საშუალება გეძლევათ 2 საათის სავალ გზაზე ალპების საუკეთესო სათხილამურო გზებს ესტუმროთ. ეს კურორტები საფრანგეთის საზღვართან ახლოს მდებარეობენ, ამიტომაც შვეიცარიის სხვა კურორტებზე უფრო იაფები არიან.

  • წყლის სპორტი

ჟენევას ტბა ბევრ საინტერესო აქტივობას გვთავაზობს. ზაფხულში აქ ბანაობენ კიდეც. შეგიძლიათ ისარგებლოთ დაივინგის ან სკუბა-დაივინგის სერვისებით. ასევე, იქირაოთ ნავი და დაათვალიეროთ არემარე.

  • იდეალური მდებარეობა

ჟენევაში მთელი წლის მანძილზე საოცარი ხედებია, რადგანაც ის ალპებსა და ჯურას მთაგრეხილს შორის მდებარეობს. შესაძლოა ის არაა ყველაზე ლამაზი ქალაქი მსოფლიოში, თუმცა მთების, ტბის და ბუნების უნიკალური მიქსია, რაც ჟენევას ინდივიდუალურ შარმს ანიჭებს.

  • მშვენიერი ადგილი საშოპინგოდ

Rue du Rhône-ის და Rue du Marché-ის ქუჩებზე ცნობილი ბრენდების მაღაზიები თქვენ ყურადღებას აუცილებლად მიიპყრობენ. აქ ბევრი უცნობი, თუმცა თანამედროვე მაღაზიაცაა, შედარებით ბიუჯეტური ფასებით. ესტუმრეთ დიდ ფლი მარკეტსაც პლენპალეზე.

  • ბრწყინვალე ადგილი გამოსაკვლევად

ჟენევას ტური უნიკალური და ამაღელვებელი იქნება, რადგანაც შეგექმნებათ შთაბეჭდილება, თითქოს რამდენიმე სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაურეთ. ცენტრი – საერთაშორისო კომპანიებს უკავიათ, ცოცხალი პაკის უბანი – გემრიელ საჭმელს, ბოჰემური კარუჟი – იტალიას უფრო მოგაგონებთ, ვიდრე შვეიცარიას. ჟენევას ყველა უბანი თავისებურია და აქ სეირნობა იმედგაცრუებულს ნამდვილად არ დაგტოვებთ.

  • ღვინო

შვეიცარული ღვინის დასაგემოვნებლად, ჟენევა საუკეთესო ადგილია. ქვეყანა ექსპორტზე მხოლოდ მცირე ნაწილს უშვებს, ასე რომ, ბევრი მათგანი გასინჯული არც გექნებათ. მარნებში ღვინის დაგემოვნების ტურებზე 1 ჭიქის ფასად რამდენ სახეობასაც გსურთ იმდენს გასინჯავთ.

  • კლუბები

ეს ბიზნეს/ოფიციალური ქალაქი ღამის მხიარული ცხოვრებითაც გამოირჩევა. აქ რამდენიმე გამორჩეული ღამის კლუბია: Java Club – ულტრათანამედროვე ბარია, სადაც სასმელი საკმაოდ ძვირია; Mambo Club – რეგის, ლათინო და ჰიპ-ჰოპ მუსიკის კლუბია, რომელიც საცეკვაო მოედანს და კოქტეილ ბარს აერთიანებს. ის პაკის უბანში მდებარეობს; L’ Usine – ძველი ქარხნის ტერიტორიაზეა და სტუმრებს ლაივ კონცერტებსაც სთავაზობს; Le Chat Noir-შიც კარგ დროს გაატარებთ, აქ დიჯეებს, ჯაზ-მუსიკოსებს და როკ-ბენდებს მასპინძლობენ.