მართალია, გერმანიას ავსტრიის და საფრანგეთისნაირად უზარმაზარი სათხილამურო არეალი არ აქვს, მაგრამ ბავარიული ალპები ფოტოგენური ზამთრის კურორტებით მაინც გამოირჩევა. აქ განსაკუთრებული პანორამული ხედები დაგხვდებათ. ჩვენ ამ ქვეყნის საუკეთესო სათხილამურო ადგილებს წარმოგიდგენთ.
არბერი/Arber
არბერი იდეალური ადგილია თუ გსურთ, რომ ბავშვებს სრიალი ასწავლოთ. აქ დიდი საბავშვო არეალია იმისათვის, რომ ბავშვები თოვლს და თხილამურებზე დგომას შეეჩვიონ. არბერში საბავშვო მსოფლიო ჩემპიონატიც ტარდება.

ალფსი-გრუნტენი/Alpsee-Grünten
თუ საოჯახო კურორტს ეძებთ გასართობი პარკით, უფასო პარკინგით და ტობოგანებით, ალფსი-გრუნტენს უნდა ეწვიოთ. ეს არაა გერმანიის უდიდესი კურორტი, თუმცა საკმაოდ გრძელი ტრასა აქვს. მთებიდან კი საოცარი პანორამული ხედებით დატკბებით.

გარმიჰ-პარტენკიშენი/Garmish-Partenkirchen
თუ გსურთ ისრიალოთ იმ ტრასებზე, სადაც ჩემპიონებმა ისტორია შექმნეს, მაშინ გარმიშ-პარტენკიშენს მიაკითხეთ. მიუნხენიდან 1 საათის სავალ გზაზე, ამ კურორტმა 1935 წლის ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძლა. აქ ყოველწლიური სათხილამურო შეჯიბრებები ტარდება. 40 კილომეტრიანი ტრასით ზღვის დონიდან 2962 მეტრზე ისრიალებთ.

ვინკლმუსალმ-შტაინპლატე/Winklmoosalm-Steinplatte
ეს ალპების შუაგულში მდებარე სათხილამურო კურორტი ავსტრიის საზღვართან მდებარეობს. გარმიშის მსგავსად, მიუნხენიდან მასაც 1 საათის სავალი გზა აშორებს. აქ საბაგიროების სისტემას მუდამ ავითარებენ და აუმჯობესებენ, რაც თქვენთვის დროის დაზოგვას და კომფორტის შექმნას წარმოადგენს. დღის ბოლოს სახლში მომზადებული ნამცხვრის დაგემოვნება არ დაგავიწყდეთ, შეჩერდით Almstueberl-ში.

ობერსტდორფი/Oberstdorf
სამხრეთ ბავარიული სათხილამურო კურორტი 7 მწვერვალს უკავშირდება. თითოეულ მთას თავისი ხასიათი აქვს; სოლერეკში ოჯახურ-მეგობრული ატმოსფერო დაგხვდებათ, ექსტრემალები კი ვალმენდინგერჰორნს უნდა ეწვიონ.

ვინტენბერგი/Winterberg
ვინტენბერგი პატარაა, თუმცა საკმარისი რაოდენობის ტრასებით დამწყებებსაც დააკმაყოფილებს და გამოცდილებსაც. ყოველ ზამთარს მას მილიონი ვიზიტორი სტუმრობს, უმეტესობა აქ კოლონიდან და კასელიდან ამოდის. აქ ასევე გერმანიის ზამთრის სპორტის მუზეუმსაც იხილავთ.

ობერჯოჰი/Oberjoch
ობერჯოჰი გერმანიის ერთ-ერთი უმაღლესი სათხილამურო მიმართულებაა. აქ 32 კილომეტრიანი ტრასა, 3 ტობოგანი და 1 საბავშვო პარკი დაგხვდებათ პატარებისთვის.

კოლბენსატელი/Kolbensattel
წლის ცივ სეზონზე, კოლბენსატელი ზამთრის სამოთხედ იქცევა დამწყებებისა და პროფესიონალებისთვის. თუმცა, აქაური ტრასების 90% მარტივია. შეგიძლიათ ჩაეწეროთ ჯგუფურ ტურებზე.

ალპენველტ-კარვენდელი/Alpenwelt-Karwendel
ფერადი სახლებითა და ვიოლინოს დამზადების ისტორიით ცნობილი მიტენვალდი, სათხილამურო კურორტსაც მოიცავს: ალპენველტ-კარველდელს. ბავარიულ მთებში მართლაც რომ ფოტოგენური გარემოა. ყოველწლიური კარნავალი აქ იანვარში ტარდება და ამ დროს საკმაოდ მხიარული ატმოსფერო იქმნება.

ფელდბერგი/Feldberg
ეს გერმანიის ერთ-ერთი უძველესი კურორტია. ის 1892 წელს დაარსდა. ფელდბერგი 28 საბაგიროთი და 36 ტრასით, მოთხილამურეებს და სნოუბორდით მოსარგებლეებს მთელი რეგიონიდან იზიდავს.











