საფრანგეთს მაღალი დონის სათხილამურო კურორტების ფლობის რეპუტაცია აქვს. ამ მხრივ, აქ დიდი არჩევანი დაგხვდებათ. ეს ქვეყანა ამ სპორტში პირველი ნაბიჯების გადამდგმელებსაც და პროფესიონალებსაც ერთნაირად აკმაყოფილებს. ჩვენ ამ პოპულარული სამთო სპორტის მიმართულებებს წარმოგიდგენთ საფრანგეთში:

ვალ დისეღ/Val d’Isère

ამ სათხილამურო კურორტზე სკოლებია დამწყებთათვის და აქ ზამთრის სპორტს პროფესიონალურად შეასწავლიან. ვალ დისეღი ისტორიული ალპური შარმით და ელეგანტური კოტეჯებით გამოირჩევა. ექსტრემალებს შეუძლიათ იმ ტრასაზე ისრიალონ, სადაც 1992 წელს ოლიმპიური შეჯიბრი ჩატარდა. აქ თოვლი გამუდმებით მოდის, ამიტომაც, სეზონი ხანდახან ივნისამდეც გრძელდება.

ტაინი/Tignes

5 სოფლისგან შემდგარი კურორტი არამხოლოდ სათხილამურო ტრასებს, არამედ თოვლის პარკს, ბატუტზე ტრამპლინით ხტომას და სხვა სპორტული აქტივობების ინვენტარს გთავაზობთ. ეს ადგილი ადრენალინის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. მთებიდან კი ბუნების შთამბეჭდავი ხედებით დატკბებით.

კურშეველი/Courchevel

ცნობილი როგორც საფრანგეთის ყველაზე ძვირადღირებული კურორტი, ვარსკვლავებში საკმაოდ პოპულარული მიმართულებაა. კურშეველში 5 ვარსკვლავიანი რესტორნები და ცნობილი დიზაინერების მაღაზიებია. თავისუფლადაა შესაძლებელი რომ თვალი ბექჰემებს ან სამეფო ოჯახის წევრებს მოჰკრათ.

მერიბელი/Méribel

მერიბელი დამწყებთათვის იდეალური სათხილამურო მიმართულებაა. ამასთან, საკმაოდ ფოტოგენური სოფელია – ხის კოტეჯებით და ნაძვის ტყეებით. ამ საოცრად მშვიდ ატმოსფეროში მოსაღამოებულზე ყველაფერი ფეირვერკივით ფეთქდება. ამის შესაგრძნობად, ესტუმრეთ მერიბელის ბარებს.

ვალ ტორენსი/Val Thorens

სათხილამურო ტრასის სიმაღლე აქ 3200 მეტრს აღწევს. ვალ ტორენსი თოვლის სისქითა და ხარისხითაც გამოირჩევა. აქ ალპების გამორჩეული კლუბები მდებარეობს. მათ შორისაა მალაიზია – ლაივ მუსიკითა და გასართობი ღონისძიებებით. ამ კურორტზე ზიპლაინით და მთის ციგითაც ისიამოვნებთ.

ლა პლანი/La Plagne

საშუალო დონის მოთხილამურეებისთვის კი ეს კურორტია მისწრება. ლა პლანი 60-იან წლებში განვითარდა, რადგანაც აქ აგრიკულტურული ინდუსტრია აყვავდა. დღეს კურორტი ულამაზეს ხედებს და ბევრ სპორტულ აქტივობას გვთავაზობს. რელაქსაციისთვის კი მიაკითხეთ სპას.

შამონი, მონ ბლანი/Chamonix-Mont-Blanc

ეს ალპების ყველაზე ცნობილი კურორტია – მსოფლიოში უძველესი სათხილამურო მიმართულება. პირველი ზამთრის ოლიმპიადა 1924 წელს სწორედ აქ ჩატარდა. ევროპის უდიდესი მწვერვალის, მონ ბლანის გარშემო არსებული შამონი კომპლექსური ტრასებით გამოირჩევა და აქ მოხვედრაზე ყველა მოთხილამურე ოცნებობს. დადექით შუშის იატაკზე (Aiguille du Midi) მონბლანის უმაღლეს გადმოსახედზე. აქ მუზეუმები და კაზინოებიც დაგხვდებათ, ისევე როგორც ცოცხალი ღამის ცხოვრება.

მორზინი/Morzine

ჟენევადან საათსა და 15 წუთში ამ ფრანგულ სამთო კურორტზე აღმოჩნდებით. ოჯახური დასვენებისთვის მორზინი საუკეთესო მიმართულებაა. აქ ბევრი რამაა გამოსაკვლევი – პარკები, ტრასები, მყუდრო რესტორნები…

ლა კლუსაზი/La Clusaz

ეს ალპური სოფელი შვეიცარიის საზღვართან მდებარეობს და ზამთრის სპორტის შეჯიბრებებს მრავალი წელია რაც მასპინძლობს. ამ კურორტს უნიკალური შარმი და კარგი ადგილმდებარეობა აქვს და ჟენევაში ყოფნის დროსაც კი შეგიძლიათ ერთ დღიან მოგზაურობად დაგეგმოთ.

ლა ღოსიეღ/La Rosière

ეს ისტორიული მთის ქალაქია იტალიის საზღვართან. აქ 8 ადვილი, 28 საშუალო, 33 რთული და 14 ექსტრემალური სასრიალო მარშრუტია. შეგიძლიათ ისარგებლოთ დახურული აუზებით და იოგის გაკვეთილებით.

ავორიაზი/Avoriaz

საფრანგეთისა და შვეიცარიის საზღვარზე მყოფი ეს კურორტი საშუალებას გაძლევთ ერთი დღის მანძილზე ორ ქვეყანაში ისრიალოთ. ის საფრანგეთის ყველაზე თოვლიანი კურორტია და მანქანებისგან სრულიად თავისუფალი! ვიზიტორები ავორიაზში საბაგიროთი ხვდებიან.

ალპ დე ჰუეზი/Alpe d’Huez

ამ კურორტზე ყველაზე გრძელი ექსტრემალური ტრასა მდებარეობს – La Sarenne. თუმცა, მასთან ერთად, აქ 41 ადვილი, 34 საშუალო და 40 რთული სათხილამურო მარშრუტია. თხილამურების გარდა, გამოსცადეთ ჩქაროსნული ციგაობა, სკელეტონი, მარხილებით რბოლა, მშვილდოსნობა და სხვა ზამთრის სპორტის სახეობები.