ხმელთაშუაზღვის სამზარეულოთი შთაგონებული პორტუგალიური სუფრა ძირითადად ზღვის პროდუქტებს, სუნელებს და ზეითუნის ზეთს ეყრდნობა. ჩვენ წარმოგიდგენთ კერძებსა და დესერტებს, რომლებიც ლისაბონში და პორტუგალიის სხვა ქალაქებში მოგზაურობისას უნდა დააგემოვნოთ.

კატაპლანა დე მარისკო/Cataplana de marisco

ამ ზღვის პროდუქტების კერძის სახელი იმ რკინის თასის -კატაპლანას სახელიდან მოდის, რაშიც მას ამზადებენ. ნიორი, ხახვი და პომიდორი თეთრ ღვინოში ითუშება და მასში თევზეული ეწყობა.

სარდინჰას ასადას/Sardinhas assadas

გრილზე ახლად შემწვარი სარდინიების თეფში პორტუგალიაში კლასიკური კერძია. გარედან ხრაშუნა, შიგნით კი თეთრი რბილი ხორცი დაგხვდებათ. მას როგორც კაფე-ბარებში, ასევე ფესტივალებზეც ხშირად შეხვდებით.

კოზიდო პორტუგალიურად/Cozido à portuguesa

ეს ტრადიციული პორტუგალიური მოხარშული სადილია. ინგრედიენტები ხშირად იცვლება, გააჩნია, ქვეყნის რომელ კუთხეში ხართ, თუმცა ის აუცილებლად შეიცავს მხოარშულ ხორცს, სოსისს და ბოსტნეულს.

აროზ დე ტამბორილი/Arroz de tamboril

ესეც მორიგი თევზის კერძი ტომატის სოუსში, ნიორში და ბრინჯში. ის რიზოტოს მოგაგონებთ და მას ძირითადად ქვეყნის სანაპირო ქალაქებში აღმოაჩენთ.

აკორდა/Açorda

ალენტეჯო პორტუგალიის უდიდესი რეგიონია, სავსე მინდვრებით, ფერმებით და ვენახებით. აქ, ადგილობრივები, ძირითადად ფერმერები არიან, რომლებიც აკორდას იაფი ინგრედიენტების გამო ხშირად ამზადებენ. ისინი მას უშვებიან ნებისმიერ რამეს, რაც იმ მომენტში აქვთ. ამბობენ, რომ რაც უფრო მდიდარია ოჯახი, მით უფრო მეტი გემოთი გაჯერებული აკორდა აქვს. ამიტომაც, ზოგგან მას ზღვის პროდუქტებითაც შეხვდებით.

ფიჰინჰოს და ჰორტა/Peixinhos da horta

ეს პორტუგალიის ვეგეტარიანული კერძია. ის ითარგმნება როგორც “პატარა თევზი ბაღიდან”. მართლაც: ბოსტნეულს ხრაშუნა კონდიციამდე და ოქროსფერ შეფერილობამდე წვავენ და პატარა, თევზის მსგავს პროდუქტს იღებენ. მას ძირითადად მწვანე ლობიოსგან და წიწაკისგან ამზადებენ. ეს კერძი პორტუგალიაში საუკუნეებს ითვლის.

სოფა დე კაკაო/Sopa de cação

ეს მწვანე სუპი შეფერილობას ქინძისგან იღებს. კერძში ლიმონი, ძმარი, პაპრიკა და მწვანილი ჰარმონიულადაა შეზავებული. მას პორტუგალიურ პურთან ერთად მიირთმევენ.

ფეიჰოადა/Feijoada

ფეიჰოადა პორტუგალიაში ცივ და წვიმიან სეზონებზე უყვართ. ეს ცხელი გემრიელი კერძი თეთრი და წითელი ლობიოსგან, ღორის ხორცისგან და შემწვარი ბოსტნეულისგან შედგება.

სოპა დე პედრა/Sopa da pedra

პორტუგალიური ფოლკლორის მიხედვით, ერთ უსახლკარო ბერს არაფერი ჰქონდა საჭმელი და შიმშილის გრძნობის მოსაკლავად, ქვას წმენდდა და წყალში ხარშავდა. როდესაც სოფლის მაცხოვრებლები ჩაუვლიდნენ, ეცოდებოდათ და მისი კერძის გასახალისებლად რაიმეს უმატებდნენ: ზოგი კარტოფილს, ზოგი ხორცის ნაჭერს, ზოგი ლობიოს. “ღარიბი კაცის სუპმა” ნელ-ნელა ღონისძიების სახე მიიღო. მოხარშვის შემდეგ, ბერი ქვას წყლიდან იღებდა და სოფლელებს საჭმელად ეპატიჟებოდა. ამიტომაც, ეს სუპი გაზიარების მნიშვნელობას ატარებს და მას მეგობრებთან ერთად მიირთმევენ.

ალჰეირა დე მირანდელა/Alheira de Mirandela

ეს სპეციალური სოსისის კერძია, რომელსაც გრილზე წვავენ და კარტოფილთან ან მოხარშულ კვერცხთან მიირთმევენ.

ბაკალჰაუ/Bacalhau

ვირთევზას ამ კერძს პორტუგალიის ნებისმიერ რესტორანში მიაგნებთ. პორტუგალიელები ხუმრობენ, რომ მისი მომზადების იმაზე მეტი ხერხი არსებობს, ვიდრე დღეების რაოდენობა წელიწადში.

ფრანსესინია/Francesinha

ეს პორტუგალიური სენდვიჩია პორტოდან. ერთი ულუფა ორ პურის ნაჭერს მოიცავს: გაფორმებულს კრემით, სოსისით, შაშხით, მდნარი ყველით, ტომატის სოუსით და კვერცხით. ის ფრანგული სენდვიჩის, croque-monsieur-ის შთაგონებით შეიქმნა. ორივე მათგანს მოყვება ფრი.

პასტე დე ნატა/Pastéis de nata

ეს პორტუგალიის ყველაზე პოპულარული დესერტია. მას კვერცხის გულისგან, შაქრისგან, კრემისგან და ლიმნისგან ამზადებენ. გარედან კი შაქრის პუდრას და დარიჩინს აყრიან. მიირთვით საუზმეზე, სწრაფი წახემსებისთვის ან დესერტის სახით.

პოლვო ა ლაგარეირო/Polvo à lagareiro

რვაფეხას გასინჯვა თუ გსურთ, პორტუგალიაში ეს კერძი დააგემოვნეთ. მას გაზქურაში თუშავენ და ნიორსა და ზეითუნის ზეთში აზავებენ. პოლვო ა ლაგარეიროს ძირითადად კარტოფილთან ერთად მოგიტანენ.

პოსტა მირანდესა/Posta mirandesa

ეს კი პორტუგალიური სტეკია, რომელსაც გრილზე ამზადებენ და კარტოფილითა და ბოსტნეულით აფორმებენ.