ფლორენცია, რომი, ვენეცია – ეს ლამაზი ქალაქები საკმაოდ პოპულარული ტურისტული მიმართულებებია. მაღალი მოთხოვნა ფასებზეც აისახება. ამასთან, ხალხით გადატვირთულობა ბევრისთვის უფრო მეტად დისკომფორტს ქმნის, ვიდრე კომფორტს. თუ გსურთ, რომ ნამდვილი იტალიით დატკბეთ, ტურისტების გარეშე, ამ საოცარ, ჯერ კიდევ ბევრისთვის უცნობ ქალაქებს უნდა ესტუმროთ.

ალბერობელო, პუგლია/Alberobello, Puglia

ალბერობელო საყვარელი ქალაქია ბარის სიახლოვეს. თეთრი შენობები სამკუთხა სახურავებით, ჯადოსნური ზღაპრიდან გადმოსულს მოგაგონებთ. წვრილი ქუჩები და კოხტა პიაცები ლაბირინთებს ქმნიან, მაღალი კოშკურიდან კი ქალაქსაც გადმოხედავთ. ალბერობელო იუნესკოს დაცული ტერიტორიების სიაშია შესული.

ბერგამო, ლომბარდია/Bergamo, Lombardy

დაივიწყეთ მილანი – ლომბარდიის ნამდვილი ვარსკვლავი ბერგამოა. ეს არის ქალაქი, რომელსაც მოგზაურები ხშირად გვერდს უვლიან და პირდაპირ რეგიონის დედაქალაქში მიემართებიან. რომანტიკული ბერგამო იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი დასახლებაა, რიყის ქვიანი ქუჩებითა და ძველი სასახლეებით.

ტრევისო, ვენეტო/Treviso, Veneto

ტრევისო მინიატურულ ვენეციას მოგაგონებთ, ნაკლები ტურისტითა და თავისუფალი მოძრაობით. მის ისტორიულ ცენტრში, შუასაუკუნეების ეკლესიებს, წითელი აგურის სასახლეებს და ძველ არხებს იხილავთ, რომლებიც ბაღებს და შენობებს ერთმანეთთან აკავშირებენ.

ბოლონია, ემილია-რომანია/Bologna, Emilia-Romagna

ბოლონია იტალიის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ქალაქია. ის ძირითადად სტუდენტებითაა დასახლებული, რადგანაც აქ ევროპის უძველესი უნივერსიტეტი მდებარეობს. გასტრონომიის მოყვარულებს კი შეგახსენებთ, რომ ბოლონია იტალიური საკვების დედაქალაქია. აქ მოხვედრისას აუცილებლად უნდა გასინჯოთ ლაზანია და ტორტელინი.

ბოლზანო, ალტო ადიჯე/Bolzano, Alto Adige

ბილინგუალთა ქალაქი ბოლზანო, ვიზიტორებისთვის ნამდვილად სასიამოვნო სიურპრიზია. აქ გერმანულენოვანი მოსახლება ცხოვრობს. დოლომიტების მთების სიახლოვეს, ბოლზანო შუასაუკუნეების დროინდელი სასახლეებითა და ვენახებით იკვეხნის.

ვერონა, ვენეტო/Verona, Veneto

ვერონას იტალიის ყველაზე რომანტიკულ ქალაქს უწოდებენ. ის ხომ შექსპირის ტრაგიკულ სასიყვარულო ისტორიას, რომეოს და ჯულიეტას ამბავს უკავშირდება. ესტუმრეთ მე-14 საუკუნის სასახლეს ცნობილი აივნით. თუ დრო დაგრჩებათ, არ გამოგრჩეთ შესანიშნავი რომაული ამფითეატრი, სადაც ზაფხულობით საოპერო წარმოდგენები რეგულარულად ტარდება.

კასტელუციო, უმბრია/Castelluccio, Umbria

კასტელუციო უმაღლესი სოფელია აპენინის მთებში. ის ზღვის დონიდან 1452 მეტრზე მდებარეობს. ეს მომხიბვლელი ადგილი საყვარელ მოედნებს მოიცავს, საიდანაც მთების ბრწყინვალე ხედებს იხილავთ. კასტელუციოში ჩასასვლელად საუკეთესო დრო გაზაფხულია – გვიანი მაისიდან ივნისის შუა რიცხვებამდე.

კეფალუ, სიცილია/Cefalù, Sicily

სიცილია ხმელთაშუა ზღვის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი კუნძულია. კეფალუ კი აქ ყველაზე მშვენიერი ქალაქის წოდებით იკვეხნის. ფოტოგენური პიაცები, მომხიბვლელი ეკლესიები, საყვარელი ბულვარები – ეს ყველაფერი ზღვასთან ძალიან ახლოს!

სპერლონგა, ლაციო/Sperlonga, Lazio

დაგღალათ გადატირთულმა რომმა? ცოტახნით დაივიწყეთ ბუმბერაზი დედაქალაქი და სპერლონგას ეწვიეთ, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ სანაპირო სოფელს. გაატარეთ დრო ძველი სასახლეების, არქეოლოგიის მუზეუმის, ყვავილოვანი ბაღების და სუფთა სანაპიროების თვალიერებაში.

ასკოლი პისენო/Ascoli Piceno

უმბრიის აღმოსავლეთით იტალიის ყველაზე უსამართლოდ დაუფასებელი რეგიონი მდებარეობს. საოცარი ბუნება და კრიალა წყალი – ასკოლი პისცენო აქ ნამდვილი მარგალიტია. აუცილებლად მოინახულეთ ეროვნული პარკი „მონტი სიბილინი“.

ტროპეა, კალაბრია/Tropea, Calabria

კალაბრია სამხრეთ იტალიის ფარული მშვენებაა, რომელსაც ცხოვრებაში ერთხელ ყველა უნდა ეწვიოს. ტროპეაში ძველი ქალაქის შარმს შეიგრძნობთ, მომხიბვლელი შენობებითა და ბრწყინვალე რესტორნებით, რომლებიც ქვიშიან სანაპიროებს ემეზობლებიან.

მონტერიჯიონი, ტოსკანა/Monteriggioni, Tuscany

მონტერიჯიონი უსაყვარლესი იტალიური სოფელია, რომელიც რომანტიკულ ტოსკანაში მდებარეობს. ეს ელეგანტური ადგილი ლამაზ ბუნებაშია ჩაძირული და სასიამოვნო დასვენებას გპირდებათ. აქ აუცილებლად გექნებათ შეგრძნება, თითქოს სამყაროს მოწყდით და დრო გაჩერდა.