კვიპროსი ცნობილია თავისი სანაპიროებით, თუმცა უნდა გაითვალისწინოთ მისი ეროვნული პარკები და დაცული ტერიტორიებიც. მათი დათვალიერებით თქვენ ამ ულამაზესი კუნძულის სულ სხვა მხარეს აღმოაჩენთ. ისინი იდეალურია სალაშქროდ, საცოცად, ჩიტებზე დასაკვირვებლად, საპიკნიკოდ, საცურაოდ და სიმშვიდის მოსაპოვებლად.

აკამასის ეროვნული პარკი/Akamas National Forest Park

ეს კვიპროსის ყველაზე ახალი პარკია, რომელიც აკამასის ნახევარკუნძულზეა გაშენებული პაფოსსა და პოლისს შორის. ველური ზეთისხილის ხეები, დრამატული კლდეები და ღია მდელოები მას ორივე მხრიდან აკრავს.

ტროდოსის ეროვნული პარკი/Troödos National Forest Park

ესაა საუკეთესო პარკი მთების ხედებით, რადგანაც კვიპროსში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლაა გაშენებული. ის პირდაპირ კუნძულის შუაგულში მდებარეობს, სოფელ ტროდოსში. ცნობილი არტემისის სალაშქრო ბილიკი წინ და უკან 7 კილომეტრი სიგრძისაა, მარტივი დასალაშქრია და მაქსიმუმ 3 სთ დაგჭირდებათ. აქ გაეცნობით ულამაზეს ფლორა-ფაუნას და ანტიკურ ქვის ფორმაციებს. იდეალური გარემოა ჩიტებზე დასაკვირვებლად. ინფორმაციას მიიღებთ ტროდოსის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრში.

ათალასას ეროვნული პარკი/Athalassa National Forest Park

კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში მდებარე ეს ულამაზესი პარკი ნამდვილად ღირს მოსანახულებლად კვიპროსში ყოფნისას. აქ იხილავთ ანტიკურ ნანგრევებს და შეიგრძნობთ კუნძულის ნამდვილ სილამაზეს. ბოტანიკური ბაღები, სალაშქრო გზები და ლამაზი ტბები უამრავი ჩიტის სახეობის და მცენარის სახლია.

რიზოელიას ეროვნული პარკი/Rizoelia National Forest Park

კარგ ამინდში ამ უზარმაზარი ტყიანი პარკიდან ლარნაკასაც კი მოკრავთ თვალს. აქ ხის განსაკუთრებული სახეობებია: თურქული ფიჭვი, აკაციები, საკულტო კვიპაროსები და სხვა. მშვენიერი ადგილია საპიკნიკოდ. ბილიკები დაგათვალიერებინებთ ბუნების პავილიონებს და ულამაზეს ბორცვებს.

ქეიფ გრეკოს ეროვნული პარკი/Cape Greco National Forest Park

კუნძულის ეს ნაწილი იდეალურია ლაშქრობისთვის, ველოსიპედით სიარულისთვის, კაიაკისთვის, ცურვისთვის და სხვა. ბილიკები გაგიყვანთ კლდოვან გადასახედებზე, სადაც ულამაზეს ფოტოებსაც გადაიღებთ. არ გამოგრჩეთ თეთრსა და ლურჯ ფერებში შეღებილი ეკლესიაც, რომელიც ტალღებს გადმოჰყურებს. აქაურ 5 კილომეტრიან სალაშქრო გზას Konnoi–Agioi Anargyroi Nature Trail ეწოდება.

აფროდიტას ქვის ეროვნული პარკი/Petra tou Romiou (Aphrodite’s Rock)

ლეგენდის თანახმად, აფროდიტა, კვიპროსის მფარველი წმინდანი და რომანტიკოსების საყვარელი ღვთაება იყო. ზღვასთან მდებარე ეს ულამაზესი ადგილი შეყვარებულებს სასეირნოდ ეპატიჟება. მზის ჩასვლა აქ განსაკუთრებით ლამაზია.

აფროდიტას და ადონისის დამაკავშირებელი ბილიკი/Aphrodite and Adonis Loop Trail

თუ გამოწვევების არ გეშინიათ და ისტორიული მოგზაურობებიც გიყვართ, ამ სალაშქრო გზას დაადექით, რომელიც ნახევარ დღეს წაიღებს. ბილიკი იწყება აფროდიტას აბაზანებიდან (Loutra tis Afroditis), სადაც ლეგენდის თანახმად, ქალღმერთი აფროდიტა აბაზანებს ჩუმად იღებდა. საინტერესოა, ძველი შუასაუკუნოვანი მონასტრის ნანგრევებიც. ბილიკი უერთდება ადონისის გზას, რომელიც მისი მოკვდავი საყვარელი იყო. გზად ულამაზეს ხედებს იხილავთ.

ავაკასის ხეობის ბილიკი/Avakas (Avgas) Gorge Trail

ეს გზა წინ და უკან მხოლოდ და მხოლოდ 1.2 კილომეტრია. თუ უცნაური ქვის ფორმაციები მოგწონთ, ამ ადგილს აუცილებლად ეწვიეთ. როგორც წესი, ხეობაში მუდამ დგას წყალი, ამიტომაც ჩაიცვით წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.

სმიგის ბილიკი/Smigies Nature Trail

ეს სალაშქრო გზა კი საუკეთესოა პანორამული ფოტოებისთვის. თუ ბუნების ფოტოგრაფია გიტაცებთ, აქ აუცილებლად უნდა გაისეირნოთ და კვიპროსის გამორჩეული ხედები შემოინახოთ. ბილიკი მიუყვება მთებს და სანაპირო დასახლებას. აქ შემოთავაზებულია ორი ვარიანტი: მოკლე ბილიკი, დაახლოებით 2 კილომეტრიანი და გრძელი, დაახლოებით 6 კილომეტრი სიგრძის.