აია ნაპა კვიპროსის გამორჩეული კურორტია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც კუნძულზე, ხმელთაშუაზღვის კლიმატში სურს დასვენება. აია ნაპა ცნობილია არამხოლოდ ლამაზი სანაპიროებით, არამედ ცოცხალი ღამის ცხოვრებითაც. აქ აპრილიდან ოქტომბრამდე, მზის ჩასვლის შემდეგ, სხვა ცხოვრება იწყება.

ბარების ქუჩა

აია ნაპას ცენტრალური წვეულებების გამზირი კვიპროსის ღამის ცხოვრების ეპიცენტრია. მისი ცენტრალური მოედნიდან ბარების ქუჩა იღებს სათავეს, სადაც წვეულებებისთვის დამახასიათებელი ატმოსფეროა. ბევრ ბარში დაგხვდებათ ლაივ მუსიკა.

სანაპირო ბარები

თუ ღამით გართობა ქვიშაზე გსურთ, წვეულებებისთვის სანაპირო ბარებს უნდა მიაკითხოთ. ეს კურორტი ოქროსქვიშიან სანაპიროებზე ბევრ ლაუნჯ ბარს წარმოგვიდგენს. ამოირჩიეთ სასურველი სანაპირო (მაგალითად აია ტეკლა ან ნისი) და იქ აუცილებლად დაგხვდებათ ბარი ცოცხალი მუსიკით.

ღამის კლუბები

აია ნაპას დამსახურებული რეპუტაცია აქვს, როგორც “ევროპის საკლუბო მექის”. აქ ყველანაირი მუსიკალური გემოვნების ადამიანი იპოვნის თავისთვის განკუთვნილ კლუბს. ჩვენ გირჩევთ: Aqua Club-ს; Blue Moon Bar-ს; Carwash Disco-ს, Club Sin-ს და Castle Club-ს.

სპორტული ბარები

თუ სპორტულად აზარტული ადამიანი ხართ და გულშემატკივრობით ერთობით, აია ნაპა სპორტული ბარების არჩევანსაც გთავაზობთ. აქ შეძლებთ გემრიელ სასმელთან ერთად, ცოცხალ ატმოსფეროში უყუროთ საყვარელ თამაშს. მათ შორის საუკეთესოებია – Rockerfellas; Carina Sportsbar; Liquid Cafe N Bar.

პამბას აუზის წვეულებები

ლეგენდარული პამბას წვეულებები (Pamba Pool Party), სეზონზე ყოველ ხუთშაბათს ეწყობა. ამისათვის, ნაპა როკის სასტუმროს ( Napa Rocks Hotel) ეწვიეთ. წვეულებაზე საერთაშორისო დიჯეები უკრავენ, მზადდება კრეატიული კოქტეილები და აშ.

აია ნაპას საზაფხულო წვეულებები

აია ნაპაში ზაფხულობით თითქმის ყოველდღე ბევრი წვეულება ეწყობა. ყველაზე დიდია კანდის ფესტივალი (Kandi Fest), რომელიც წყლისპირა გამზირზე პარასკევ საღამოს ეწყობა. შეგიძლიათ ჩაერთოთ შეჯიბრებებში, იცეკვოთ, ითამაშოთ და აშ. სხვა წვეულებებია: ორშაბათობით მთვარის წვეულება (Full Moon Party), სამშაბათობით ინსტაგრამის თეთრი წვეულება (Insta-friendly White Party) და კვირაობით ჯუნგლების ფართი (Jungle Party).

ნავის წვეულება

ნავი “ფანტაზია” (The Fantasy Boat Party) აია ნაპაზე გართობის კიდევ ერთი საშუალებაა. აპრილიდან ოქტომრბის ჩათვლით, ნავი წვეულებების მიზნით ზღვაში ყოველდღე შედის. 4 საათიან კრუიზზე მრავალფეროვანი გართობის საშუალება გექნებათ.