აია ნაპა კვიპროსის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქალაქია. ის ყველას ქვიშიანი სანაპიროებით, კრისტალივით სუფთა წყლით, გემრიელი თევზის კერძებით და ცოცხალი ღამის ცხოვრებით იზიდავს. ჩვენ ამ ქალაქში ერთგვარ გიდობას გაგიწევთ.

  • ესტუმრეთ ზღვის გამოქვაბულებს

ეს გამოქვაბულები ტურისტებსაც და ადგილობრივებსაც ძალიან მოსწონთ. ბუნებრივი ქვის ფორმაციები კლდეებიდან ზღვამ საუკუნეების მანძილზე გამოკვეთა. ლეგენდის მიხედვით, აქ თავიანთ საგანძურს ერთ დროს მეკობრეები ინახავდნენ. აია ნაპას გამოქვაბულებში ბევრ აქტივობას შეგიძლიათ მიმართოთ: გამოქვაბულების ფეხით გამოკვლევას, კლდიდან ხტომას, სურათების გადაღებას და აშ. წადით მომზადებულები: მოხერხებული ფეხსაცმლით, ქუდით და სასმელი წყლით. სასიამოვნოა იმის ხილვაც, თუ როგორ ეფარება მზე ჰორიზონტს გრძელი დღის შემდეგ.

  • დაათვალიერეთ მაკრონისოსის საფლავი

აია ნაპას მხოლოდ ცისფერი წყლის და ღამის ცხოვრების შემოთავაზება არ შეულია. აქ ანტიკურ ადგილებსაც იხილავთ. მაგალითად, ისტორიული მნიშვნელობის მაკრონისოსი 19 სამარეს მოიცავს რომაული პერიოდიდან. არ აქვს მნიშვნელობა არქეოლოგია გიყვართ თუ არა, ეს ადგილი თქვენზე მაინც დიდ შთაბეჭდილებას მოახდენს.

  • დაისვენეთ ევროპის უდიდეს აკვაპარკში

აია ნაპას აკვაპარკს უამრავი საერთაშორისო ჯილდო აქვს მოპოვებული. აქ არამარტო ბავშვები, არამედ დიდებიც ძალიან კარგად გაერთობიან. აფროდიტას აბაზანებში შეგიძლიათ ისარგებლოთ ჰიდრომასაჟით, რამდენიმე აუზით და სასრიალოთი, ასევე კვების ობიექტებით და სუვენირის მაღაზიებით.

  • გაირუჯეთ ქვიშიან სანაპიროებზე

ნისის სანაპირო ქალაქის ყველაზე პოპულარული სანაპიროა და 500 მეტრზე ვრცელდება. აქვეა პატარა კუნძული ნისი, რომელზეც სანაპიროდან ფეხით გადასვლა შეგიძლიათ. მეორე ულამაზესი სანაპირო კლდეებით და სიმწვანით გარშემორტყმული კონოსია. სცადეთ რომელიმე წყლის სპორტი ან უბრალოდ გაგრილდით.

  • ეწვიეთ სკულპტურების პარკს

აქ სკულპტურების უზარმაზარ კოლექციას იხილავთ. ღია ცის ქვეშ მუზეუმი ულამაზეს პანორამულ ხედებსაც გთავაზობთ. ისეირნეთ ამ უფასო პარკში და დატკბით ხმელთაშუა ზღვის დიდებულებით.

  • აღმოაჩინეთ ქეიფ გრეკოს ეროვნული ტყის პარკი

პროტარასზე სკულპტურის პარკის დაბლა სხვა ეროვნულ პარკსაც იხილავთ, რომელიც ბუნების მშვენებებს გთავაზობთ. სასიარულო ბილიკი სრულად 16 კილომეტრს მოიცავს. აიოი ანარგიროის საყდარში, რომელიც ამ პარკშია, საქორწილო ცერემონიებს ხშირად ატარებენ. პარკში კურდღლები, ზღარბები და მიგრირებული ჩიტები ცხოვრობენ.

  • შეისწავლეთ ზღვა ტალასას მუზეუმში

ზღვის მოყვარულები ტალასას მუზეუმს უნდა ეწვიონ, რომელიც ქალაქის გულში გაიხსნა და საზოგადოებაში ხმელთაშუა ზღვის შესახებ ცოდნის გაღრმავებას ემსახურება.

  • წადით საცეკვაოდ

ბევრი ადამიანი აია ნაპას ბარების, სანაპირო წვეულებების და ხმაურიანი კლუბების გამო სტუმრობს. აქაური ღამის ცხოვრება ხალხს მთელი ევროპიდან იზიდავს. დილამდე ცეკვის მოყვარულებს აია ნაპა ნამდვილად გასიამოვნებთ.

  • მოინახულეთ აია ნაპას ისტორიული მონასტერი

შეისვენეთ აია ნაპას გიჟური რიტმისგან და ეწვიეთ ისტორიულ და რელიგიურ ღირსშესანიშნაობას. თავდაპირველად ის ციხესიმაგრედ აშენდა და მისი ნაწილი მიწის ქვეშ იმალება, ამიტომაც არქიტექტურა ნამდვილად გაგაოცებთ. აქ იხილავთ ჭადარს, რომელიც 600 წლისაა!

  • გაისეირნეთ ნავით

მხოლოდ სანაპიროთი ტკბობა და ნავის არ გამოყენება აქ ალბათ დანაშაული იქნება. გასცდით სანაპიროს და მშვიდ წყალში ყოფნით მიიღეთ ფანტასტიკური რელაქსაცია. აია ნაპელები გთავაზობენ როგორც წყნარ ტურებს, ასევე ხმამაღალი, მხიარული მუსიკითაც მოგატარებენ მიმდებარე ტერიტორიებს.

  • დააგემოვნეთ ადგილობრივი სამზარეულო

აია ნაპაში თევზი აუცილებლად უნდა გასინჯოთ. იპოვნეთ სასურველი თევზის ტავერნა და დააგემოვნეთ რომელიმე კერძი უამრავი რეცეპტიდან.

  • მიიღეთ ადრენალინი წყლის სპორტით

ზღვისა და მზის სამოთხე აია ნაპა, არაჩვეულებრივი ლოკაციაა წყლის სპორტით დასაკავებლად. სანაპიროზე სხვადასხვა სპორტის შესახებ ინფორმაციას ადვილად მოიძიებთ. დიდი არჩევანი დააკმაყოფილებთ როგორც ბავშვებს, ასევე ზრდასრულებს. მიჩნეულია, რომ აია ნაპას ძალიან უსაფრთხო წყალი და ნაპირი აქვს, ამიტომაც ის დამწყები სკუბა დაივერებისთვისაც გამოდგება.