აია ნაპა ცნობილია სანაპიროებით და ღამის ცხოვრებით, მაგრამ აქ შოპინგიც საინტერესო გამოცდილებას შეგძენთ. მაღაზიები და ღია ცის ქვეშ ბაზრობები მთავარი მოედნის გამზირზეა გაფანტული და ვიზიტორებს აქ პროდუქციის ფართო არჩევანი დახვდებათ. დასავლეთ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ფასები დაბალია, ამიტომაც აქედან საყვარელ ადამიანებს მშვენიერ საჩუქრებს და სუვენირებს ჩაუტანთ.

ნისის გამზირი/Nissi Avenue

ეს გამზირი აია ნაპას ცენტრზე გადის და ამ კურორტზე ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული შოპინგ ქუჩაა. აქ ნახავთ მოდის ბუტიკებს, სამკაულების და სუვენირების მაღაზიებს. დიდი არჩევანისთვის მიაკითხეთ პლაზას შოპინგ ცენტრს. აქ ნახავთ სასაცილო მაისურებს, ცნობილი ფილმის გმირების პატარა ქანდაკებებს და სახალისო სუვენირებს.

მყუდრო საჩუქრების მაღაზია ადგილობრივი პროდუქციით/Taste of Life

საჩუქრების ეს მაღაზია კვიპროსში და საბერძნეთში წარმოებულ პროდუქციას ყიდის. აქ შეიძენთ თაფლს, სუნელებს, ზეთისხილს, ღვინოს, ხილს და აშ. ღვინო შეძენამდე შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ამ მაღაზიაში შემოსვლისას ყველას ხიბლავს მისი მფლობელის გულთბილი მომსახურეობა. ღიაა დილის 10 საათიდან საღამოს 11 საათამდე.

მისამართი: Nissi Ave 54

ვინტაჟური ბაზრობა სანაპიროზე/Ayia Thekla Market

აია ნაპას დასავლეთ ნაწილში მდებარე აია თეკლას ბაზრობა სანაპიროსთან მდებარეობს და 50-მდე დახლს წარმოგვიდგნეს ადგილობრივი და საერთაშორისო პროდუქციით. აქ დაგხვდებათ ტანისამოსი, კერამიკის ჭურჭელი, წიგნები, სახლის ნივთები და ელექტრო მოწყობილობები. ასევე ხილ-ბოსტნეული ადგილობრივი ფერმიდან. შეიგრძენით ბაზრის ატმოსფერო და მიირთვით გემრიელი საუზმე. ღიაა ოთხშაბათობით დილის 8 საათიდან 2 საათამდე.

მაკარიოსის გამზირი/Makarios Avenue

თუ საერთაშორისო ბრენდების და ტრადიციული პროდუქციის ყიდვა გსურთ, ამ ადგილს მიაკითხეთ. ის აქტიური შოპინგ ქუჩაა აია ნაპაში. საკვები პროდუქციის გარდა, ნახავთ კერამიკის და მაქმანის ხელნაკეთ ნივთებსაც.

სტატის შოპინგ ცენტრი/Stathis Shopping Center

აქ ბიუჯეტურ ფასად პროდუქციის ეკლექტიკურ ასორტიმენტს ნახავთ. შეიძენთ: სუვენირებს, საკვებს, ალკოჰოლს და ყოველდღიურ ნივთებს. აქ ბევრი ტურისტი ეძებს ნივთებს სახლში წასაღებად. დაგხვდებათ ღვინის და ადგილობრივი ხემსების დიდი არჩევანიც, ბერძნული კოსმეტიკა და ჩანთები ბიუჯეტურ ფასებში. ღიაა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით დილის 9 საათიდან 5 საათამდე.