შესაძლოა რომი ერთ დღეში არ აშენებულა, მაგრამ მისი ერთ დღეში მოვლა ასე თუ ისე,  შესაძლებელია. თუ გსურთ 24 საათში იტალიის დედაქალაქში მაქსიმალურად ბევრი რამ ნახოთ, ამ გეგმას მიყევით:

დილა

რომში იტალიური დილა მოიცავს კაპუჩინოს და კორნეტოს, იტალიურ კრუასანს. მიაკითხეთ ახლომდებარე საცხობს ან კაფეს და ისაუზმეთ რომაულად. ქალაქი მარტივია ფეხით მოსავლელად, უბრალოდ დაიწყეთ დილით ადრე და ჩაიცვით კომფორტული ფეხსაცმელი.

ანტიკური რომის გამორჩეული ძეგლები: დაიწყეთ კოლიზეუმით, რომის უდიდესი არენით, რომელიც ერთ დროს გლადიატორებისთვის იყო განკუთვნილი. ის ხშირადაა სავსე, მაგრამ თუ ადრე მიხვალთ, ნაკლები ხალხი დაგხვდებათ. კოლიზეუმიდან გაეშურეთ პალატინოსკენ და მოინახულეთ ანტიკური ნანგრევები, შემდეგ კი დაეშვით რომაულ ფორუმთან. შეიძინეთ ბილეთები წინასწარ, რათა იქ კიოსკების ძიება და რიგში დგომა არ მოგიწიოთ.

შუადღე

იქიდან 10 წუთის ფეხით სავალ გზაზე “არეა საკრა დი ლარგო დი ტორე არგენტინა” (Area Sacra di Largo di Torre Argentina) მდებარეობს, ადგილი, სადაც იულიუს კეისარი მოკლეს. ეს ნანგრევები ქალაქში უძველესია და მისი მოსანახულებელი ბილიკი 2023 წელს გაიხსნა. ლანჩისთვის გირჩევთ: La Buca di Ripetta, სადაც მსუყე პორციების ღირებულება დაახლოებით 10 ევროა.

ლანჩის შემდეგ, გირჩევთ მოინახულოთ ვილა ბორგესი და დაისვენოთ. ის რომის საუკეთესო პარკია, სადაც სრულ რელაქსაციას შეძლებთ. დასვენების შემდეგ, შეგიძლიათ მოინახულოთ გალერეა ბორგესიც, რომელიც პარკში მდებარეობს და სკულპტურებს, მოზაიკებს და მხატვრობას წარმოგვიდგენს. აქ ივნისიდან სექტემბრამდე ღია ცის ქვეშ კინოჩვენებებიც ეწყობა.

საღამო

მუზეუმის შემდეგ, დალიეთ აპერეტივო და შეარჩიეთ ადგილი ვახშმისთვის. ერთ-ერთი გამორჩეული რესტორანია: Armando al Pantheon და მასთან ახლოს მდებარეობს ცნობილი ჟელატოს კაფეც: Giolitti, სადაც ნაყინს 1890 წლიდან ამზადებენ. ნაყინთან ერთად გაისეირნეთ პანთეონისკენ და ტრევის შადრევნისკენ. ბარებიდან გირჩევთ: Club Derrière და cocktail bar The Gin Corner.