როდესაც ადამიანები საუბრობენ საბერძნეთის კუნძულებზე, ძირითადად მათ თვალწინ წარმოუდგებათ სანტორინის და მიკონოსის სილამაზე, მაგრამ ჩვენ საბერძნეთის კიდევ ერთ უმშვენიერეს კუნძულს, ნაქსოსს გაგაცნობთ, სადაც არაა იმდენი ტურისტი რამდენიც სანტორინიზე ან მიკონოსზე, მაგრამ სიმშვენიერით არანაკლებადაა გამორჩეული.

1. ეწვიეთ აპოლოს საყდარს მზის ჩასვლისას

ნაქსოსის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ტურისტული ღირსშესანიშნაობა აპოლოს ანუ პორტარას სახელობის ლამაზი ანტიკური საყდარია (Temple of Apollo, Portara), რომელიც პატარა მთაზე მდებარეობს. ის ჩვ.წ.-ით მე-6 საუკუნეში ააგეს. მიუხედავად იმისა, რომ წლების მანძილზე ნადგურდებოდა, პორტარა დღემდე ამაყად გადმოჰყურებს ნაქსოსის სანაპირო ზოლს, ძველ ქალაქს და კუნძულის მდიდრულ კულტურულ წარსულს ასახავს. საყდარი განსაკუთრებით ლამაზია მზის ჩასვლის პერიოდში. მონახულება უფასოა 24 საათის მანძილზე.

2. დაათვალიერეთ ნაქსოსის ძველი ქალაქი

ნაქსოსის განუმეორებელი შარმი მის ულამაზეს ძველ ქალაქშია (Naxos Old Town), რომელსაც Chora-ს უწოდებენ. ნაქსოსს საუკუნეების მანძილზე სხვადასხვა ცივილიზაციები იპყრობდნენ: ვენეციელები, ბიზანტიელები, ოტომანები… აქ ვენეციურ სასახლესაც იხილავთ. შუა საუკუნეების დროს, სტრატეგიული ადგილმდებარეობის გამო, ნაქსოსი კომერციული ცენტრი იყო. ქალაქი დაცული იყო კედლებით და კოშკებით, რომელთა ნაწილი დღესაცაა შემორჩენილი. აქ იხილავთ ბერძნული კუნძულებისთვის დამახასიათებელ თეთრ ტრადიციულ სახლებს, გაისეირნებთ ვიწრო ქუჩებში და შეიგრძნობთ იდილიურ, მშვიდ, ატმოსფეროს.

3. შეისწავლეთ არქეოლოგიური მუზეუმი

თუ ნაქსოსის ისტორიის გაცნობა გსურთ, მისი არქეოლოგიური მუზეუმი საუკეთესო ადგილია. მუზეუმის ტერასაზე საუცხოოდ შემონახული მოზაიკის ნამუშევრებია და ქალაქზე მშვენიერი ხედითაც დატკბებით. მუზეუმი ღიაა დილის 9 საათიდან შუადღის 2 საათამდე სამშაბათის გარდა. შესვლის ღირებულებაა 2 ევრო.

4. დაისვენეთ სანაპიროზე

თუ საბერძნეთის რომელიმე კუნძულზე მოგზაურობთ, აუცილებლად უნდა გაატაროთ დრო ეგეოსის ზღვის კრისტალივით სუფთა წყალში. ნაქსოსში რამდენიმე სანაპიროა. Agios Georgios Beach ძველ ქალათან მდებარეობს. თუ უფრო ქალაქს მოშორებული სანაპირო გსურთ კლდეებით, Paralia Grota-ს ან Agios Prokopios-ს მიაკითხეთ.

5. დალაშქრეთ აგიოს იოანისის თეოლოგოსის საყდარი

თუ ნაქსოსში უმაღლეს წერტილს და საუკეთესო ხედს ეძებთ კუნძულზე, ამ საყდრის მონახულებას გირჩევთ – Chapel Of Agios Ioannis Theologos. ნაქსოსის ძველი ქალაქიდან აქ მარტივად ახვალთ ფეხით 30 წუთში. უბრალოდ გაყევით გზას კომფორტული ფეხსაცმლით და მთელი გზა დააკვირდებით თუ როგორ უახლოვდებით საყდარს. აქედან მოსჩანს კუნძული პაროსიც.

6. გაისეირნეთ ფროტოპაპადაკის ქუჩაზე საღამოთი

ეს ქუჩა კუნძულის მთავარი შოპინგ ქუჩაა (Protopapadaki Street) და ძალიან ცოცხალი ადგილია სასიამოვნო სეირნობისთვის. ქუჩაში ჩამწკრივებულია თევზის რესტორნები და კიოსკები ბიუჯეტური და გემრიელი გიროების მისართმევად.

7. გაატარეთ დღე ნაქსოსის კუნძულის დათვალიერებაში

გაყევით ავტობუსის ტურს, რომელიც მთელ კუნძულს მოგატარებთ და კუნძულის საუკეთესო ადგილებს გაჩვენებთ. გამორჩეული ღირსშესანიშნაობებია: დემეტრეს საყდარი (Temple of Demeter), ანტიკური საკურთხეველი, აპირანთოსის უბანი (Apiranthos) და აპოლონას სოფელი (Apollonas). ტურის ფარგლებში ამ ყველა სანახაობას იხილავთ და თავისუფალი დროც გექნებათ რელაქსაციისა და ცურვისთვის.

8. მოიწყვეთ ერთდღიანი ტური სანტორინიზე

ნაქსოსზე დასვენების დროს შეგიძლიათ სანტორინი ერთ დღეში მოინახულოთ მისი უნიკალური არქიტექტურით, თეთრი შენობებით და ლურჯი სახურავებით. ამ შემთხვევაში ნაქსოსზე დარჩენით ბევრად ბიუჯეტურად დაისვენებთ, ვიდრე სანტორინიზე და სანტორინის კუნძულსაც მოინახულებთ. შეგიძლიათ გაყვეთ ბორანს. ეწყობა ორგანიზებული ტურებიც.

9. გაატარეთ ერთი დღე მიკონოსზე

მიკონოსიც ნაქსოსის სიახლოვეს მდებარეობს და ულამაზესი ადგილებით გამოირჩევა. ორგანიზებული ტურები ბორნით წაგიყვანენ ნაქსოსიდან მიკონოსზე ან დელოსზე. მოინახულებთ ამ ულამაზეს ზღვისპირა ქალაქს, მის ქვაფენილია ქუჩებს და საკულტო ქარის წისქვილებს, რომლებიც უნიკალურ ატმოსფეროს ქმნიან. მიკონოსი სანტორინის მსგავსად, გაცილებით ძვირია ვიდრე ნაქსოსი.

10. დრო დაუთმეთ დელოსსაც

ნაქსოსიდან მიკონოსისკენ მიმავალ გზაზე, ტურის ფარგლებში გაჩერდებით დელოსშიც, პატარა კუნძულზე შთამბეჭდავი არქეოლოგიური ნიმუშებით. თუ მიკონოსის მონახულებას არ გეგმავთ, დელოსი არ გამოგრჩეთ. ანტიკურ დროს, მას წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ და აპოლოს დაბადების ადგილად იყო მოაზრებული. გამოიკვლიეთ მისი ნანგრევები, თეატრი, კლეოპატრას სახლი, მუზეუმი.