დასავლეთ ევროპაში მდებარე ბელგიას ძვირადღირებულ მიმართულებად მიიჩნევენ, მაგრამ ასე არაა. გემრიელი ქუჩის კვება, ლუდის პაბები, ხელმისაწვდომი მატარებლის ბილეთები და უფასო მუზეუმები ამ ქვეყნის ბიუჯეტურად ნახვის საშუალებას მოგცემთ. ჩვენ გირჩევთ:

არ იმოგზაუროთ სეზონზე

ბელგიაში ივლისი და აგვისტო დატვირთული სეზონია. იგივე შეიძლება ითქვას საახალწლო პერიოდზე, რადგანაც აქ საშობაო ბაზრობები ეწყობა. ფრენის ბილეთები და დასარჩენი სხვა დროს უფრო იაფია და საერთაშორისო მატარებლებიც არაა დატვირთული. ამიტომაც, გირჩევთ მარტიდან მაისის ჩათვლით და სექტემბერი/ოქტომბრის პერიოდს.

აქაური ქალაქები ფეხით სასიარულოდ მარტივია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დაგჭირდებათ

ბელგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია – ქალაქების კომპაქტურობა. მათ ადვილად მოივლით ფეხითაც. მაგალითად, ბრიუგე და მონსი მართლაც პატარა ქალაქებია, ბრიუსელში კი ყველა ღირსშესანიშნაობა ერთადაა თავმოყრილი.

ლუდის ფასები საკმაოდ ხელმისაწვდომია

ბელგია ლუდის ერთ-ერთი სამშობლოა და აქ ამ სასმელს საკმაოდ იაფად დააგემოვნებთ. ეწვიეთ პატარა ლუდსახარშებსაც დასაგემოვნებელი ოთახებით.

მიირთვით ქუჩის დახლების და ბაზრის საკვები

ბელგიაში ქუჩის კვებაც და საკვები ბაზრობებიც საკმაოდ განვითარებულია და ძვირადღირებულ რესტორნებში შესვლის ნაცვლად აქაც გემრიელად მიირთმევთ. მაგალითად, ფრი სოუსით 4.50 ევრო ღირს, ხოლო თუ ძალიან მშიერი ხართ, მიირთვით – mitraillette (ბაგეტი სავსე ფრით და ხორცით ან ფალაფელით). ტკბილი დესერტისთვის მიაკითხეთ ვაფლის სტენდებს. ბაზრებში კი მზა კვება საკმაოდ ბიუჯეტურია. მაგალითად, ბრიუსელში ყველაზე ცნობილია – The Marché de la Place Flagey.

იმოგზაურეთ მატარებლით იაფად

ბელგიაში სარკინიგზო ხაზები საკმაოდ მოწესრიგებულია და ყველა დიდ და საშუალო ქალაქში მიდის. მატარებლები კომფორტული და სანდოა. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ან ონლაინ, ან სადგურში მდგარ აპარატებში. ეცადეთ დაჯავშნოთ მგზავრობა უიქენდებზე ან დღესასწაულებზე, როცა ბილეთების ფასი ნახევრდება.

დაათვალიერეთ ფლი მარკეტები უნიკალური და ბიუჯეტური ნივთებისთვის

ბიუჯეტურმა მოგზაურებმა აუცილებლად უნდა მოიარონ ცოცხალი ფლი მარკეტები, სადაც უამრავ საინტერესო ნივთს აღმოაჩენთ. აქ ვაჭრობა უფრო იაფია, ვიდრე სუვენირების მაღაზიებში. ბრიუსელში ფლი ბაზრობა ყოველ დილით ეწყობა მოედანზე: Place du Jeu-de-Balle. გენტში ყოველ პარასკევს – Vrijdagmarkt. ლიეჟეში ბელგიის უძველესი ბაზრობა მდებარეობს – Marché de la Batte, რომელიც ყოველ კვირა დღეს იხსნება.

ეწვიეთ მუზეუმებს უფასოდ

მუზეუმების ფასები 20 ევრომდე მერყეობს, მაგრამ შეგიძლიათ უფასო მუზეუმების მონახულებით ისარგებლოთ. თუ გაინტერესებთ როგორ მუშაობს ევროკავშირი, პარლამენტარიუმი და ევროპული ისტორიის სახლი უფასოა. ხელოვნების მოყვარულებს ანტუან ვიერცის (Musée Antoine Wiertz) და მეუნიერის მუზეუმის (Musée Meunier) მონახულება შეგიძლიათ სრულიად უსასყიდლოდ. ბრიუსელსა და ვალონიაში მუზეუმების უმეტესობა თვის პირველ კვირა დღესაა უფასო. თუ სამ ან მეტი მუზეუმის მონახულებას ფიქრობთ, შეიძინეთ MuseumPass და 59 ევროდ ქვეყნის 235 მუზეუმში შეგეძლებათ შესვლა.