როდესაც მოგზაურთა უმეტესობა საუდის არაბეთს წარმოიდგენს, თვალწინ უსასრულო უდაბნო უდგება. ეს მართლაც ასეა: რუბ-ელ-ხალი (ცარიელი კვარტალი), მსოფლიოში უწყვეტი ქვიშის ყველაზე დიდი მასივი, ქვეყნის ტერიტორიის მეოთხედზე მეტს იკავებს. თუმცა, ფართობით ახლო აღმოსავლეთის ეს უდიდესი ქვეყანა, რომელიც თავისი მასშტაბებით მთელ დასავლეთ ევროპას ან აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროს უტოლდება, ლანდშაფტების გასაოცარ მრავალფეროვნებას მალავს, რაც იდეალურ პირობებს ქმნის გარე აქტივობებისა და თავგადასავლებისთვის. აქ დაგხვდებათ ნისლიანი და საიდუმლოებით მოცული მთები, ფერადი მარჯნის რიფების ხელუხლებელი წყალქვეშა ბაღები და მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, პალმებით სავსე, განმარტოებული ხეობების თავზე.

დაამატეთ საუდის არაბეთის ეს საუკეთესო აქტივობები თქვენს სამოგზაურო გეგმას და აღმოაჩინეთ ქვეყნის სრული გეოგრაფიული მრავალფეროვნება:

1. სკუბა-დაივინგი და სნორკელინგი წითელ ზღვაში

ბიომრავალფეროვნების მწვერვალი, წითელი ზღვა, ნამდვილი სათამაშო მოედანია სკუბა-დაივერებისა და სნორკელინგის მოყვარულთათვის. თევზის იმ სახეობების 15%, რომლებსაც აქ წყალქვეშა სათვალით დაინახავთ, მსოფლიოს სხვა არცერთ კუთხეში არ გვხვდება. წითელი ზღვის გარშემო მდებარე რვა ქვეყნიდან საუდის არაბეთს ყველაზე გრძელი და, ამავდროულად, ერთ-ერთი ყველაზე ხელუხლებელი სანაპირო ზოლი აქვს, რადგან აქ მოხვედრა ადრე საკმაოდ რთული იყო. საუდის არაბეთის „წითელი ზღვის პროექტმა“ რომელიც 90 კუნძულისგან შემდგარ არქიპელაგზეა გაშენებული, ეს საოცარი ლანდშაფტი კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა. კუნძულოვან სასტუმროსთან სახელად: “St Regis Red Sea Resort”, მხოლოდ ნავით ან წყლის თვითმფრინავითაა მისვლა შესაძლებელი. წითელი ზღვის კურორტებზე ყველა წყალქვეშა აქტივობას კომპანია “Galaxea” უზრუნველყოფს, რომელსაც სხვადასხვა კუნძულის სასტუმროებში რამდენიმე ფილიალი აქვს.

2. გამოსცადეთ „ვია ფერატა“ უდაბნოს კლდეებზე

„წითელი ზღვის პროექტი“ მოიცავს როგორც ზღვისპირა სანაპიროებს, ისე ხმელეთის სიღრმეში მდებარე უდაბნოს. სწორედ აქ, ულამაზეს ხეობაში ჩაფლული კურორტი სახელად “Desert Rock Resort”-ია განთავსებული, რომლის ნომრებიც მთებში იმალებიან. აქტივობების მენიუში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი არჩევანია „ვია ფერატას“ გამოცდა. ეს აქტივობა აერთიანებს კლდეზე ცოცვისა და ექსტრემალური გადაადგილების ელემენტებს, ბოლოს კი მიწაზე დაშვება ზიპლაინით ხდება. თუ ეს თქვენთვის ზედმეტად ექსტრემალურია, მაგრამ ადრენალინის მცირე დოზა მაინც გსურთ, ესტუმრეთ მთის წვერზე მდებარე ობსერვატორიას, რომლამდეც დაკიდებული საბაგირო ხიდითა ახვალთ.

3. იფრინეთ საჰაერო ბუშტით ალ-ულას (ALULA) თავზე

როდესაც საჰაერო ბუშტის კალათაში ჩადგამთ ფეხს და საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი რეგიონის, ალულას თავზე ლივლივს დაიწყებთ, თავი შესაძლოა სიზმარში გეგონოთ. თქვენს ქვემოთ, ასობით მეტრის სიღრმეზე, ჭრელი ხალიჩასავით გადაიშლება აქლემისფერი, მშრალი უდაბნოს პეიზაჟები, რომლებსაც პალმების მწვანე პლანტაციები კვეთს.

თუმცა, ნამდვილი კულმინაცია უძველესი ცივილიზაციის მეორე უმნიშვნელოვანესი ქალაქის, ჰეგრას, ანტიკური სამარხების ზედხედით ხილვაა (მათი დედაქალაქი პეტრა თანამედროვე იორდანიის ტერიტორიაზე მდებარეობს). ჰეგრას პეტრასთან შედარებით ბევრად ნაკლები ტურისტი სტუმრობს, მზის ამოსვლისას კი თქვენ იქნებით იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის, ვინც ამ სილამაზეს ზემოდან გადახედავს.

4. გაიარეთ არაბული ასტრონომიის გაკვეთილი

მსოფლიოში ცოტაა ისეთი ადგილი, სადაც ღამის ცა ისეთივე კაშკაშა და სუფთაა, როგორც ალ-ულასას ტერიტორიაზე. აქ სიდიდით მსოფლიოში მესამე „ბნელი ცის პარკი“ (Dark Sky Park) მდებარეობს. უსასრულო სამყაროსთან კიდევ უფრო დაგაახლოებთ ვარსკვლავებისა და თანავარსკვლავედების შესახებ ადგილობრივი ამბების მოსმენა. ადრეული ისლამური ეპოქის ასტრონომებმა შემოინახეს და განავრცეს ძველი ბერძნული და რომაული ცოდნა ცის შესახებ, და ბევრი ვარსკვლავის სახელი, რომლებსაც დღეს ინგლისურში იყენებენ, სწორედ არაბული წარმოშობისაა. ალ-ულაში შეგიძლიათ ვარსკვლავებს გარამილის (Gharameel) ნაკრძალში დააკვირდეთ. „წითელი ზღვის პროექტის“ ტერიტორიაზე კი კურორტი “Desert Rock Resort” სახურავზე დამონტაჟებული ტელესკოპით პლანეტების ძიების საოცარ ღამეს გპირდებათ.

5. მოაწყვეთ საფარი ჰეგრას გარშემო

ისტორიით აღსავსე ჰეგრა ყველაზე მეტადაა ცნობილი თავისი კლდეში ნაკვეთი შთამბეჭდავი სამარხებით, რომელთაგან ზოგიერთი რამდენიმე სართულის სიმაღლისაა; თუმცა, ამ ადგილის სილამაზის აღმოჩენის ნაკლებად ცნობილი გზა ველური ბუნების ტურია. დიდი, ღია ჯიპები ვიზიტორთა ცენტრიდან მიემართებიან შემოღობილ ტერიტორიაზე, სადაც აღადგინეს არაბული ქურციკების (ანტილოპების), ნიამორებისა და სირაქლემების პოპულაციები. ეს მნახველებს აძლევს შანსს, დატკბნენ მდიდარი ბუნებით საუდის არაბეთის იუნესკოს პირველი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარშემო. ეს და უამრავი სხვა აქტივობა შეგიძლიათ დაჯავშნოთ აპლიკაციაში Experience AlUla, რომელიც საუკეთესო დამხმარეა ამ რეგიონში თავგადასავლების ორგანიზებისთვის.

6. ილაშქრეთ კულტურულ მემკვიდრეობაში: რიჯალ ალმაში (RIJAL ALMAA)

ასირის რეგიონი ის არაბეთია, რომლის შესახებ ალბათ არასდროს გსმენიათ. ეს არის სამხრეთ საუდის არაბეთის ნაწილი, სადაც ღვიით დაფარულ, მთებს ციცაბო, ზიგზაგისებური გზები კვეთს. ნისლის ღრუბლები მუდმივად დასტრიალებენ მთის მწვერვალებს, მათ შორის საუდის არაბეთის უმაღლეს მწვერვალს, 3015 მეტრის სიმაღლის ჯაბალ საუდას (Jabal Soudah). ამ მკაცრ ქედებს შორის მოქცეულია ხეობები ასობით საუკუნოვანი სოფლით, რომელთაგან ზოგიერთში დღემდე ცხოვრობენ, ზოგი კი მიტოვებულია. თუ მხოლოდ ერთი სოფლის მონახულების დრო გაქვთ, აირჩიეთ რიჯალ ალმა, რომელიც VIII საუკუნით თარიღდება და ამ რეგიონის ქვის არქიტექტურის საუკეთესო ნიმუშებს ინახავს.

7. მოწყდით ცივილიზაციას ვადი დისაში (WADI DISAH)

თუ გსურთ ყველაფერს საბოლოოდ მოწყდეთ, ალ-ულას ჩრდილო-დასავლეთით მდებარე შორეულ ვადი დისას უნდა ეწვიოთ, რომელიც პრინც მუჰამედ ბინ სალმანის სამეფო ნაკრძალის ნაწილია. პალმებით და პატარა ნაკადულებით სავსე ეს ხეობა საუკეთესო გასაქცევია საუდის არაბეთის ხმაურიანი ქალაქებისგან დასასვენებლად. ტურისტული ინფრასტრუქტურა აქ მინიმალურია, თუმცა იმ ქვეყანაში, სადაც უზარმაზარი განვითარება თითქმის ყველა კუთხეში იგრძნობა, ეს სიმარტივე მისი ხიბლის ნაწილია.

8. დადექით „სამყაროს კიდეზე“

კირქვისგან შემდგარი ტუვაიკის ქედი ცენტრალურ საუდის არაბეთში 800 კილომეტრზეა გადაჭიმული. ეს ისეთი დიდებული სანახაობაა, რომლის არსებობასაც აქ ალბათ ვერც კი წარმოიდგენდით. მისი ყველაზე პოპულარული წერტილია „სამყაროს კიდე“, სადაც დედაქალაქ რიადიდან ერთდღიანი მოგზაურობით მოხვდებით. ტალღოვანი კლდოვანი ნაპრალები და სვეტები 300 მეტრზე მეტ სიმაღლეზეა აღმართული დიდი ხეობის თავზე. ეს ადგილი სიურეალისტური და მომხიბვლელია, განსაკუთრებულ ატმოსფეროს კი მზის ამოსვლისა და ჩასვლისას იძენს. მნახველთა უმეტესობა „სამყაროს კიდეზე“ მოსახვედრად ტურს უერთდება, რადგან აქ ორხიდიანი ავტომობილია საჭირო, მარშრუტი კი უგზოობაზე გადის და არანაირი საგზაო ნიშანი არ არის.

9. შედგით ფეხი „ცარიელ კვარტალში“

ეს „ცარიელი კვარტალი“, მსოფლიოში უდიდესი “ქვიშის ზღვა”, მუდამ აღიქმებოდა, როგორც „არავის მიწა“. მიუხედავად ამისა, აქაც არის სიცოცხლე: ბედუინთა სეზონური ბანაკებიდან დაწყებული, უდაბნოს ველური ბუნებით დამთავრებული. „ცარიელი კვარტალი“ ოთხი ქვეყნის: ომანის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და იემენის საზღვრებს კვეთს, თუმცა მისი დაახლოებით 80% საუდის არაბეთში მდებარეობს. აქ წელიწადში 3.3 სანტიმეტრზე ნაკლები ნალექი მოდის, რაც მას დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე მკაცრ და დაუნდობელ ადგილად აქცევს.

10. ჩაიხედეთ ვაჰბას კრატერში (WAHBA CRATER)

ეს გიგანტური კრატერი შეიძლება გალაქტიკათშორის ობიექტს ჰგავდეს, თუმცა სინამდვილეში ვულკანური ამოფრქვევის შედეგად გაჩნდა. იგი წარმოიქმნა მაშინ, როდესაც მიწისქვეშა წყლები მდნარ, გავარვარებულ ლავას შეეჯახა, რამაც 4 კმ სიგანისა და 249 მეტრის სიღრმის ორმო წარმოქმნა. დღეს მის ცენტრში კაშკაშა თეთრი „ტბაა“, რომელიც ნატრიუმის ფოსფატის გამხმარი კრისტალებისგან შედგება. კრატერის შიგნით ჩასვლა აკრძალულია, ამიტომ მისი დიდებულებით ტკბობა მხოლოდ კიდიდან შეგიძლიათ. ვაჰბას კრატერი  ჯიდადან დაახლოებით 320 კილომეტრშია, ხოლო მედინადან, 275 კილომეტრში.