საფრანგეთი აერთიანებს მსოფლიოს ცნობილ მუზეუმებს, საუკუნეების ისტორიას და აცოცხლებს ხელოვნებას. დედაქალაქის საკულტო ლუვრიდან დაწყებული, ქვეყნის ლეგენდარული საგანძურებით დამთავრებული, ჩვენ საფრანგეთის ტოპ მუზეუმებს გირჩევთ.
1. ლუვრი (პარიზი)
პარიზის ცნობილი ლუვრი 4 სართულზე 35000-ზე მეტ ხელოვნების ნიმუშს აერთიანებს. იმისათვის, რომ ყველა ნამუშევარს მხოლოდ 1 წუთით შეხედოთ, 24 დღე დაგჭირდებათ. მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ხელოვნების მუზეუმში დატკბებით ეზოთი და ბაღითაც.

2. პარფიუმერიის საერთაშორისო მუზეუმი (პროვანსი)
გრასის პარფიუმერიის მუზეუმი საფრანგეთის პროვანსის და კოტ-დაზურის რეგიონის აუცილებლად მოსანახულებელი ადგილია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პარფიუმერია არ გიტაცებთ. მე-18 საუკუნის შენობაში არსებული ეს მუზეუმი სუნამოს ინდუსტრიის განვითარებას გვიხატავს. აქ ნახავთ მარია ანტუანეტას ვინტაჟურ სუნამოებს და პოსტერებს და ბევრ ინფორმაციულ პანელს.

3. კარიერ ველინგტონი (არასი)
ეს საუკეთესო ადგილია პირველი მსოფლიო ომის ისტორიის შესასწავლად. 1916 წელს მოკავშირეთა და გერმანიის ძალები ჩიხში მოექცნენ: ფრონტის ხაზი გაიყინა. გერმანიის ფრონტის ხაზის გასარღვევად მოიფიქრეს გეგმა, რომლის მიხედვითაც შეტევა მიწისქვეშეთიდან, ქალაქ არასიდან გაგზავნილი ჯარებით უნდა დაწყებულიყო. საქმეში ახალ ზელანდიელი მაღაროელები ჩართეს, რომლებმაც ექვსი თვის განმავლობაში თავდაუზოგავად იშრომეს, რათა შეექმნათ გვირაბების ქსელი, რომელიც დღეს „კარიერ ველინგტონის“ (Carrière Wellington) სახელითაა ცნობილი. ჯარისკაცები ძირითადად მიწისქვეშ ცხოვრობდნენ, ეწეოდნენ, კარტს თამაშობდნენ და ელოდნენ ხელსაყრელ მომენტს, რათა ეს ჩიხური მდგომარეობა დაესრულებინათ. დღეს შეგიძლიათ მოიწყოთ საოცრად საინტერესო, დაახლოებით საათნახევრიანი (1 სთ და 15 წთ) ტური გვირაბებში გიდთან ერთად. მნახველებისთვის ასევე ხელმისაწვდომია აუდიოგიდები და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, რომელიც ასახავს ქალაქ არასის როლს ომამდელ და ომის შემდგომ პერიოდში. გვირაბები მიწისქვეშ 20 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს, საკმაოდ ნესტიანია და ძალიან ცივა, ამიტომ თბილად ჩაიცვით.

4. პრეისტორიის ეროვნული მუზეუმი (დორდონი)
ეს საოცარი ნახევრად შატოს შენობა, რომელიც კლდეზეა აგებული, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის პრეისტორიულ არტეფაქტებს წარმოგვიდგენს. გამოქვაბული ღიაა აპრილიდან ნოემბრამდე.

5. ნარბო ვიას მუზეუმი (ნარბონი)
ანტიკური რომაული ქალაქი ნარბონი მის გარშემო საყდრებს და ნანგრევებს აერთიანებს. საუკეთესო არტეფაქტები მისი მუზეუმის გალერეებშია წარმოდგენილი.

6. დიჟონის ხელოვნების მუზეუმი
ბურგუნდიის ჰერცოგის ყოფილ სახლში, დუკის სასახლეში მდებარე დიჟონის ეს მუზეუმი საფრანგეთის სიდიდით რიგით მეორე ხელოვნების მუზეუმია ლუვრის შემდე. აქ იხილავთ ანტიკური ეგვიპტური ხელოვნების კოლექციასაც. აქ დაცულ შედევრებს შორისაა, რუბენსის, კლოდ მონეს და ჰენრი მატისეს ნამუშევრები. ღიაა ყოველდღე სამშაბათის გარდა.

7. კონფლიუანსის მუზეუმი (ლიონი)
ეს არქიტექტურულად შთამბეჭდავი მუზეუმი, ნახევარკუნძულის სამხრეთ კიდეზე, მდინარეების: რონისა და სონას შესართავთან მდებარეობს (აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც: „Confluences“, რაც შესართავს ნიშნავს). შენობა ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც თავად მასში დაცული კოლექციები. ეს ასიმეტრიული, უჩვეულო კონსტრუქცია ლიონის ერთ-ერთი ყველაზე სიმბოლური ღირსშესანიშნაობაა. შენობის შიგნით მუდმივი გამოფენები თემატურადაა დაყოფილი, ხოლო დროებითი ექსპოზიციები კონკრეტულ თემებს უფრო ღრმად და დეტალურად აშუქებს.

8. იმიგრაციის ისტორიის მუზეუმი (პარიზი)
დღეს არტ-დეკოს ეს მარგალიტი იმიგრაციის ისტორიის მუზეუმს მასპინძლობს. ეს არის პოლიტიკურად აქტუალური მუზეუმი, რომელიც საფრანგეთში იმიგრაციის ისტორიას იკვლევს და მიზნად ისახავს მეტი კულტურული ურთიერთგაგების ხელშეწყობას. საგამოფენო კოლექცია ნათელს ჰფენს მიგრანტების გამოცდილებას და მათ უდიდეს წვლილს ფრანგულ ცხოვრებაში, როგორც ისტორიულად, ისე თანამედროვეობაში.

9. პომპიდუს ცენტრი (პარიზი და მეტზი)
პარიზში ვიზიტი ამ ცენტრის მონახულების გარეშე არ უნდა დაასრულოთ. აქ თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კოლექციაა დაცული. აღსანიშნავია მისი არქიტექტურა. პომპიდუ აერთიანებს ფოტოგრაფიას, ფილმებს, მხატვრობას და ნახატებს 1905 წლიდან დღემდე. ორ სართულზე განაწილებულია ისეთი თანამედროვე ხელოვნების ნიმუშები, მათ შორის ენდი უორჰოლის.

10. ხელოვნებისა და ხელოსნობის მუზეუმი (პარიზი)
ამ მუზეუმის შენობის შიგნით გამოგონებების წარსული და მომავალი ერთმანეთს ერწყმის. უძველესი სამეცნიერო ინსტრუმენტებიდან დაწყებული, რევოლუციური ტექნოლოგიური მიღწევებით დამთავრებული, მუზეუმი იკვლევს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ღრმა გავლენას საზოგადოებაზე. ეს მრავალფეროვანი კოლექცია მოიცავს სამეცნიერო ხელსაწყოებს, მექანიკურ მოწყობილობებს, სატრანსპორტო საშუალებებს, საკომუნიკაციო აღჭურვილობას და ბევრ სხვას. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ისეთ სიმბოლურ გამოგონებებს, როგორიცაა ბლეზ პასკალის „პასკალინა“ (ერთ-ერთი პირველი მექანიკური კალკულატორი) და თავად ბარტოლდის მიერ შექმნილი თავისუფლების ქანდაკების ორიგინალი მოდელი.

11. პიკასოს მუზეუმი (ანტიბე)
პიკასოს მუზეუმი მე-14 საუკუნის გრიმალდის შატოში მდებარეობს, სადაც ამ არტისტს სტუდია 1946 წელს ჰქონდა. დღეს კი მის საოცარ ნამუშევრებს ინახავს. პიკასომ ერთხელ თქვა: თუ გსურს გაიცნო პიკასო ანტიბედან, მაშინ მას ანტიბეში უნდა ესტუმრო”.

12. კრისტიან დიორის მუზეუმი (ნორმანდია)
თუ ფრანგული მაღალი მოდა გიტაცებთ, ეწვიეთ ამ ცნობილი ფრანგი დიზაინერის მუზეუმს გრანვილში, ნორმანდიაში. ამ ბაღებმა მოგვიანებით დიორს თავისი კაბების დიზაინის შექმნა შთააგონა. ეს მისი ბავშვობის სახლია, სავსე მოგონებებით. ის ღიაა აპრილიდან ნომებრამდე.











