შესაძლოა ათენში ანტიკური ისტორიისთვის ჩახვედით, მაგრამ ზაფხულში მოგზაურობის დროს, გასაგრილებელი ადგილიც გჭირდებათ. შეუერთდით ადგილობრივებს ქალაქის რომელიმე სანაპიროზე. ისინი ახლოსაა ქალაქის ცენტრიდან.
გლიფადას სანაპირო/Glyfada Beach
ათენის ცენტრიდან გლიფადაზე ტრამვაით მოკლე დროში მოხვდებით. ეს სანაპირო გრძელი და ფართოა, ამიტომაც, ბევრ მსურველს იტევს. ეგეოსის სანაპირო ზოლიდან, წყალი აქ ყველაზე სუფთაა და ცივ გემრიელ ლუდსაც დააგემოვნებთ.

ედემის სანაპირო/Edem Beach
რესტორნები, კაფეები, საბავშვო სივრცეები – ქალაქის ცენტრიდან 7 კილომეტრში მდებარე ეს სანაპირო ყველანაირადაა აღჭურვილი. ედემის სანაპიროზე წყლის და ქვიშის ხარისხი საკმაოდ მაღალია, ამიტომაც აქ სასიამოვნო დღეს გაატარებთ.

რივიერას სანაპირო/Riviera Beach
ამ ქვიან სანაპიროზე სასიამოვნო შეგრძნებებს მიიღებთ. რივიერაზე შეკრება ბერძნებს ძალიან უყვართ – ხვდებიან მეგობრებს და ათვალიერებენ იახტებს აქვე მდებარე პატარა პორტში. სანაპიროს კაფე ყავით, კოქტეილებით და წასახემსებლებით გაგიმასპინძლდებათ. თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ, გადაცურეთ პატარა კუნძულ კუმუნდურუზე.

ვოტსალაკიას სანაპირო/Votsalakia Beach
საოცრად რბილი ქვიშა აქ სანაპიროს სპორტს განსაკუთრებით სასიამოვნოს ხდის. შეგიძლიათ ფეხშიშვლებმა ითამაშოთ ხელბურთი, კალათბურთი და ჩოგბურთი. აქვე შეგიძლიათ უყუროთ ფილმებს დიდ ეკრანზე, რაც მზის ჩასვლის პერიოდს განსაკუთრებით რომანტიკულს ხდის.

აკტი ტოუ ილიოუ/Akti tou Iliou
ამ კერძო სანაპიროზე შესვლა ფასიანია, თუმცა თანხის გადახდას ნამდვილად არ ინანებთ. მარგალიტივით ქვიშა, ლამაზი ზეთისხილის ხეები და თანამედროვე ინტერიერის მქონე ბარ-რესტორნები: მოგანიჭებთ განცდას, თითქოს ძალიან შორს იმყოფებით, მაშინ, როცა ქალაქის ცენტრიდან სულ რაღაც 7 კილომეტრში ხართ.

ფრეატიდას სანაპირო/Freatida Beach
აქ ბევრ ტურისტს ვერ ნახავთ, ფრეატიდა ძირითადად მხოლოდ ადგილობრივებით ივსება. ბევრი კაფის მიუხედავად, შეგიძლიათ საპიკნიკოდ მომზადებულები წამოხვიდეთ და ლამაზი ხედებით დატკბეთ.

მპატის სანაპირო/Mpati Beach
მპატი მუსონის და ედემის სადგურებს შორის მდებარეობს და ერთ-ერთი ყველაზე მარტივად მისასვლელი სანაპიროა. ქვიშა რბილი და სუფთაა და სხვადასხვა აქტივობების საშუალებას იძლევა.

აგიოს კოსმას სანაპირო/Agios Kosmas Beach
აგიოს კოსმას მატარებლის გაჩერებიდან 20 წუთის სავალ გზაზე ათენელების კიდევ ერთ საყვარელ სანაპიროს მიაგნებთ. აქ საკვები ობიექტები არ დაგხვდებათ, ამიტომაც წყალი და ხემსი თავად იქონიეთ. საღამოობით ეს აუზის მსგავსი სანაპირო ახალგაზრდების თავშეყრის ადგილად იქცევა, რადგანაც ერთ-ერთი ცნობილი ღამის კლუბი იხსნება.











