თუ ათენში შეზღუდული დროით იმყოფებით და მისგან მაქსიმალურის მიღება გსურთ, ჩვენს ორდღიან მარშრუტს გთავაზობთ.

როგორც იცით, საბერძნეთი სავსეა შთამბეჭდავი და აუცილებლად სანახავი ადგილებით, ამიტომაც ბუნებრივია თუ დედაქალაქზე მხოლოდ ორ დღეს მოიტოვებთ. თუ ამ 48 საათს არა შაბათ-კვირას, არამედ სამუშაო დღეებში გეგმავთ, აუცილებლად შეამოწმეთ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის გახსნის დრო. გაითვალისწინეთ, რომ სამუშაო საათები იცვლება სეზონურადაც.

ჩასვლის დღე

როგორც კი სასტუმროში ბარგს დატოვებთ, გირჩევთ დარჩენილი საღამო პლაკასა და მონასტირაკზე სეირნობაში გაატაროთ. აქ ათენის ყველაზე ტრადიციულ ნაწილს იხილავთ.

დაიწყეთ მონასტირაკის მოედნიდან, ქალაქის ისტორიული ცენტრის პლაზიდან და ათენელების ცხოვრების ეპიცენტრიდან! იქიდან გაუყევით ერმოუს ქუჩას სინტაგმას მოედნისკენ, სადაც ჰელენიკის პარლამენტი დგას. შემდეგ ადრიანოუს ქუჩაზე გადაინაცვლეთ. მისი დასავლეთ მხარე სავსეა ფანტასტიკური რესტორნებით ხედებით აკროპოლისზე. აღმოსავლეთ ნაწილში კი ბევრი სუვენირების მაღაზიაა.

თუ ქალაქის ღამის ცხოვრება გაინტერესებთ, ათენის ორ უბანს გირჩევთ: ტისეიოს (Thiseio) – ტრადიციულს პოპულარული ბარებით და ფსირის (Psiri) – უამრავი ბარით, კლუბითა და კაფეთი.

დღე 1

პირველი სრული დღე დაიწყეთ აკროპოლისით, მსოფლიოში ცნობილი კომპლექსით მთაზე. საუკეთესო გზაა წახვიდეთ პლაკას გამზირით და გადაინაცვლოთ ანაფიოტიკას ვიწრო ქუჩებზე, პატარა და ფოტოგენურ უბანში. აქ ბევრი მიმთითებელი ნიშანი არ დგას, ამიტომაც კითხეთ გზა ადგილობრივებს. იმისათვის, რომ აკროპოლისი ტურისტებით გადატვირთული არ დაგხვდეთ, გაემართეთ ადრიანად. ასე, უფრო ბევრ რამესაც მოასწრებთ.

აკროპოლისი ანტიკური ბერძნული მონუმენტების სახლია, მათ შორის გასაოცარი პართენონის. როცა ყველაფერს დაათვალიერებთ, ჩადით სამხრეთ ნაწილში და იხილეთ დიონისეს თეატრი, დათარიღებული ჩვ.წ-მდე მე-6 საუკუნით. ის თავის დროზე 17000 მაყურებელს იტევდა.

დაეშვით დაბლა ტისეიოში, ჩაყევით ადრიანოუს ქუჩას იქამდე, სანამ ძველ აგორასთან არ მიხვალთ, ყველაზე ცნობილ ბერძნულ, ანტიკურ აგორასთან. ყველაზე შთამბეჭდავი ნაგებობა აქ ჰეფესტოსის საყდარია.

გზა გააგრძელეთ ჰადრიანის ბიბლიოთეკამდე. დღესდღეობით ის პრაქტიკულად შემორჩენილი აღარაა, მაგრამ ნანგრევებს ულამაზესი ბიბლიოთეკის კვალი ატყვია.

ამ ადგილთან საკმაოდ ახლოსაა რომაული აგორა და ქარის კოშკი. ეს უძველესი კოშკი ერთ დროს ქვიშის და წყლის საათს აერთიანდებდა. მე-6 საუკუნეში ის ეკლესიად გადააკეთეს.

ამასობაში ლანჩის დროც მოაღწევს. მონასტირაკი და პლაკა საუკეთესო ადგილებია ბერძნული სამზარეულოს დასაგემოვნებლად. აქ სწრაფი კვების ობიექტებსაც მიაგნებთ.

შემდეგი გაჩერება აკროპოლისის მუზეუმი. იპოვნეთ გზა უკან ადრიანოუს ქუჩაზე და გაყევით ბულვარამდე. ვირონოს ქუჩის გავლით, ჩაუარეთ დიონისეს თეატრს და მუზეუმსაც მიადგებით.

ათენის ყველაზე პოპულარული მუზეუმის დათვალიერების შემდეგ, გირჩევთ შუადღის დარჩენილი ნაწილი ათენის ქუჩებში გაატაროთ, რათა ქალაქი უკეთ შეიგრძნოთ. შეგიძლიათ გამოიკვლიოთ ერმოუს ქუჩა სინტაგმას მოედნამდე.

სტადიოუს და პანეპისტიმოუს ქუჩები პოპულარული ქუჩებია შოპინგისთვის. თუ ძვირადღირებული ბუტიკები გაინტერესებთ, გაეშურეთ ვუკურესტიოს ქუჩაზე კოლონაკისკენ.

ცოტაოდენი შოპინგის შემდეგ დაიძარით ლიცაბეტუსის მთისკენ და დალიეთ რამე გემრიელი პანორამულ ტერასაზე. ეს მთა ზღვის დონიდან 300 მეტრზე მდებარეობს და დედაქალაქის საუკეთესო ხედებს წარმოგვიდგენს. აქ დღეც და ღამეც ერთნაირად სასიამოვნოა და შეგიძლიათ ფეხითაც ახვიდეთ და ფუნიკულიორსაც აყვეთ.

დღე 2

მეორე დღის პირველი გაჩერება – პარლამენტია, სინტაგმას მოედანთან. აქ იხილავთ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი გუშაგების პომპეზურ შეცვლას დილის 11 საათზე.

ამ ცერემონიის შემდეგ პანეპისტიმოს ქუჩით ომონიას მოედნამდე მიდით. პანეპისტიმო ლამაზი შენობებით მოგხიბლავთ, მათ შორის ეროვნული ბიბლიოთეკით.

პატისიონის ქუჩაზე შეუხვიეთ ეროვნულ არქეოლოგიის მუზეუმთან – ეს ათენის რიგით მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი მუზეუმია. აუცილებლად ეწვიეთ მის გალერეას!

მუზეუმის გამოსასვლელთან ჩადით მეტროში, გააჩერეთ ტაქსი ან წადით ფეხით ზევსის საყდართან, აკროპოლისის მეტროს გაჩერების სიახლოვეს.

შემდეგ, განაგრძეთ გზა პანათენაიკის სტადიონამდე, სადაც პირველი თანამედროვე ოლიმპიური თამაშები გამართეს. აუდიო ტური საკმაოდ საინტერესოა და ამ სპორტული ღონისძიების ისტორიას გაგაცნობთ.

შემდეგი გაჩერება ეროვნული პარკია, მშვენიერი დასასვენებელი ადგილი ათენის დატვირთული ქუჩებისგან მოსაწყვეტად. პარკის ჩრდილოეთ გასასვლელიდან სინტაგმას მოედანზე მოხვდებით.
თუ ღამით მიფრინავთ, მეტი დრო აღარ დაგრჩებათ, ამიტომაც ივახშმეთ სინტაგმას მოედანზე და დატკბით მიმდებარე არეალით.

2 დღეზე ცოტა უფრო მეტი დრო გაქვთ?
მაშინ იხილეთ შთამბეჭდავი პიროსის პორტი, ბენაკის მუზეუმი ან კერამეიკოსი – ანტიკური სასაფლაო.

ახლომდებარე ქალაქებიდან გირჩევთ: დელფის, ოლიმპიას, ეპიდაურუსს, კორინთს და მეტეორას.